ახალი ამბები

გთხოვ, ისუნთქე – წერილი კოვიდინფიცირებულ  მამას და ბრძოლა, რომელიც გრძელდება 

24 დეკემბერი, 2020 • 4463
გთხოვ, ისუნთქე – წერილი კოვიდინფიცირებულ  მამას და ბრძოლა, რომელიც გრძელდება 

“მამიკო, სანამ საჭმელს არ შეჭამ, არ წავალ. გარეთ წვიმს და იქ ვიდგები. მითხრეს, ცოტა ზარმაცობ. გთხოვ, ისუნთქე, მიყვარხარ. აქ ვართ ყველა”, – თაბახის ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი ეს წერილი 36 წლის ანა უტურაშვილმა საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ კოვიდინფიცირებულ მამას მისწერა. 

ეს წერილი “ნეტგაზეთმა” ადრეც გამოაქვეყნა, ახლა კი ანას ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა წერილის დაწერა, რა გავლენა იქონია ამ წერილმა პაციენტის მდგომარეობაზე და რა მნიშვნელობა აქვს ახლობელი ადამიანების თანადგომას დაავადებასთან გასამკლავებლად. 

“ნეტგაზეთი” ზეპირი ისტორიების სერიაში “ადამიანები პანდემიის დროს” ამჯერად სწორედ მის ისტორიას გთავაზობთ. 


მშობლების სახლში ვიყავი, როდესაც დედას კოვიდი დაუდასტურდა, შემდეგ, ჩემს ძმასაც. მამას თავიდან დაბალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ნელ-ნელა იმატებდა. ოჯახის ექიმთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა, ანტიბიოტიკებს იღებდა, მიუხედავად ამისა, ტემპერატურამ ძალიან მოიმატა. მინდოდა კლინიკაში გადამეყვანა, რაც მოგეხსენებათ, მარტივად არ ხდება ხოლმე.

ყველაზე ცუდი ის იყო, რომ PCR ტესტით კორონავირუსი არ უდასტურდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით, რომ კოვიდის შემთხვევა იყო. როგორც ექიმმა აგვიხსნა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება, ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსი არ გამოჩნდეს. ორი განმეორებითი ტესტითაც არ დადასტურდა კოვიდი. შემდეგ უკვე საავადმყოფოში, ფილტვიდან ამოხველებული მასალის ანალიზმა აჩვენა, რომ ნამდვილად კორონავირუსი ჰქონდა. 

მანამდე, უარყოფითმა პისიარ ტესტმა გაართულა სიტუაცია. დადასტურებული კოვიდ-ინფექციის შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივი იქნებოდა კოვიდ კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ რადგან კოვიდი არ დასტურდებოდა, მაგრამ პაციენტს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, ხველა და მსგავსი სიმპტომები, სხვა კლინიკა ვერ იღებდა. ბოლოს ჩვენი მეგობარი დაგვეხმარა და მოვხვდით საბურთალოზე, “ლეჩკომბინატში”.

მამა კლინიკაში 2 დეკემბერს, ცალკე ბოქსირებულ განყოფილებაში დააწვინეს, არა კოვიდინფიცირებულებთან. პირველი ორი დღის განმავლობაში კონტაქტური იყო, ტელეფონით ვესაუბრებოდით, მესამე დღეს კი ვეღარ დავუკავშირდი. ვურეკავდი, მაგრამ ხან საერთოდ არ მპასუხობდა. ერთხელ მოახერხა, რომ უბრალოდ აეღო ტელეფონი, მაგრამ ვერ დამელაპარაკა… მესმოდა აპარატურის ხმა, გახშირებული სუნთქვა. მივხვდი, რომ ისეთ დონემდე დამძიმდა მდგომარეობა, რომ საუბარს ვერ ახერხებდა.

ექიმმაც დაგვიდასტურა, რომ დამძიმდა მგომარეობა.  სუნთქვა უჭირდა, სიპაპის აპარატზე იყო. თან ვიცოდი, საჭმელს არ ჭამდა. მე და ჩემი ოჯახის წევრები საავადმყოფოსთან ვიცდიდით. შემდეგ საჭმელები ვუყიდე შესაგზავნად. სპონტანურად გადავწყვიტე, წერილი მიმეწერა. ექთანს ვთხოვე ფურცელი და კალამი და უცებ რაც მომაფიქრდა, დავწერე. მანამდე ექიმმა მითხრა, მოდუნებული და ცოტა შეშინებული არისო, ამიტომ გადავწყვიტე, გამემხნევებინა და მეთქვა, რომ ყველანი გარეთ ვიდექით და ვგულშემატკივრობდით.

წერილი შეუტანეს მამას. როგორც მითხრეს, წაიკითხა და შემდეგ დიდხანს ხელში ეჭირა და უყურებდა. მერე, როგორც ექიმმა მითხრა, შეჭამა ერთი ბანანი. ვიცი, ეს იმისთვის გააკეთა, ჩემთვის ეთქვათ, რომ საკვები მიიღო და დავმშვიდებულიყავი. ვიცოდი, რომ სხვა შემთხვევაში არ შეჭამდა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე წერილი მივწერე. წერილების მერე მამა დამეკონტაქტა — მიუხედავას იმისა, რომ მძიმედ იყო, დამირეკა და მითხრა: არ დაიჯერო, მამი, რომ ვზარმაცობ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვიბრძოლო და ვისუნთქოო. მისმა პასუხმა მეც სტიმული მომცა, კიდევ უფრო მეტი გამეკეთებინა მამას ჯანმრთელობის მდგომაროების გასაუმჯობესებლად.

