ახალი ამბები

ოცნება და ენმ ისნის საოლქოს თავმჯდომრის საქმეზე 2 პირის დაკავებაზე

8 ნოემბერი, 2020 • 928
ოცნება და ენმ ისნის საოლქოს თავმჯდომრის საქმეზე 2 პირის დაკავებაზე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ორი პირის დაკავებას, რასაც ოპოზიცია ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას უწოდებს და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის ყველა აქტივისტი, რომელიც შეეცდება ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას, მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით“.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ორი პირი – აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავა. ორივე მათგანი წარსულში ცესკოში საქმიანობდა და როგორც ერთ-ერთი მათგანის ადვოკატი “ნეტგაზეთს” ეუბნება, ორივეს მეგობრული კავშირი ჰქონდა გარდაცვლილ თედო გობეჯიშვილთან.

კობახიძემ 8 ნოემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ზეწოლისა და მუქარის ეს ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დანაშაულებრივ ძალასთან გვაქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით“. კობახიძემ თქვა, რომ „ზეწოლა, მუქარა და მკველობა არის ამ პოლიტიკური პარტიის ხელწერა, რომლითაც იგი გამოირჩეოდა 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“ და „ვხედავთ, რომ საქმიანობის ამ ფორმებსა და მეთოდებს ისინი არ იშლიან არც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში“.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტი, რომელიც შეეცდება ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას, მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობალაძისა და ხუსკივაძის დაკავებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილიც და მათ ამ ბრალდებით დაკავებას ამორალური უწოდა:

„ის, რაც გუშინ ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, ამას ამორალობაც არ ჰქვია. როგორ შეიძლება, ადამიანური ტრაგედია გამოიყენო შენი პოლიტიკური მიზნებისთვის. რა განცხადებებიც მოვისმინეთ „ქართული ოცნებიდან“, არც კი ვიცი, როგორ უნდა შევაფასო. მაგრამ გასაგებია ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება“, – განაცხადა უდუმაშვილმა 8 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბრალდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს ქრთამის მიცემას, მუქარასა და იძულებასა და იძულებას ედავება გარდაცვლილი გობეჯიშვილის მიმართ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ – ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა.

აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას.

ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს -2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა”, – აღნიშნავს შსს.

ადვოკატი დავით ჩომახიძე აბსურდულს უწოდებს აღნიშნულ ბრალდებას და დასძენს, რომ სამივე კობალაძე, ხუსკივაძე და გობეჯიშვილი მეგობრები იყვნენ.

დაცვის მხარის პოზიცია

“სამივე მეგობრები იყვნენ, მთავარი რაც არის აქ. არცერთი არ იყო ისეთი, რომ ან მეორე შეეშინებინა, ან დამუქრებოდა. სხვათა შორის, პოლიციაშიც გაუკვირდათ, რომ გაიგეს, რომ მეგობრები იყვნენ”, – უთხრა ჩომახიძემ “ნეტგაზეთს”.

ჩომახიძისვე განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა კობალაძემ გობეჯიშვილი ბოლოს 6 ნოემბერს ნახა. ადვოკატის ინფორმაციით, ისნის საოლქოს თავმჯდომარე კობალაძეს სახლში ესტუმრა.

“[6 ნოემბერს] კობალაძის სახლში მივიდა თედო, საღამოს. ისაუბრეს. მერე მოხდა ისე, რომ დაცილდნენ ერთმანეთს, თედო წავიდა თავის სახლში. დაურეკა კაკოს, სახლში ვარ უკვეო და ეს ჩანაწერიც არსებობს, რომ სახლიდან დაურეკა. დანარჩენი, არაფერი მტკიცებულება იმისი, რომ ქრთამს სთავაზობდა, ან აშინებდა ან რამე, არ არის”, – აცხადებს ის.

მისივე ცნობით, ორივე ბრალდებულის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. გაჩხრიკეს აკაკი ხუსკივაძის მანქანაც, რომლითაც ის გამოკითხვაზე მივიდა. ორივე დაკავებული სხვადასხვა წლებში “ცესკოში”, სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა, თუმცა 2020 წლის არჩევნებისათვის უწყებაში აღარცერთი მუშაობდა.

“ნეტგაზეთი” ისნის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ხუსკივაძე და კობალაძე არ ყოფილან პარტიის აქტივისტები. როგორ დეკანოიძე ამბობს, ისინი ენმ-ში წინასაარჩევნოდ მიიწვიეს “ტრენერებად”, რათა უბნებზე პარტიის წარმომადგენლებისთვის სემინარები ჩაეტარებინათ.

დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 6 ნოემბრის საღამოს, ხუსკივაძე და კობალაძე “მთავარი არხის” სტუმრები იყვნენ. გადაცემაში ორივე მათგანმა ისაუბრა არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე.

გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი – ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი