ახალი ამბები

შეჩერდეს მექსიკასთან კედლის მშენებლობა, აშშ დაბრუნდეს ჯანმოში — ბაიდენის ბრძანებები პირველივე დღეს

21 იანვარი, 2021 • 1032
შეჩერდეს მექსიკასთან კედლის მშენებლობა, აშშ დაბრუნდეს ჯანმოში — ბაიდენის ბრძანებები პირველივე დღეს

აშშ-ის ახალმა პრეზიდეტნმა ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარსვე, ხელი 17 ბრძანებას მოაწერა, რითაც მნიშვნელოვნად შეცვალა/გააუქმა ტრამპის მიერ შემუშავებული პოლიტიკა არაერთი მიმართულებით: შეაჩერა მექსიკასთან კედლის მშენებლობა, დაავალდებულა მოქალაქეები, პირბადე ატარონ, ასევე, აშშ დაუბრუნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და პარიზის კლიმატის შეთანხმებას.

ბრძანებები მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს, დაწყებული პანდემიიდან, დასრულებული იმიგრაციით. მათ ჩამონათვალს მოკლედ გთავაზობთ:

  1. შეაჩერა მექსიკასთან კედლის მშენებლობა – რაც ტრამპის 2016 წლის საარჩევნო დაპირება იყო და რომლის ნაწილიც უკვე აშენებულია;
  2. შეცვალა წინამორბედის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) გამოთიშვის შესახებ — აშშ რჩება WHO-ში; დელეგაციას ენტონი ფაუჩი ჩაუდგება სათავეში;
  3. გააუქმა ტრამპის ორი ბრძანება, რომლებიც ზღუდავდა აშშ-ში შესვლას იმ 6 ქვეყნიდან, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობაც მუსლიმია.
  4. დაავალდებულა მოქალაქეები, ფედერალურ შენობებში, ფედერალურ ტერიტორიაზე ფიზიკური დისტანცია დაიცვან და ნიღბები გაიკეთონ;
  5. ჩაუშვა „100-დღიანი პირბადის“ ე.წ. „ჩელენჯი“, რათა წაახალისოს ყველა სივრცეში პირბადის ტარება [რაც ეპიდემიის გავრცელების შენელებისთვის ეფექტიანი გზაა];
  6. შექმნა Covid-19-ის წინააღმდეგ სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის პოზიცია და აღადგინა „ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ბიოთავდაცვის გლობალური დირექტორატი“, — ჯგუფი, რომელიც პანდემიასთან ბრძოლას ჩაუდგება სათავეში და რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებაში იქნება;
  7. გააგრძელა მორატორიუმი გამოსახლებებსა და ქონების დაყადაღებაზე, სულ მცირე, 31 მარტამდე;
  8. გააგრძელა სტუდენტების სასწავლო სესხების გადახდაზე დაწესებული მორატორიუმი, სულ მცირე, 30 სექტემბრამდე;
  9. ბრძანა, შეიქმნას „ინსტრუმენტი“, რომელიც აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს, ხელახლა შეუერთდეს პარიზის კლიმატის შეთანხმებას მომდევნო 30 დღეში;
  10. გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სამოქალაქო უფლებების აქტი (1964) უნდა იქნას იმგვარად ინტერპრეტირებული, რომ სამუშაო ადგილას აიკრძალოს დიკსრიმინაცია არა მხოლოდ რასობრივ, რელიგიურ თუ ეროვნულ, არამედ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე;
  11. გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლის მიზანია „დაცული იქნას თანასწორობის პრინციპი ფედერალურ დონეზე პოლიტიკის შემუშავების პროცესში და აღმოიფხვრას სისტემური რასიზმი და სხვა ბარიერები ფედერალურ პროგრამებსა და ინსტიტუციებზე წვდომისას“;
  12. შეცვალა ბრძანება, რომელიც საყოველთაო აღწერაში არ ითვალისწინებდა უსაბუთო ემიგრანტებს;
  13. გასცა ბრძანება, ტრამპის „უხეში და ექსტრემალური“ საიმიგრაციო პოლიტიკა შეცვალოს ბაიდენის ადმინისტრაციის „ღირებულებებთან და პრიორიტეტებთან“ შესაბამისი პოლიტიკით;
  14. გამოსცა მემორანდუმი, რომელიც ცვლის მკაცრ მიდგომას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ბავშვობის დროიდან უსაბუთოდ ცხოვრობს აშშ-ში;
  15. ლიბერიის მოქალაქეებს მემორანდუმის მეშვეობით ქვეყანაში დარჩენის შესძლებლობა მისცა;
  16. შეიქმნას ახალი ეთიკის კოდექსი სახელისუფლებო პირებისათვის. ეს წესები დაავალდებულებს აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს, რომ ხელი მოაწერონ კოდექსის დაცვის ვალდებულებას და აუკრძალავს მათ პირადი ინტერესით მოქმედებას;
  17. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული „აღმასრულებელი ბრძანებების რეგულირების პროცესი“ შეცვალა;

მასალა მომზადებულია PBS-ისა და CBS-ის მასალებზე დაყრდნობით.


აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20 იანვარს, ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოვიდა. მისი გამოსვლის ძირითადი თემა ქვეყნის გაერთიანება და აშშ-ის წინაშე მდგომი გამოწვევები გახდა — კორონავირუსის პანდემია, რასობრივი უთანასწორობა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და კლიმატის ცვლილება.

ვრცლად:

ბაიდენი სიტყვით გამოსვლა — მთავარი

მასალების გადაბეჭდვის წესი