ახალი ამბები

დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება |2020

31 ოქტომბერი, 2020 • 1044
დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება |2020

დღეს, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. მოქალაქეებმა პარლამენტის 150 წევრი უნდა აირჩიონ – 120 პროპორციული, ხოლო 30 – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

არჩევნებში მონაწილეობს 50 საარჩევნო სუბიექტი – 48 პარტია და 2 ბლოკი.  ასევე ამ პარტოებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატებო 30 ოლქში. 

იხილეთ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები

იხილეთ: გაიგე, ვინ არის შენს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი

ასევე დაგაინტერესებთ: პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პროგრამები რამდენიმე ძირითად საკითხზე 

ცესკოს ცნობით:

[checklist]

  • არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3, 657 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).
  • ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170.
  • არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის  5 971 წარმომადგენელი.

[/checklist]

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე იხსნება და 20.00 საათზე იხურება.

გაიგე შენი საარჩევნო უბნის მისამართი 2 წუთში

ცესკოს ცნობით, საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარი. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობითვე, ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები  ჩარჩო/ფორმა, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის კი ადაპტირებულია 1134 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით. 

აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

31 ოქტომბრის 20.00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. ოთხი ტელევიზია ეგზიტპოლის შდეგებს სწორედ 20.00 საათის შემდეგ გამოაქვეყნებს.

ვინ ჩაატარებს ეგზიტპოლებს და პარალელურ დათვლას | არჩევნები 2020

ცესკო აცხადებს, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 

31 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამავე დღეს, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი