ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის პოლიტიკური მომავალი | სომხეთის შიდა და საგარეო კრიზისები

3 თებერვალი, 2021 •
ფაშინიანის პოლიტიკური მომავალი | სომხეთის შიდა და საგარეო კრიზისები

[red_box]Content[/red_box]

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი


2021 წლის პერსპექტივები: შიდა პოლიტიკა

უკმაყოფილების თავდაპირველი ტალღა, რომელიც სომხეთში 2020 წლის 9 ნოემბრის კაპიტულაციური განცხადების შემდეგ აგორდა, დღესაც არ გამქრალა და ქვეყანაში სიტუაცია სტაბილიზაციისგან შორსაა. პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის კონტროლქვეშ მყოფი პარლამენტი კვლავ იღებს კანონებს, რომლებიც ოპონენტების დევნის საშუალებას აძლევს. თავის მხრივ, არც ოპოზიცია არ შეეგუა იმას, რომ დამარცხებული ლიდერი კვლავ ხელისუფლებაში რჩება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შიდაპოლიტიკური სიტუაცია 2021 წელსაც ტურბულენტური იქნება.

არსებობს ორი უკიდურესი სცენარი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს თვეებში. თუკი არაფერი შეიცვლება, ფაშინიანი საბოლოოდ ისევ მოახერხებს ხელისუფლების გაერთიანებას და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ თუ ფორმალურ საბაბს ოპოზიციის დასარბევად, მასობრივი დაპატიმრებების ჩათვლით.

თუმცა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებიც, რომლებიც არ ემორჩილებიან პრემიერს – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სასამართლო სისტემა და პრეზიდენტი. ამასთან, ძლიერი ზეწოლაა მოსალოდნელი ოპოზიციურ მედიაზე და სომხეთის აპოსტოლურ ეკლესიაზე. ამის ყველა ნიშანი უკვე სახეზეა.

არსებობს ალტერნატიული სცენარიც – ოპოზიციის გამარჯვება. ფაშინიანის ხელისუფლება ჯერ კიდევ არ არის კონსოლიდირებული და ფუნდამენტურად დასუსტებულია, რადგანაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში ლეგიტიმურობა არ აქვს.

ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, პროფაშინიანის უმრავლესობას საფრთხე ემუქრება. იმ დეპუტატებს, ვინც უკვე დატოვა პარლამენტში ფრაქცია, ათეულობით სხვა დეპუტატი დაემატება; წარმოიქმნება გარდამავალი ორგანოები, მაგალითად, დროებითი მთავრობა. თავად ფაშინიანი კი, იძულებული იქნება ქვეყნიდან წავიდეს ან სასამართლოზე სახელმწიფო ღალატისა და კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით წარდგეს. გადაიხედება ფაშინიანის პოლიტიკა სრულად და დიდი ალბათობით, მმართველობის საპრეზიდენტო ფორმა აღდგება.

ფაშინიანის მიერ ხელისუფლების კონსოლიდირების სცენარი დღეს უფრო რეალისტურად გამოიყურება. მას ემსახურება სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე მედიაქსელი, რომელიც სოციალურ ქსელებში ათასობით ყალბი ანგარიშისგან შედგება, ასევე, ანონიმური YouTube არხები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია Perfect.tv [ყოველდღიურად ასეულობით ათასი ვიზიტორი]. მათი მეშვეობით ფაშინიანი, რომელსაც მედიამაუწყებლებზე ნაკლები წვდომა აქვს, მთლიანად დომინირებს გავრცელებული ინფორმაციის დონეზე.

სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ დღესდღეობით ფაშინიანის მხარდაჭერა თითქმის 40%-ია, რაც მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით არ არის დაბალი მაჩვენებელი. დაახლოებით ამდენივე მის წინააღმდეგია, 20% კი ვერ გარკვეულა, ვის უჭერს მხარს. თუმცა მათგან, ვინც ფაშინიანის წინააღმდეგია, ძალიან ცოტაა მზად, მხარი დაუჭიროს ამჟამინდელ ოპოზიციას, რომელიც ელექტორატის მობილიზაციისთვის უკიდურესად მოძველებულ ტექონოლოგიებს იყენებს.

შესაბამისად, მოდელში “სუსტი ხელისუფლება სუსტი ოპოზიციის წინააღმდეგ” ჯერჯერობით იმარჯვებს სუსტი ხელისუფლება, თუმცა სიტუაცია მაინც მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს.

