ახალი ამბები

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია – გახარია

6 ნოემბერი, 2020 • 969
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზის ფონზე ოპოზიციის აქციებს დესტრუქციად აფასებს და ამბობს, რომ მთავრობა არ დაუშვებს წითელი ხაზების გადაკვეთას, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე გადის.

“სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასდროს შეზღუდავს. ჩვენ ეს არ გვჭირდება, თუმცა ფაქტია, მსგავსი აქციები არა რისკის შემცველი, არამედ ვირუსის გავრცელების მექანიზმია და ეს  ფაქტია. ეს არ არის ჩვენი გამოგონება, ეს არის ეპიდემიოლოგების შეფასება. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორც ითარგმნება ეს ყველაფერი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. აქ პირდაპირი კავშირია. ჩვენ იძულებული ვიქნებით, გარკვეული ღონისძიებები მივიღოთ, თუმცა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში, არამედ გავაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდვებს, რომ მობილობა შეძლებისდაგვარად დავაგდოთ”, – განაცხადა გახარიამ “იმედის” ეთერში.

მისი თქმით, ესმის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქუჩაში მიდის, თუმცა ეს ვერ იქნება ადამიანის ჯანმრთელობის და ეკონომიკის დანგრევის ხარჯზე.

“ყველას არ ეხება, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი დესტრუქციული პოლიტიკოსის თავში უკვე იღებს ასეთ სახეს: აქცია, როგორც ვირუსის გავრცელება, აქცია, როგორც ეკონომიკურ კრიზისში შესვლა. არსებობს წითელი ხაზები. იქ, სადაც სახელმწიფოს ხელყოფას, დანგრევას ან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას შეეხება საკითხი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არასდროს უკან არ დაიხევს. ჩვენ ვიქნებით ეფექტურები და სწრაფები იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღვკვეთოთ. ეს ვერ შეეხება გამოხატვის თავისუფლებას. ყველას შეუძლია გააკეთოს ეს ისე, რომ დაიცვას შესაბამისი წესები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, სჯერა, რომ ქვეყანა ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება, ოპოზიციის მისამართით კი ამბობს: “თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან”.

პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ არჩევნებზე ხარვეზები არსებობდა, თუმცა მათ პასუხი უნდა გაეცეს დემოკრატიულ ფორმატებში – სამართლებრივი პროცედურების გავლით და არა ქუჩაში, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

“ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც არსებობდა, არის გამოსწორებადი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად”, – დასძინა გახარიამ და თქვა, რომ ოპოზიციის ნაწილი დღეს აქციების მოწყობის, ვირუსის გავრცელებისა და ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში შეყვანის თვალსაზრისით უკიდურესად უპასუხისმგებლოდ იქცევა.

გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლების პასუხისხმგებლობა იყო, ყველაფრისთვის მზად ყოფილიყო.

“სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია, ყველას არ ვგულისხმობ. ქუჩური ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და ჩვენი დემოკრატიული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა. რაც ახლა ხდება, ესეც უნდა გავიაროთ. ესეც ჩვენი მოსახდელია. როცა გლობალური პანდემიის და ეკონომიკური კრიზისი პირობებში გავერთიანდეთ, ვუყურებთ დესტრუქციულ პროვოკაციულ ქმედებებს, რომლის მიზანიც ნათელია და ზედაპირზეა — რაც უფრო მეტი კრიზისი იქნება, უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი ვირუსის გავრცელება იქნება, უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი პრობლემები იქნება სხვადასხვა სისტემებში, უკეთესია [ოპოზიციისთვის]. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ არავის მისცემს უფლებას, ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან და ხელისუფლების ჟინიდან გამომდინარე ქვეყანა დაანგრიოს.

ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ცესკოსა და მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას უარყოფენ და საუბნო კომისიებში დაფიქსირებულ ხარვეზებს, რომლებიც ოქმებში ბალანსის დარღვევას უკავშირდება, ტექნიკური და ადამიანური ფაქტორებით ხსნიან, რომელიც შემდგომში შესწორების ოქმებით აღმოიფხვრა. არასამთავრობო სექტორში იმ უბნების შედეგების გაბათილებასა და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ, სადაც ოქმებში ბალანსი არ ჯდება. არასამთავრობოების ინფორმაციით, მათი საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა. საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა 7 ნოემბერს იწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი