ტელეკომპანიები “იმედი”, “ფორმულა”, “მთავარი” არხი და “რუსთავი 2” 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მაყურებლებს ეგზიტპოლის შედეგებს წარუდგენს.
როგორც “ნეტგაზეთს” მთავარ არხში უთხრეს, მათი დაკვეთით ეგზიტპოლს საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A ჩაატარებს, “ფორმულა” კი მაყურებელს Edison Research-ის მომზადბულ ეგზტპოლს შესთავაზებს.
რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედს”, მათთვის ეგიტპოლს ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies მოამზადებს, “რუსთავი 2-ს” კი აღნიშნულ მომსახურებას ბრიტანული კომპანია Survation გაუწევს.
ამასთან, ხმების პარალელურ დათვლას გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED).
როგორც ორგანიზაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ISFED-ს მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000 დამკვირვებელი ეყოლება, რომლებიც საარჩევნო დღის დასრულების შემდეგ ხმების პარალელურ დათვლაში მიიღებენ მონაწილეობას.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.