მამა 63 წლისა, სრულიად ჯანმრთელი იყო და არანაირი ქრონიკული დაავადება და ჩივილები არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მოულოდნელი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება. ზოგადად, ძალიან ძლიერი კაცია, მაგრამ, როგორც ჩანს, თავადაც ვერ წარმოედგინა, ასეთ საშინელებას თუ შეეჯახებოდა და ამან ემოციურად დათრგუნა. ვიცოდი რა, როგორ სჭირდებოდა ჩემი მხარდაჭერა, მქონდა მცდელობა, რომ პალატაში შევსულიყავი. თავიდან საავადმყოფოს პერსონალმა უარი მითხრა, მაგრამ ნახეს რა, რომ არ ვისვენებდი, ადგილიდან ფეხს არ ვიცვლიდი, თან კორონავირუსი მე უკვე გადატანილი მქონდა, მამასთან შემიშვეს.

სანამ შევიდოდი, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, უკვე აპარატზე გადაყვანის საჭიროება იდგა. მე ვიცოდი, რომ თუ შანსი მომეცემოდა, რაღაც მაინც შეიცვლებოდა უკეთესობისკენ. ექიმებიც მიხვდნენ, რომ პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი იქ ყოფნა. შევედი სრული ეკიპირებით. ჩემი შესვლის შემდეგ, დაახლოებით საათში, მამას მდგომარეობა გაუმჯობესდა — უფრო მოტივირებული, მებრძოლი და მონდომებული გახდა. ერთად ვაკეთებდით სუნთქვის ვარჯიშებს. ვეხმარებოდი და სტიმულს ვაძლევდი, ვცდილობდი ეს მუხტი არ დაგვეკარგა.

ამ ყველაფერმა ძალიან დადებითაც იმოქმედა არამარტო ფსიქოლოგიურად, ფიზიკურადაც – მკვეთრად არა, რა თქმა უნდა, მაგრამ სატურაციაც გაუმჯობესდა. ემოციურად ძალიან დამოკიდებული გახდა ჩემზე. ასე, პერიოდულად შევდიოდი ხოლმე პალატაში და ვამხნევებდი. 20 დღეზე მეტია, საავადმყოფოში მკურნალობს და დღეს ბევრად კარგი შედეგი გვაქვს — სიპაპის აპარატი მოხსნილია, გადაყვანილია ჩვეულებრივ ჟანგბადზე, ზოგჯერ იმასაც იხნის ხოლმე. ჯერჯერობით კიდევ ვიბრძვით, თუმცა ღვთის წყალობით და საუკეთესო ექიმების დახმარებით, მთავარი კრიზისი გადალახულია და რამდენიმე დღეში, ალბათ, ბინაზე გაწერენ.

ჩვენი შემთხვევა, ვფიქრობ, ძალიან ბევრისთვის შეიძლება გახდეს თალსაჩინო მაგალითი, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ასეთ დროს თანადგომას, მარტივ ემოციას. ადამიანებმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ, რომ დაუდგნენ ერთმანეთს გვერდში, იმიტომ, რომ ემოცია არის გადამწყვეტი სიცოცხლის გადასარჩენად. ექიმის როლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა ფსიქოლოგიური, ემოციური მხარდაჭერა არის მეორე გადამწყვეტი ფაქტორი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ თავად ექიმებს დაენახათ და მიმხვდარიყვნენ ამას.

ჩვენს შემთხვევაში ექიმებმა, ექთნებმა, ყველამ, ვისაც შეხება ჰქონდა მამასთან, აღნიშნა კომუნიკაციის პოზიტიური გავლენა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე — ამბობდნენ, რომ ჩემი ყველა მონახულების შემდეგ, სრულიად იცვლებოდა პაციენტის მდგომარეობა გარეგნულადაც და მონაცემების თავლსაზრისითაც, სატურაციაც კი იწევდა ხოლმე, როდესაც მასთან ერთად ვიყავი.

ანა და ვლადიმერ უტურაშვილები

ყველა ექიმი, ალბათ, ინდივიდუალურად უნდა უდგებოდეს თითოეულ პაციენტს, გაითვალისწინოს პაციენტის ემოციური მდგომარეობაც, მიხვდეს, კონკრეტულ დროს რა უფრო მნიშვნელოვანია — წამალი თუ ემოცია. შექმნილ სიტუაციაში ეს, ალბათ, ძალიან რთული და შეუძლებელიცაა, მაგრამ, ვფიქრობ, დასაფასებელი და აღსანიშნავია, როცა ექიმი ყველა ამ გარემოებას ითვალისწინებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მამას მკურნალმა ექიმმა ოთო დიხამინჯიამ ეს ნამდვილად მოახერხა. მინდა, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო – უკეთილშობილესი ადამიანია და, ამავდროულად, თავისი საქმის პროფესიონალი. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო “კავკასიის სამედიცინო ცენტრის” დირექტორ ანა ბოქოლიშვილს და ყველა იმ ექიმს, ექთანს, დიასახლისს, ვინც მამაზე ზრუნავდა და ამხნევებდა.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ამ წერილზე გამოხატა რეაქცია, დააკომენტარა და მამას გამოჯანმრთელება უსურვა. რომ არა მათი კომენტარები, მე ძალიან გამიჭირდებოდა ბრძოლა.

ზოგჯერ ერთი თბილი, გამამხნევებელი სიტყვაც კი გადამწყვეტია ადამიანის გადასარჩენად. თითოეული მათგანის სიტყვა მე მაძლიერებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი