ახალი ამბებისამართალი

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

21 იანვარი, 2021 • 3893
სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, 2021 წლის 21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე.

საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული არაერთი უფლების დარღვევას ედავებოდა.

„ნეტგაზეთის“ სტატიიდან გაიგებთ, რას გულისხმობს სრული განაჩენი და რას ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება.

რა დაადგინა სასამართლომ

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 17-მოსამართლიანმა კოლეგიამ დაადგინა:

  1. 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის;
  2. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ცეცხლის შეწყვეტის (12 აგვისტოს) შემდეგ განვითარებული მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში;
  3. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) მუხლებისა და პირველი მუხლის პირველი პროტოკოლით გათვალისწინებული უფლებების (საკუთრების უფლების) დარღვევის პრაქტიკას;
  4. ერთხმად, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამხრეთოსურმა ძალებმა დააკავეს ცხინვალში დაახლოებით 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში, ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში პირველი მუხლის მიზნებიდან გამომდინარე;
  5. ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (წამების აკრძლვა) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, — საქართველოს 160-მდე დაკავებული მოქალაქის მდგომარეობისა და მათდამი ჩადენილი ღირსების შემლახავი აქტების სახით, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია და ჩაითვალა, როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა;
  6. ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების შერჩევით დაკავებასთან 2008 წლის აგვისტოში;
  7. ერთხმად, რომ ცხინვალში 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული ქართველი პატიმრები ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში, პირველი მუხლის მიზნებისათვის;
  8. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (წამების აკრძალვა) ადმინისტრაციულ დარღვევას — წამების მსხვერპლნიც ქართველი პატიმრები იყვნენ;
  9. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ, რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში მოექცნენ;
  10. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მე-4 პროტოკოლის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (გადაადგილების თავისუფლების) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, — ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ;
  11. ერთხმად, რომ არ დადგინდა პირველი პროტოკოლის მე-2 მუხლის (განათლების უფლების) დარღვევა;
  12. ერთხმად, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება, რომ ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიებინა არა მხოლოდ ის მოვლენები, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ (12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ) მოხდა, არამედ ცეცხლის აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) მომხდარი ფაქტებიც;
  13. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი;
  14. ერთხმად, რომ არ იყოს საჭიროება, სასამართლოს ცალკე შეესწავლა აპლიკანტი მთავრობის (საქართველოს) საჩივარი მე-13 მუხლის დარღვევის შესახებ სხვა მუხლებთან მიმართებაში;
    1. [მე-13 მუხლი სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას იძლევა ყველასთვის, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, — მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა]
  15. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ რესპონდენტმა სახელმწიფომ (რუსეთმა) არ შეასრულა 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;
    1. [38-ე მუხლი ამბობს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას, რომლის ეფექტიანად წარმართვისათვის შესაბამისი სახელმწიფოები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით].
  16. ერთხმად, რომ ჯერჯერობით ვერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული 41-ე მუხლთან დაკავშირებით (ეს მუხლი გულისმხობს სამართლიან დაკმაყოფილებას);

რას ნიშნავს გადაწყვეტილება?

საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციას ბრალს სდებდა კონვენციის არაერთი მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის ადმინისტრაციულ [სისტემურ] პრაქტიკაში.

მუხლები, რისი დარღვევაც სასამართლომ დაადგინა — სიცოცხლის უფელბა, წამების აკრძალვა, საკუთრების უფლება, პირადი ცხოვრება, გადაადგილების — სტატიის ზედა ნაწილში უკვე განვიხილეთ.

საინტერესო ის არის, რომ სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია, გაემიჯნა 8-12 აგვისტოს, ანუ ცეცხლის აქტიურ ფაზაში განვითარებული მოვლენები იმ მოვლენებისგან, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი (12 აგვისტოდან) პერიოდში განვითარდა.

სწორედ ამას ეხება გადაწყვეტილების პირველივე პუნქტი: სასამართლომ 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის [კონვენციის პირველი მუხლი ამბობს, რომ მხარეები დაიცავენ ყველას უფლებებსა და თავისუფლებებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში]. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს ეს მოთხოვნა დაუშვებლად ცნო.

თუმცა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „ეფექტურ კონტროლს“ ახორციელებდა (ანუ ფაქტობრივად აკონტროლებდა) სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ბუფერულ ზონაზე 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე — მანამ, სანამ რუსული ჯარები გავიდოდნენ. ამასთანვე, ამის შემდეგ პერიოდში, ძლიერი რუსული სამხედრო წარმომადგენლობა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე საფუძველს იძლეოდა სასამართლოს დაედგინა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე რუსეთის ფაქტობრივი კონტროლი გაგრძელდა.

შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებიდან, ანუ 12 აგვისტოდან, განვითარებული მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისათვის.

განმარტებით ნაწილში სასამართლო ასევე წერს, რომ საერთაშორისო კონფლიქტში სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობასას შეუძლებელია საუბარი [სამხრეთ ოსეთზე] „ეფექტურ კონტროლზე“:

„ის რეალობა, რომელშიც შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს და მეტოქე სამხედრო ძალები ქაოსის ფონზე იბრძვიან კონკრეტულ არეალზე კონტროლის დასამყარებლად, გულისხმობს, რომ ამ არეალზე არ არსებობს კონტროლი. ეს მიემართება ამ [2008 წლის აგვისტოს ომის] შემთხვევასაც, რადგან ბრძოლის დიდმა ნაწილმა ჩაიარა იმ არეალებში, რაც მანამდე ქართული კონტროლის ქვეშ იყო“.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ ერთხმად დაადგინა —  8-17 აგვისტოს პერიოდში ცხინვალში დაკავებული ქართველი პატიმრები ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში; ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხინვალის ძალებმა დააკავეს დაახლოებით 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში, ასევე ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში…

„ვინ დაიწყო ომი“?

სასამართლოს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია და არც იყო ამ დავის საგანი. ფაქტების აღწერაში კი წერია, რომ „2008 წლის ომი მოჰყვა ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაძაბულობის ხანგრძლივ პერიოდს, პროვოკაციებსა და ინციდენტებს“.

აღწერით ნაწილში ასევე ნათქვამია: „ღამით, 7-დან 8 აგვისტოსკენ გარდამავალ პერიოდში, ქართულმა ძალებმა საარტილერიო შეტევა დაიწყეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ დედაქალაქ ცხინვალზე. 2008 წლის 8 აგვისტოდან რუსეთის სახმელეთო ძალები შეიჭრნენ საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით და შევიდნენ მეზობელ რეგიონებში“, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სადავო ტერიტორიები არ ყოფილა და საქართველოს კონტროლი ვრცელდებოდა.


გარეკანის ფოტოზე: რუსული ტანკები ზუგდიდში, მიემართებიან ფოთისკენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. © EPA, 13.09.2008

მასალების გადაბეჭდვის წესი