ახალი ამბები

1 941 საჩივრიდან 1 027 განუხილველი დარჩა | არჩევნები 2020

10 ნოემბერი, 2020 • 979
1 941 საჩივრიდან 1 027 განუხილველი დარჩა | არჩევნები 2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის დღესა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში 1 941 საჩივარი შევიდა, რომელთა უმრავლესობა განუხილველი დარჩა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით, განხილული 914 საჩივრიდან უმეტესობა, ასევე, არ დაკმაყოფილდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განუხულველად დატოვებას იმით ხსნის, რომ ისინი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო წარდგენილი.

“კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შევიდა დაახლოებით 1 941 საჩივარი. აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1272, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა — 564. კენჭისყრის დღეს საჩივრები ძირითადად შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის შემდგომი საჩივრები — საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარმოდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბუექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან — 126″, – განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.

სანტურიანის თქმით, ხშირად საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმებისა და შედეგების ბათილაც ცნობას პარტიის სახელით ითხოვდა საჩივრების წარდგენაზე არაუფლებამოსილი პირი, ისევე როგორც ამგვარი მოთხოვნებით საჩივრები წარადგინეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომელთაც არ გააჩნდათ შესაბამისი უფლებამოსილება.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადა 5 ნოემბერს ამოიწურა. არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობამ შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნას განხილული — ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი