ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე ფონიჭალაში აფეთქების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს ახალ საცხოვრებელ ბინებს ჰპირდება.
ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის წერილს პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს“, — ნათქვამია წერილში.
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა აფეთქებამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ბუნებრივი აირის უსაფრთხოების სისტემური პრობლემა, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში განხილვის საგანია.
ოფიციალური ვერსიით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, თვეების განმავლობაში დაკეტილი იყო და იქ გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა.
თუმცა სპეციალისტები და უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ სწორედ „დაკეტილი ბინების“ მონიტორინგის არარსებობა, დეტექტორების დეფიციტი და მსგავსი პრობლემები ქმნის სასიკვდილო საფრთხეს არა მხოლოდ კონკრეტული ოჯახებისთვის, არამედ მთელი საცხოვრებელი კორპუსებისთვის.
“ტრაგედიიდან ტრაგედიამდე” – რა აჩვენა ფონიჭალაში გაზის აფეთქებამ