2021 წლის პერსპექტივები. საგარეო პოლიტიკა და კონფლიქტი

საახალწლო დღესასაწაულებმა სომხეთში დაპირისპირების ტალღა შეამცირა, ცხოვრება ჩვეულ ტემპს უბრუნდება, თუმცა ეს ზედაპირული აღქმაა. ამ დრომდე არ არის დარეგულირებული მრავალი საკითხი. აზერბაიჯანს ამ დრომდე, სხვადასხვა მონაცემით, 200-მდე სომეხი ტყვე ჰყავს. მათ შორის არიან სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები. გარდა ამისა, გზები, ინფრასტრუქტურა სომხეთის სამხრეთით, აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა. მთიანი ყარაბაღის სომხეთის მიერ კონტროლირებად ნაწილთან მიმოსვლა უსაფრთხო არ არის. რუსეთის გავლენა იქ მკვეთრად გაიზარდა, სომხეთის კი შემცირდა.

იმის მიუხედავად, რომ ომი 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების საფუძველზე შეწყდა, სიტუაცია შორსაა დარეგულირებისგან. კერძოდ, 9 ნოემბრის შემდეგ ორი ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც, ჯამში, 15 სომეხი ჯარისკაცი მოკლეს. ესკალაცია არც მომავალშია გამორიცხული. დღესდღეობით აზერბაიჯანსა და თურქეთში აქტიურად ვრცელდება რუკები, სადაც სომხეთის ტერიტორია აზერბაიჯანის შემადგენლობაშია. ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს ყარსში, რაც სავარაუდოდ, სომხეთზეა გათვლილი.

აზერბაიჯანი ასევე მოითხოვს მისთვის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ნაწილის გადაცემას, იმ ტერიტორიების, რომელთაც 1992 წლის შემდეგ სტატუსი დაურეგულირებელი აქვთ. საქმე ის არის, რომ საბჭოთა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული განაწილება ითვალისწინებდა საზღვარზე მრავალრიცხოვან ანკლავებს. 1990-იანი წლების დასაწყისში სომხეთის საბჭოთა ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ აღმოჩნდა, აზერბაიჯანისა კი – სომხეთის. აზერბაიჯანი ამჟამად ცალმხრივ რეჟიმში ცდილობს დაიბრუნოს ის, რაც მაშინ სომხეთს დარჩა.

სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა დაერეგულირებინა საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი, ბევრ პარტნიორთან ურთიერთობები ჯერ კიდევ არასტაბილურია. ასევე, უკიდურესად დასუსტებულია არმია, რომელიც დამოუკიდებლად ვეღარ შეასრულებს იმ ამოცანებს, რომელსაც 2020 წლის ნოემბრამდე ასრულებდა.

ამჟამად სომხეთი დიდწილად დამოკიდებულია საგარეო ტენდენციებზე. სახელისუფლებო კორიდორებში დიდი მოლოდინებია ბაიდენის მოსვლის გამო, რომელმაც უკვე გადახედა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ პარამეტრს. ხელისუფლება იმედოვნებს როგორც შიდა, ასევე საგარეო მხარდაჭერას, ასევე, ეკონომიკურ დახმარებას. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს დახმარება, უცნობია, სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ბევრია საჭირო. შესაძლოა, 2021 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა 700 მილიონი აშშ დოლარი შეადგინოს.

მეორე მხრივ, ქვეყნის საგარეო უსაფრთხოება დამოკიდებულია რუსეთში არსებულ სიტუაციაზე. თანდათანობით დასუსტებული და დაბერებული რუსეთი სულ უფრო რთულად უმკლავდება ახალგაზრდა და აგრესიულ თურქეთს, განსაკუთრებით, არსებული სანქციების ზეწოლის პირობებში.

თუმცა, რუსეთის გარდა სომხეთი ვერ შეძლებს სხვა მოთამაშის პოვნას, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილიზაციას მოუტანს მას არა განცხადებების დონეზე, არამედ მოედანზე.

2021 წელს ყარაბაღის კონფლიქტის ცხელი ფაზის განახლება ნაკლებადაა მოსალოდნელი, თუმცა არც ამის გამორიცხვა იქნება სწორი. აზერბაიჯანი, ერთი მხრივ, არ მიიჩნევს კონფლიქტს დასრულებულად, მეორე მხირვ, არც მოლაპარაკებებზე წასვლა სურს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რაც მთიანი ყარაბაღის სტატუსის განხილვას ითვალისწინებს. ეს ასევე რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ტოვებს რისკებს.

სომხეთი 2020

სომხეთი უდიდესი ოპტიმიზმით ხვდებოდა 2020 წელს. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული რევოლუციური ხელისუფლების ქარიზმატული ლეგიტიმურობის რესურსი, ეკონომიკური ზრდა იანვარ-თებერვალში 9%-ს აღწევდა და პერსპექტივებიც საკმაოდ იმედის მომცემი ჩანდა.

უმრავლეს შემთხვევაში ეს კეთილდღეობა მოჩვენებითი იყო, რადგანაც ინსტიტუტების მდგრადობა, მმართველობის ეფექტურობა და კადრების ხარისხი სუსტდებოდა. ქვეყანაში გარე ძალების გავლენები იზრდებოდა, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების არბიტრი ხდებოდა და შიდა დღის წესრიგზე გავლენასაც ახდენდა.

არაკეთილსაიმედო სიტუაცია იყო საგარეო პოლიტიკაშიც. სომხეთს ბევრ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაუფუჭდა.

2020 წელს სომხეთზე დამანგრეველი ზემოქმედება იქონია კორონავირუსის პანდემიას, რამაც ოფიციალური ცნობით 3500 ადამიანი შეიწირა და [ომში სიკვდილიანობის გარდა] 7000-ზე მეტი სიკვიდილიანობით [მოსახლეობის 0.25] სომხეთი შეგვიძლია განვიხილოთ პანდემიისგან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნად.

გაზაფხულიდან დაიწყო ეკონომიკური ვარდნაც.

ამ მხრივ ცუდი პროგნოზებია 2021 წელსაც. ძლიერ შემცირდა მოსახლეობის მიერ მოხმარება და დაგროვება, გაიზარდა უმუშევრობა და შესუსტდა ეკონომიკური ზრდის მექანიზმები.

საბოლოოდ, 27 სექტემბერს, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ომი. 44 დღეში ორივე მხრიდან დაახლოებით 6300 სიცოცხლე შეიწირა, სხვადასხვა დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან დაცლილი მონაცემების მიხედვით კი, ეს რიცხვი 10 ათასამდე მერყეობს.

1944 წლის შემდეგ სომხეთი პირველად შეეჯახა მოსახლეობის ბუნებრივ გამოხშირვას. დღეს ქვეყანაში განიხილება იმის რისკიც, რომ როგორც კი საზღვრები გაიხსნება, მასობრივი ემიგრაცია დაიწყება.

ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ სომხეთის სახელმწიფოებრიობის კონსტრუქცია ჩამოიშალა, სომხეთი შეუმდგარ სახელმწიფოდ იქცა და სუვერენიტეტი დაკარგა. ასეა თუ არა, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. თუმცა იმის თქმა უკვე შეიძლება, რომ სომხეთი უკიდურესად მოწყვლადი გახდა საგარეო გამოწვევების მიმართ: მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების ზონა აზერბაიჯანთან 26 წლის განმავლობაში სამხედრო-პოლიტიკურ პარიტეტებს უზრუნველყოფდა. სომხეთს ჰყავდა მრავალრიცხოვანი ჯარი [მოსახლეობის 2%], რამდენიმე ასეული კილომეტრის სიგრძეზე განლაგებული თავდაცვის ეშელონი უკვე წარსულს ჩაბარდა.

ამ სიტუაციაში დაიწყო შიდაპოლიტიკური კრიზისი,  დამნაშავეების ძებნა, სადაც სუსტ ხელისუფლებას სუსტი ოპოზიცია უპირისპირდება. ბევრმა მინისტრმა, მოადგილემ, მთლიანობაში კი, ასეულობით ჩინოვნიკმა თანამდებობა დატოვა. პოსტი დატოვა ათეულობით პოლიციელმა. უმაღლესი სასწავლებლების ასეულობით პროფესორმა, ადვოკატმა, ქვეყნის პრეზიდენტმაც კი, ასევე სომხეთის აპოსტოლური ეკლესიის კათოლიკოსმა პრემიერს და მის ხელისუფლებას წასვლა ურჩიეს. მოთხოვნას შეურთდა ბევრი მუნიციპალიტეტი, მათ შორის, სიუნიკის სოფლები და ქალაქები, სადაც პრემიერმა შესვლა სცადა, თუმცა მოსახლეობამ გზა გადაუკეტა.

ამის მიუხედავად, ნიკოლ ფაშინიანმა შეინარჩუნა ხელისუფლება და საზოგადოების წნეხის მიუხედავად, უარს ამბობს წასვლაზე. ის ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ მხოლოდ პოლიტიკური ელიტაა, მოსახლეობის უმრავლესობა კი მხარს უჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი