ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პოლიტიზებული, ცალმხრივი დოკუმენტი” | ბიბილოვი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

22 იანვარი, 2021 • 1267
“პოლიტიზებული, ცალმხრივი დოკუმენტი” | ბიბილოვი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფოს სარჩელის გაზიარების შესახებ არის “პოლიტიზებული ქმედება და არ ემყარება რეალურ ფაქტებს”.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ამის შესახებ დღეს, 22 იანვარს ისაუბრა. ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

“მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის აგრესორი ქვეყანა, სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა სასამართლომ მიიღო მთლიანად ცალმხრივი და პოლიტიზებული დოკუმენტი, რომელსაც რეალურ მოვლენებთან და ფაქტებთან ძალიან მცირე რამ აქვს საერთო”, – აცხადებს ანატოლი ბიბილოვი.

“დოკუმენტი ნაკარნახევია დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკური კურსით, რომელთაც ერთი წუთითაც კი არ უფიქრიათ, დაეგმოთ ქართული აგრესია და საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულები სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ”, – ამბობს ბიბილოვი.

ბიბილოვის განცხადებით, სასამართლომ მხოლოდ ქართული მხარის პოზიციები გაიზიარა.

“სტრასბურგის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ტალიავინის კომისიის ანგარიში. ასევე, მშვიდობიანი ოსი მოქალაქეების მკვლელობა, არც ნახევრად დანგრეული ცხინვალი, არც ოსი დევნილების საკითხი, არც ქართველების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, მათ მხედველობაში მიიღეს მხოლოდ საქართველო, მხოლოდ ქართული პოზიციები”, – მიაჩნია ანატოლი ბიბილოვს.

“გაკვირვებას იწვევს ქართული სახელმწიფოს პროპაგანდის ცინიზმი, რომელმაც შეძლო თავს მოეხვია საკუთარი ტყუილები ევროპული ინსტიტუტებისთვის. პროპაგანდისტული კლიშეები, როგორც ჩანს, ნასესხებია პირდაპირ ყველასათვის კარგად ცნობილი ორუელისაგან [სავარაუდოთ, იგულისხმება ჯორჯ ორუელის მოთხრობა “ცხოველების ფერმა”]. გასაოცარია ის შერჩევითობა და დამოკიდებულება, რაც სასამართლომ გამოამჟღავნა”, – ფიქრობს ბიბილოვი.


მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, 2021 წლის 21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე.

საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციას ედავებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული არაერთი უფლების დარღვევას.

„ნეტგაზეთის“ სტატიიდან გაიგებთ, რას გულისხმობს სრული განაჩენი და რას ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება.

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი