ახალი ამბები

ბაიდენი სიტყვით გამოსვლა — მთავარი

20 იანვარი, 2021 • 1015
ბაიდენი სიტყვით გამოსვლა — მთავარი

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მისი გამოსვლის ძირითადი თემა ქვეყნის გაერთიანება და აშშ-ის წინაშე მდგომი გამოწვევები გახდა — კორონავირუსის პანდემია, რასობრივი უთანასწორობა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და კლიმატის ცვლილება.

„სულ რამდენიმე დღის წინ ძალადობით სცადეს შეერყიათ კაპიტოლიუმის საფუძვლები. ჩვენ ერთიანად ვიმოქმედეთ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის.

ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ცოტა ადამიანი თუ ყოფილა უფრო დიდი გამოწვევის წინაშე და უფრო რთულ დროში, ვიდრე დღეს. ვირუსმა წაიღო იმაზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა.

პლანეტისგან გვესმის თხოვნა გადარჩენისთვის. თხოვნა, რომელიც ვერ იქნებოდა უფრო მკაფიო.

ამჟამად პოლიტიკური ექსტრემიზმის, რასიზმისა და შიდა ტერორიზმის აღზევებაა. ჩვენ მათ უნდა დავუპირსპირდეთ და დავამარცხოთ. უნდა გადავლახოთ ეს გამოწვევები.

ამ გამწოვევების დასამარცხებლად, ამერიკის სულისა და მომავლის აღსადგენად საჭიროა არა სიტყვები, არამედ ერთობა. ვთხოვ ყველა ამერიკელს, ამ საქმეში შემომიერთდეს. ერთიანობით დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. მნიშვნელოვანი საქმეების. ჩვენ შეგვიძლია დავასაქმოთ ადამიანები, ვასწავლოთ შვილებს უსაფრთხო სკოლებში, დავამარცხოთ მომაკვდინებელი ვირუსი. შეგვიძლია ამერიკა კვლავ ვაქციოთ მსოფლიოს მთავარ ძალად.

ვიცი, რომ მოწოდებები ერთობასთან დაკავშირებით შეიძლება ზოგიერთს სულელური ფანტაზიები ეგონოს. ვიცი, რომ საზოგადოება გაყოფილია. მაგრამ ვიცი, რომ ეს ახალი მოვლენა არ არის. ჩვენი ისტორია იყო ბრძოლა ამერიკულ იდეალს, რომლის თანახმად ყველანი თანასწორნი ვართ, და მახინჯ რეალობას შორის, რა დროსაც რასიზმი, შიში და დემონიზაცია დიდხანს ყოფდა საზოგადოებას.

აშშ-ში არასდროს განგვიცდია წარუმატებლობა, როდესაც ერთად ვმოქმედებდით. ამიტომ დღეს, ამ დროს, ამ ადგილას, თავიდან დავიწყოთ. დავიწყოთ ერთმანეთის მოსმენა, პატივისცემის გამოვლენა. პოლიტიკა არ უნდა იყოს ბობოქარი ცეცხლი, რომელიც გზაზე ყველაფერს ანადგურებს. ყველა უთანხმოება ტოტალური ომის მიზეზი არ უნდა იყოს. უარი უნდა ვთქვათ იმ კულტურაზე, სადაც ხდება ფაქტებით მანიპულირება და მათი გამოგონება.

სავსე ვარ იმ რწმენით, რომელიც ჩვენი კამპანიის ყველა მხარდამჭერმა ჩამინერგა. ვინც მხარი არ დამიჭირა, ნება მიბოძეთ, გითხრათ შემდეგი— ბოლომდე მომისმინეთ ხოლმე. როგორც კი წინ დავიძრებით, გაზომეთ ჩემი ყოველი ნაბიჯი და გაზომეთ ჩემი გული. თუ მაინც არ დამეთანხმებით, იყოს ასე. ეს არის დემოკრატია, ეს არის ამერიკა. მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი და ვიბრძოლებ ყველა მათგანისთვის, ვინც ხმა არ მომცა, ზუსტად ისე, როგორც მათთვის, ვინც მხარი დამიჭირა.

ყველას გვესმის, მსოფლიო გვიყურებს. ჩემი გზავნილი მათთვის, ვინც ჩვენს საზღვრებს იქითაა, ასეთია — ამერიკამ გამოცდა გაიარა და უფრო გაძლიერდა. ჩვენ აღვადგენთ ალიანსებს და კონტაქტი გვექნება მსოფლიოსთან, როგორც ადრე“, — განაცხადა ბაიდენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი