ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი სომხეთ-ირანის დამაკავშირებელ რკინიგზაზე საუბრობს

12 ნოემბერი, 2020 • 2264
ფაშინიანი სომხეთ-ირანის დამაკავშირებელ რკინიგზაზე საუბრობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის ახალი შეთანხმების ფონზე ირანისა და სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის შესახებ საუბრობს.

ფაშინიანმა დღევანდელ მიმართვაში „აბსოლუტური აბსურდი“ უწოდა ქალაქ მეღრის დათმობაზე გავრცელებულ ცნობებს და თქვა, რომ საუბარია რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციის გახსნაზე. ამ კონტექსტში ახსენა ასევე ერევანი-სიუნიკის დამაკავშირებელი გზა ნახიჩევანის გავლით.

„საუბარია სატრანსპორტო გზების განბლოკვაზე რეგიონში, მათ შორის, აზერბაიჯანიდან ნახიჩევანისკენ. მაგრამ, ამავე დროს, ეს ნიშნავს სატრანსპორტო გზას ერევნიდან სიუნიკში ნახიჩევანის გავლით, მათ შორის, სომხეთის სარკინიგზო კომუნიკაცია ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უნდა განიბლოკოს, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი განცხადების ამ ნაწილის ინგლისურენოვან თარგმანს სომხეთის საზოგადოებრივი რადიო ავრცელებს.

2000-იანი წლებიდან მოყოლებული, სომხეთ-ირანის რკინიგზის პროექტზე საუბარი არაერთხელ ყოფილა, მათ შორის სომხეთის ყოფილი ხელისუფლების პირობებში, — სერჟ სარქისიანმა 2008 წელს განაცხადა, რომ უახლოეს წლებში დაიწყებდნენ პროექტზე მუშაობას, — თუმცა დღემდე არ განხორციელებულა.

2018 წელს სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰოტ ჰაკობიანმა განაცხადა, რომ ირანი-სომხეთის რკინიგზა სომხეთის მთავრობის უახლოეს გეგმებში არ შედიოდა, რის ძირითად მიზეზადაც მისი ბიუჯეტი დაასახელა — 3.5 მლრ აშშ დოლარი, რაც სომხეთის სრულ ბიუჯეტზე მეტი იყო.

2017 წლის მონაცემებით, სომხეთსა და ირანს შორის ვაჭრობამ 263 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2018 წელს კი- $364 მლნ, თუმცა სომხეთი ირანს იყენებს ჩინეთთან დასაკავშირებლადაც, რომელიც სომხეთის გაცილებით მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.


ყარაბაღის 10 ნოემბრის 9-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც მოსკოვმა, ერევანმა და ბაქომ გააფორმეს, სხვა საკითხებთან ითვალისწინებს, რომ „ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი გაიხსნება“:

  • სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის;
  • სატრანსპორტო კონტროლი განხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ;
  • შეთანხმების მიხედვით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა დაიწყება, რომლებიც დააკავშირებენ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან;

თურქეთის ტრანსპორტისა ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ აცხადებს, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფონზე, თურქეთი გეგმავს აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფარგლებში ნახიჩევანის კორიდორის გაჩენით სარგებელს მიიღებენ რეგიონის ქვეყნები და ასევე, ჩინეთიც.

ნახეთ ასევე:

ფაშინიანის თქმით, ერევანი-სიუნიკი ნახიჩევანითაც დაუკავშირდება ერთმანეთს

მასალების გადაბეჭდვის წესი