ახალი ამბები

აქციები საოლქო საარჩევნო კომისიებთან და შემაჯამებელი ოქმები

11 ნოემბერი, 2020 • 1169
აქციები  საოლქო საარჩევნო კომისიებთან და შემაჯამებელი ოქმები

საოლქო საარჩევნო კომისიებში შემაჯამებელი ოქმების შედგენის პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიების შენობებთან აქციებს მართავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

თბილისის მასშტაბით აქციები იმართება სამგორში, ვაკეში, გლდანში და ნაძალადევში. მსგავსი შინაარსის აქცია ასევე გაიმართა გორშიც. აქციის მონაწილეები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვენ. აქციის მიმდინარეობისას სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ერთ-ერთი აქტივისტი, ბესიკ გაზდელიანი დააკავეს. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებით დღეს, 11 ნოემბერს კომენტარი გააკეთა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემაც. მისი თქმით, უბნების გადათვლასთან დაკავშირებული სარჩელების 99% სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ასევე, კაპანაძის განამრტებით, საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა იმ უბნების შედეგების გადათვლაზე, სადაც იყო მკაფიო დისბალანსი და არსებობდა ე.წ. კარუსელების ეჭვი.

“ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დღეებში სასამართლოებმა დაამთავრეს განხილვა იმ საჩივრების, რომელიც შეტანილი იქნა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ევროპული საქართველოს მიერ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ 99% ამ სარჩელების არ იქნა დაკმაყოფილებული.

ანუ რეალურად, ის იურიდიული გზა, რომელიც არსებობს კანონში გათვალისწინებული და რომელიც აირჩია ევროპულმა საქართველომ და ასევე სხვა ოპოზიურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პრაქტიკულად დამთავრდა წარუმატებლად, გამოდინარე იქიდან, რომ აბსოლიტურ უმრავლესობაში იმ უბნებზე, სადაც გვქონდა სრულის საფუძველი გვევარაუდა, რომ ან ბიულეტენები აკლდა, ან ბიულეტენები იყო ზედმატად ჩაყრილი, სადაც არ ბალანსდებოდა ოქმები, რომ იქ ყოფილიყო გადათვლა, ან მომხდარიყო ამის გაუქმება, თითქმის ყველგან გვითხრეს უარი”, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი განმარტებით, 22-ე ოლქის 57-ე უბანზე 202 ხელმოწერა ზედმეტია, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე მივიდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების რაოდენობაზე 202 ადამიანით მეტი. კაპანაძის თქმით, ამ უბნის გადათვლაზე სასამართლომ უარი თქვა.

“ჩემს ხელთ არის ასეთი ძალიან ბევრი უბანი, სადაც ზედმეტია ათეულობით ხელმოწერა. ამ უბნებში აშკარაა, რომ ორი რამ ხდებოდა, ან იყო კარუსელები, როდესაც ცარიელი
ბიულეტენები გაჰქონდათ, ან უბრალოდ ხმები, რომლებიც მიიღო რომელიმე ოპოზიცურმა პარტიამ, არის დაკლებული და ამიტომ არის ამხელა სხვაობა”, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, “ევროპული საქართველო” არ აპირებს, ხელი მოაწეროს იმ შემაჯამებელ ოქმებს, სადაც მსგავსი დარღვევები იქნება.

საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტება გუშინ, 10 ნოემბერს გააკეთა. კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის თქმით, საჩივრების განუხულველად დატოვების მიზეზი არის ის, რომ ისინი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო წარდგენილი. მისი თქმით, კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 1 941 საჩივარი შევიდა, საიდანაც საარჩევნო სუბიექტების მიერ 1 272 საჩივარი იყო წარდგენილი, სადამკვირვებლო მისიების მიერ კი- 564.

“საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარმოდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბუექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან — 126″, – განაცხადა სანტურიანმა.

მისი თქმით, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გაბათილებას პარტიის სახელით ითხოვდნენ ის პირები, ვისაც საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა. მისი განმარტებით, ასევე იყო შემთხვევებიც, როდესაც მსგავსი საჩივრები წარადგინეს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დაკვირვებლებმა, როდესაც მათ ამის უფლებამოსილება არ ჰქონდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი