ხელოვნება

თამუნა სირბილაძის გამოფენა ვენაში – ვინ იყო ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი

4 აპრილი, 2024 • 3513
თამუნა სირბილაძის გამოფენა ვენაში –  ვინ იყო ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი

„დიდი ხნით დაგვიანდა თამუნა სირბილაძის, როგორც თვითმყოფადი არტისტის აღიარება“, – ამბობს სერგეი ჰარუთონიანი, თამუნა სირბილაძის გამოფენის კურატორი, რომელიც 22 მარტს გაიხსნა ვენაში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში – „ბელვედერ 21“.

„არა მოდური, მაგრამ დამაჯერებელი“ (Not cool, but compelling) ასეთია გამოფენის სახელწოდება, რომელსაც დათმობილი აქვს „ბელვედერ 21-ის“ მთელი მეორე სართული  და გამოფენილია ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვრის ზუსტად 100 ნამუშევარი.

ნამუშევრები მოიცავს თამუნა სირბილაძის შემოქმედების ყველა პერიოდს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში შესრულებული ნამუშვრებით დაწყებული, ვენაში, გარდაცვალებამდე შესრულებულ ტილოებით დამთავრებული.

„ეს არის თამუნა სირბილაძის პირველი გამოფენა, რომელიც სრულად მოიცავს მის შემოქმედებას. ძალიან ვამაყობთ ამ ნამუშევრების გამოფენით, რადგან მათი ნაწილი თბილისში იყო დაბინავებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო წარმოგვედგინა თამუნა სირბილაძის ნამუშევრები, რომლებიც მის 30-წლიან მოღვაწეობას შეაჯამებდა და მნახველს ექნებოდა შესაძლებლობა, შეედარებინა მისი ადრეული შემოქმედება გვიანდელთან – როგორ წარმოაჩინა მხატვარმა ერთი და იგივე თემა 10 წლის შუალედში, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილით შესრულებული ნამუშევრებით”,  – აღნიშნავს გამოფენის კურატორი სერგეი ჰარუთონიანი.

გამოფენაზე თან დაგყვება თავად თამუნა სირბილაძის მზერაც, რომელიც კედლებზე, ირინა აბჟანდაძის ფოტოებზეა აღბეჭდილი. ფოტოები 1997 წელსაა გადაღებული, იმ წელს, როდესაც თამუნა  ვენაში წავიდა სასწავლებლად და მისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო.

როგორც სერგეი ჰარუთონიანი ამბობს, ეს მათი შეგნებული გადაწყვეტილება იყო. სურდათ, დამთვალიერებელს დაენახა თამუნას სახე, ადამიანის, რომელიც ამ ნამუშევრების უკან იდგა. ამ შემთხვევაში მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ავტორი არ გამიჯვნოდა მისი პიროვნებას, არ დარჩენილიყო გაურკვეველ ფიგურად, როგორც ხშირად ხდება ხოლმე მხატვარი ქალების შემთხვევაში და თამუნაც არ იყო გამონაკლისი. მხატვარი ხშირად აღიქმებოდა საზოგადოების თვალში ცნობილი ავსტრიელი ხელოვანი ქმრის, ფრანც ვესტის ცოლად.

თამუნა სირბილაძე – ირინა აბჟანდაძის ფოტო. ვენა – „ბელვედერ 21″.

თამუნა სირბილაძე

„რაც თავი მახსოვს, თამუნა ყოველთვის ხატავდა“, – ამბობს თამუნას და ქეთი სირბილაძე,- „ხატვა ბაღიდან დაიწყო და 12,-13 წლის იყო, როცა დანამდვილებით გადაწყვიტა, რომ ამის კეთება უნდოდა.“

სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა მონუმენტური მხატვრობის ფაკულტეტზე, შემდეგ თეატრის მხატვრობაზე განაგრძო სწავლა და დაასრულა ფერწერით. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად რთული პერიოდი იყო და ხატვისთვის საჭირო ნივთებისა და საღებავების შოვნა ძალიან ჭირდა, მშობლები თამუნას წამოწყებას ყველანაირად ხელს უწყობდნენ.

მუდმივად ხატვის პროცესში იყო. იმდენად მოცული იყო ამ პროცესით, რომ პირველ იანვარს აკადემიაში მიდიოდა, რათა ეხატა. იმ პერიოდში აკადემიაში არც გაზი იყო, არც გათბობა, გაყინულს შეეძლო 7-8 საათი მდგარიყო და ეხატა”,  – ამბობს ქეთი.

თამუნა სირბილაძე – სამხატვრო აკადემიაში სწავლისას შესრულებული ნამუშევრები.

ვენაში გატარებული წლები

სამხატვრო აკადემიის დამთავრებიდან რამდენიმე წელიწადში თამუნა ვენის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა.

ვენაში ჩასვლამ ბევრი რამ შეცვალა  მხატვრის შემოქმედებაში. ფერწერისადმი ინტერესი ამ დროს უკანა პლანზე გადავიდა და სხვადასხვა დარგსა და მედიუმში  გადაწყვიტა ეცადა ბედი.

1997-2002 წლები, ინტერნეტ ეპოქა – გუგლ სურათის საძიებო სისტემა

თამუნა სირბილაძის ვენაში გადასვლას დაემთხვა ინტერნეტ ეპოქის დაწყება, სწორედ ამ დროს დაინტერესდა გუგლის საძიებო ველით, სადაც ეძებდა სურათებს, მათზე დაყრდნობით კი აგებდა თავის ნამუშევრებს.

საძიებო სიტყვებით ამოგდებული სურათები სტერეოტიპულ და გაბატონებული ხედვებს წარმოაჩენს. ასეთია ამ სერიაში შესრულებული მისი ერთ-ერთი ნამუშევარი, სახელწოდებით „დიასახლისი“, რომელიც ასახავს ადამიანების მიერ დანახული დიასახლისის სახეს, მასთან ასოცირებულ ფერებს, წარმოდგენებსა და სტერეოტიპებს.

დიასახლისი (HOUSEWIFE) – 2000 წელი.

ფრანც ვესტი

2002 წელს თამუნა სირბილაძე დაქორწინდა ცნობილ ავსტრიელ ხელოვან ფრანც ვესტზე. თანაცხოვრებისას ბევრს მუშაობდნენ ერთად. გამოფენაზე წარმოდგენილია მათი ერთობლივი ინსტალაცია „მთვარის შუქი“ (Moonlight). ინსტალაცია შედგება ფრანც ვესტის მიერ შექმნილი ორი სკამისა და კედლისგან, რომელიც თამუნა სირბილაძის მიერაა მოხატული.

„საგულისხმოა, რომ თამუნა სირბილაძე ხატავს არა მხოლოდ ტილოზე, არამედ კედლებზეც. ეს წარმოაჩენს, თუ როგორ უდგება იგი მხატვრობას: არა როგორც შემოსაზღვრულ მედიუმს, რომელიც შემოფარგლულია ტილოზე ხატვით, არამედ მისთვის მხატვრობა სცდება ტილოს ფარგლებს და უფრო მასშტაბურად აზროვნებს”, – აღნიშნავს სერგეი ჰარუთონიანი ინსტალაციაზე საუბრისას.

თამუნა სირბილაძე/ფრანც ვესტი – მთვარის შუქი (Moonlight) 1998- 2001

ქალების სერია –  ინტერესი ქალებისადმი

ქეთი სირბილაძე ამბობს, რომ ფრანცთან თანაცხოვრებისას თამუნა სწრაფად ვითარდებოდა, ისინი ერთმანეთს ავსებდნენ. თუ ფრანც ვესტი მისი კარიერის დასაწყისში, მისი შემოქმედებით თითქოს დასცინოდა ვენის აქციონისტებს – ოტო მულს, გიუნტერ ბრიუს, ჰერმან ნიჩშს, მისი აზრით, თამუნამ სუბლიმაცია განიცადა ქალებთან და მათი ყოველდღიური, ინტიმური ძალიან პირადი ამბები გამოსახა ნამუშევრებზე. მგონია, ამაზე ვენაში ყოფნამ იმოქმედა, ვენის საზოგადოებისთვის ტაბუდადებული თემები არ არსებობს, თამუნაც ეძებდა არა ეპატაჟურ თემას, არამედ გამოხატვის განსხვავებულ ფორმას – განავრცობს ქეთი.

თამუნა სირბილაძე – თვითმკვლელობის ნახატი/ღებინება.

ამას მხატვარიც ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში:

ათასწლეულების მანძილზე სულ კაცები იყვნენ მხატვრები, ქალები კი ყოველთვის ხელსაქმით იყვნენ წარმოჩენილნი ნახატებზეო:

„ქალების ფიგურები ძალიან ნათელი და სახალისოა, სავსეა სიცოცხლის პიკანტურობითა და სიხარულით. მგონი, ამ მომენტში ქალები უკეთესად მიგებენ, ვიდრე – კაცები. (…) ზოგადად, ხელოვნებაში ყოველთვის კაცები დომინირებენ. იყო ქალი არტისტი კი მკაცრ შეჯიბრში მონაწილეობას ნიშნავს”, – ამბობს თამუნა სირბილაძე თავისი სერიის შესახებ საუბრისას.

ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ როდესაც ხელოვნების ისტორიას აკვირდება,  ვერსად პოულობს ქალი მხატვრების სახელებს, ქალების სხეულები კი წარმოჩენილია კაცის ხედვით.

სერგეი ამბობს, რომ თამუნას მიერ შესრულებული ნახატები ერთგვარი შურისძიებაა კაცების გავლენით გაჯერებული ხელოვნების ისტორიის მიმართ:

„ვხედავთ ქალთა სხეულებს, რომლებიც არ არის ეროტიკული და მიმზიდველი ობიექტი. ნახატები გვანახებს ქალებს, მაგრამ არა ისე, როგორც აქამდე წარმოაჩენდა ხელოვნების ისტორია. ვხედავთ მათ ძალიან ინტიმურ და მძიმე სიტუაციებში, მენსტრუაციის დროს. ნახატები ასახავს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას.”

უნდოდა წინ წამოეწია ქალი, როგორც მხატვარი, ქალი, როგორც პერსონაჟი და, რაც მთავარია, განსხვავებული ფორმითა და მიდგომით. მისთვის მთავარი იყო თემა და არა ხელწერა”,  – ამბობს ქეთიც.

ლენინის ნათურა – თამუნა სირბილაძე

დიაგნოზი – სიცოცხლის და მხატვრობის ბოლო წლები

გამოფენის ბოლო ნაწილი აჯამებს თამუნა სირბილაძის სიცოცხლისა და შემოქმედების ბოლო წლებში (2010-2015) შესრულებულ ნახატებს და გამოფენის სახელწოდებასაც.

არა მოდური, მაგრამ დამაჯერებელი – თამუნა სირბილაძე – 2011

„არა მოდური, მაგრამ დამაჯერებელი“ – მხატვრის მიერ 2011 წელს შესრულებული ნამუშევრის სახელწოდებაა:

„გამოფენის ბოლო თავში შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ უდგებოდა თამუნა სირბილაძე ხატვას ბოლო წლებში.  ამ თავში ერთ-ერთი ნამუშევრის სახელია „არა მოდური, მაგრამ დამაჯერებელი“, რომელიც გამოფენის სახელწოდებაცაა. ეს წარმოაჩენს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა სილამაზის და ხელწერის ჩვენება, მისი მიზანი იყო ელაპარაკა კონკრეტულ თემებზე. ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე შესაბამისი სახელწოდება ჩვენი გამოფენისთვის და მოხარულები ვართ, რომ ამ კუთხით წარმოვაჩენთ მის ნამუშევრებს, რადგან დიდი ხნით დაგვიანდა მისი, როგორც თვითმყოფადი არტისტის აღიარება.

თამუნა სირბილაძეს 2014 წელს მოულოდნელად დაუსვეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, თუმცა არც იმედი დაუკარგავს და არც ხატვა შეუწყვეტია –  „არათუ არ გატყდა, არამედ ძალიან პროდუქტიული გახდა და ძალიან, ძალიან ბევრს ხატავდა“, – იხსენებს ქეთი სირბილაძე.

 

თამუნა სირბილაძის გამოფენა ბელვედერის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 11 აგვისტომდე გაგრძელდება, 18 აპრილს კი გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი