ახალი ამბები

გახარია ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს

6 ნოემბერი, 2020 • 1209
გახარია ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს.

მისი თქმით, კენჭისყრის პროცესში ხარვეზები, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ მათ პასუხი უნდა გაეცეს სამართლებრივ რეჟიმში და არა – ქუჩაში.

“ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც არსებობდა, არის გამოსწორებადი და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. არ დაგვავიწყდეს ქართველი ხალხის არჩევანი — 9 პოლიტიკური პარტიისთვის მანდატის მინიჭება პასუხისმგებლობის მინიჭება იყო”, – განაცხადა გახარიამ “იმედის” ეთერში.

მისი თქმით, 9 პარტიისთვის მანდატის მიცემით ამომრჩეველმა მათ შორის მმართველ ძალას დაავალა, ერთობლივად ემუშავათ შემდგომი დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად.

“როგორც კი საქართველოს ამომრჩეველმა, მისმა დიდმა ნაწილმა 9 ოპოზიციურ პარტიას მისცა მანდატი, მან ჩვენ, მათ შორის მმართველ ძალას, დაგვავალა – დასხედით და ისაუბრეთ ერთად, ერთად გადაწყვიტეთ ჩვენი პრობლემები. ეს არის ჩვენი მოქალაქის, საქართველოს ამომრჩევლის დავალება და ჩვენ ამ დავალებას მივყვებით და შევასრულებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ მივიღებთ ამ დავალებას, ჩვენ გვესმის ძალიან კარგად ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ის, საითაც დემოკრატიული განვითარების ლოგიკა მიგვითითებს, ამიტომ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები, განსაკუთრებით დღეს, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური კრიზისის პირობებში და, რა თქმა უნდა, შესაძლო პოლიტიკური კრიზისის პირობებში არის აუცილებელი და ჩვენ ყოველთვის ღია და მზად ვართ მსგავსი საუბრებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

თუმცა პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელიც სახელმწიფოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გადის, რომელზე გადასვლასაც ვერავის აპატიებენ.


ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ცესკოსა და მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას უარყოფენ და საუბნო კომისიებში დაფიქსირებულ ხარვეზებს, რომლებიც ოქმებში ბალანსის დარღვევას უკავშირდება, ტექნიკური და ადამიანური ფაქტორებით ხსნიან, რომელიც შემდგომში შესწორების ოქმებით აღმოიფხვრა. არასამთავრობო სექტორში იმ უბნების შედეგების გაბათილებასა და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ, სადაც ოქმებში ბალანსი არ ჯდება. არასამთავრობოების ინფორმაციით, მათი საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა. საოლქო სააღჩევნო კომისიების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა 7 ნოემბერს იწურება.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი