ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის თქმით, ერევანი-სიუნიკი ნახიჩევანითაც დაუკავშირდება ერთმანეთს

12 ნოემბერი, 2020 • 2387
ფაშინიანის თქმით, ერევანი-სიუნიკი ნახიჩევანითაც დაუკავშირდება ერთმანეთს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ქალაქები, ერევანი და სიუნიკი, ერთმანეთს ნახიჩევანითაც დაუკავშირდებიან.

ფაშინიანმა დღევანდელ მიმართვაში „აბსოლუტური აბსურდი“ უწოდა ქალაქ მეღრის დათმობაზე გავრცელებულ ცნობებს და თქვა, რომ საუბარია რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციის გახსნაზე:

„ამ შემთხვევაში, იხსნება გზა აზერბაიჯანიდან ნახიჩევანისკენ. მაგრამ, ამავე დროს, განიბლოკება გზა ერევნიდან სიუნიკისკენ, ნახიჩევანის გავლით“, – განაცხადა მან. ფაშინიანის თქმით, გზების განვითარება სომხური ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ამჟამად არსებობს ერევანი-სიუნიკის დამაკავშირებელი 300 კმ-იანი გზა; ასევე, სიუნიკიდან ერევანში მოხვედრა შესაძლებელია ეღეგნაძორთან გადასახვევით, სევანის ტბასთან ქალაქ მარტუნის გავლით, თუმცა ეს მარშტური დაახლოებით 60 კმ-ით აგრძელებს გზას.

ნახიჩევანი — ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში — არის ექსკლავი, რომელიც ირანსა და სომხეთს შორისაა მოქცეული. ნახიჩევანს ასევე 8კმ-იანი საზღვარი აქვს თურქეთთან. ამასთანავე, მთიან ყარაბაღსა და ნახიჩევანს შორის, სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიებს გარდა, მოქცეული ის ტერიტორიებიც, რასაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევდა და რომლის ნაწილიც ამ ომის პერიოდში დაიკავა.

ყარაბაღის 10 ნოემბრის 9-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც მოსკოვმა, ერევანმა და ბაქომ გააფორმეს, სხვა საკითხებთან ითვალისწინებს, რომ „ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი გაიხსნება“:

  • სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის;
  • სატრანსპორტო კონტროლი განხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ;
  • შეთანხმების მიხედვით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა დაიწყება, რომლებიც დააკავშირებენ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან;

თურქეთის ტრანსპორტისა ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ აცხადებს, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფონზე, თურქეთი გეგმავს აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფარგლებში ნახიჩევანის კორიდორის გაჩენით სარგებელს მიიღებენ რეგიონის ქვეყნები და ჩინეთიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი