19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა აფეთქებამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ბუნებრივი აირის უსაფრთხოების სისტემური პრობლემა, რომელიც უკვე ბევრია წელია საქართველოში განხილვის საგანია.
ოფიციალური ვერსიით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, თვეების განმავლობაში დაკეტილი იყო და იქ გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა.
თუმცა სპეციალისტები და უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ სწორედ „დაკეტილი ბინების“ მონიტორინგის არარსებობა, დეტექტორების დეფიციტი და მსგავსი პრობლემები ქმნის სასიკვდილო საფრთხეს არამხოლოდ კონკრეტული ოჯახებისთვის, არამედ მთელი საცხოვრებელი კორპუსებისთვის.
რა მოხდა?
19 ნოემბრის დილით, დაახლოებით 09:00 საათზე თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად, ძლიერი აფეთქება მოხდა. ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბინის 31 წლის მეპატრონე მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული. არიან სხვა დაშავებულებიც, რომლებიც აფეთქებას გადაურჩნენ, თუმცა ამდ რომდე კლინიკაში რჩებიან.
;
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
აფეთქებიდან რამდენიმე საათში გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებმა ხაზგასმით განაცხადეს, რომ კომპანიის ბაზაში მე-5 სართულზე მდებარე ბინა დაკეტილად ირიცხებოდა. კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ განმარტა, რომ 2025 წლის დეკემბრიდან ტრაგედიის დღემდე ბინაში ბუნებრივი აირის არცერთი კუბური მეტრი ხარჯი არ დაფიქსირებულა და აბონენტს ყოველთვიურად ნულოვანი ქვითარი მისდიოდა. ამასთან, კომპანიის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მისამართიდან გაზის სუნთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.
ლეფსვერიძის თქმით, კორპუსში გეგმური შემოწმება 2025 და 2026 წლების იანვარში ჩატარდა (მომდევნო შემოწმება კი 2027 წლის იანვარში იყო დაგეგმილი), თუმცა 2026 წლის იანვარში სპეციალისტებმა უშუალოდ ამ ბინაში შესვლა ვერ შეძლეს:
„შემოწმების დროს ჩვენი თანამშრომლის მიერ მოხდა მეზობლების დახმარებით კონტაქტი ამ პერიოდის განმავლობაში: „მობრძანდით, გაგვიღეთ ბინა, რომ შევამოწმოთ“ და კონკრეტულმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ იმყოფება თბილისში და ჩამოვიდოდა და შემდეგ დაგვიშვებდა მის კუთვნილ ბინაში“, – განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ და ივარაუდა, რომ მეპატრონემ დაკეტილი სახლი სწორედ აფეთქების დღეს გააღო.
შს მინისტრიმა სულხან თამაზაშვილმა მედიას განუცდადა, რომ ბინის მფლობელი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მძიმე დამწვრობა მიიღო და კლინიკაში მოხვდა, კონტაქტური იყო და მათ მოუყვა რა მოხდა სახლში.
„მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. იგი კონტაქტურია და თვითონ გვიყვება, რომ ღამით ჩართო, შემდეგ გამორთო და დილით ისევ სცადა ჩართვა, რა დროსაც მოხდა აფეთქება“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მომხდარი ამბის შესწავლა დაიწყო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახურმა. უწყების განცხადებით, მათ მიერ გამოთხოვილი პირველადი მონაცემებითაც დადასტურდა, რომ ბოლო პერიოდში ბინაში არც ბუნებრივი გაზისა და არც ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდებოდა, რაც საცხოვრებლის ხანგრძლივ უმოქმედობაზე მიუთითებს. ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, ბინაში ორი გაზის დანადგარი: ცენტრალური გათბობის ქვაბი და გაზქურა იყო დამონტაჟებული, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას კი იქ ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.
“დაკეტილი ბინის“ ხაფანგი
არგუმენტი, რომ ბინაში „ნულოვანი ხარჯი“ ფიქსირდებოდა, ტექნიკური თვალსაზრისით უსაფრთხოების გარანტიას სულაც არ წარმოადგენს. ამაზე ყურადღებას ამახვილებს ინჟინერი და პროფესორი თემურ მიქიაშვილი, რომლის შეფასებითაც, ბუნებრივი აირის აფეთქებები საქართველოში უკვე სისტემურ პრობლემად იქცა. მის მიერვე, ტელეკომპანია “პირველის” პირდპაირ ეთერში მოყვანილი სტატისტიკით, 2019-დან 2025 წლამდე ქვეყანაში გაზის 29 აფეთქება მოხდა, რასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა.
ინჟინერის განმარტებით, დღეს არსებული აღრიცხვის სისტემის პირობებში, გაზის ხარჯის არდაფიქსირება ხშირად ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აღმრიცხველს კარი არავინ გაუღო, ან გაჟონვა იმდენად მცირე იყო, რომ სტანდარტულმა მრიცხველმა იგი ვერ აღრიცხა. მიუხედავად ამისა, დახურულ სივრცეში მიკროგაჟონვებსაც კი შეუძლია თვეების განმავლობაში კრიტიკული, ფეთქებადსაშიში კონცენტრაციის დაგროვება:
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახლში გამავალი ძირითადი მილგაყვანილობა ლითონისაა და გამძლეა, შემომყვანი ტერმინალიდან უშუალოდ გაზქურამდე ან სხვა დანადგარამდე დაერთება ხშირად პლასტმასის მილებითა და რეზინის შლანგებით კეთდება. დროთა განმავლობაში ეს მასალა ცვდება და იწყება გაზის შეუმჩნეველი გაპარვა.
ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობისას დაგროვილი აირი სახლიდან გარეთ ვერ გადის, ხოლო გაზში შერეული სპეციალური სუნი დაკეტილ სახლში შემსვლელი ადამიანისთვის ყოველთვის დროული სიგნალის მიმცემი არ არის ხოლმე.
თემურ მიქიაშვილის რეკომენდაციით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დიდი ხნით დაკეტილ სახლში შედის (მაშინაც კი, თუ წასვლისას ყველა ონკანი საგულდაგულოდ გადაკეტა) უნდა ახსოვდეს მთავარი წესი: კარის გაღებისთანავე კატეგორიულად აკრძალულია შუქის ანთება, ნებისმიერი ელექტროჩამრთველის გამოყენება. “უმცირესი ელექტრული ნაპერწკალიც კი საკმარისია აფეთქების გამოსაწვევად”. სპეციალისტის რეკომენდაციით, პირველი მოქმედება ყოველთვის ფანჯრების გაღება და ბინის განიავება უნდა იყოს.
სახელმწიფოს ვალდებულება
სამართლებრივი და ინსტიტუციური კუთხით, ფონიჭალის ტრაგედია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც მარეგულირებელი ნორმების პრაქტიკულ ეფექტიანობას, ისე სახელმწიფოსა და კერძო ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლებს. ამის შესახებ საუბარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
საიას შეფასებით, ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვის კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულება სახელმწიფოს ავალებს, მიიღოს პრევენციული ზომები მოქალაქეთა ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ორგანიზაცია მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2021 წლის 31 დეკემბრის N80 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებზე“. აღნიშნული დოკუმენტი „თბილისი ენერჯის“, როგორც სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე სისტემის ოპერატორს, ავალდებულებს: აწარმოოს მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის სისტემატური შემოწმება; უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, წერილობით აცნობოს მომხმარებელს მოსალოდნელი შედეგების შესახებ და განახორციელოს სათანადო რეაგირება.
საია-ს პოზიციით, მსგავსი ტრაგედიების შემდეგ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ ამოიწურება მხოლოდ გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებით. საზოგადოებას სჭირდება გამჭვირვალე პასუხი კითხვაზე: რამდენად ამომწურავად იყო მიღებული პრევენციული ზომები და რამდენად მუშაობს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო რეალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბინის მეპატრონე ადგილზე არ იმყოფება და ინსპექტორი კარს მიღმა რჩება.
როგორ ავიცილოთ ახალი ტრაგედიები?
ბუნებრივი აირის გაუმართავი მოხმარება ორ განსხვავებულ საფრთხეს ქმნის: თუ ნახშირჟანგით (CO) მოწამვლა ლოკალური პრობლემაა და მხოლოდ კონკრეტული ბინის მცხოვრებლებს ემუქრება, გაზის დაგროვებით გამოწვეული აფეთქება უფრო ბევრ ადამიანს უქმნის საფრთხეს, მას შეუძლია მთელი სადარბაზოს ჩამოშლა და ათობით მეზობლის სიცოცხლის მოსპობა, განსაკუთრებით თუ ეს მოძველებულ კორპუსში ხდება, როგორც ფონიჭალის შემთხვევაში იყო.
ექსპერტების შეფასებით, სწორედ ამ კოლექტიური საფრთხის მასშტაბი აქცევს გაზის ერთი ონკანს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის საკითხად.
ინჟინერ თემურ მიქიაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე რეჟიმს თავი დააღწიოს, აუცილებელია ფრაგმენტული რეაგირების ნაცვლად სისტემურ პასუხსა და გამოსავალზე ფიქრი.
დეტექტორების მასობრივი დანერგვა და სუბსიდირება
პროფესორის თქმით, ტექნიკური თვალსაზრისით, გაზის გაჟონვის ერთადერთი საიმედო დამზღვევი ბინებში დამონტაჟებული დეტექტორია. ბაზარზე არსებობს როგორც ხმოვანი და ვიზუალური სიგნალიზაციის მქონე, ისე დისტანციური შეტყობინების ფუნქციით აღჭურვილი მოწყობილობები, რომლებიც გაჟონვისთანავე აგზავნიან სიგნალს მესაკუთრის მობილურ ტელეფონზე ან ავტომატურად კეტავენ გაზის მიწოდებას. თემურ მიქიაშვილის გათვლებით, ერთი დეტექტორის ფასი ხარისხის მიხედვით 60-დან 350 ლარამდე მერყეობს. მისივე მოლოდინით ის ადამიანები, ვისაც ამ ხარჯის გაღება შეუძლიათ, საკუთარი სახლისა და სიცოცხლის დასაცავად, მას აუცილებლად შეიძენენ.
რაც შეეხება გაჭირვებულ ოჯახებს, მისივე შეფასებით, სოციალურად დაუცველი და ხელმოკლე ოჯახების აღჭურვას დედაქალაქში დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე დასჭირდება, ანუ თანხა, რომლის გაწერაც მუნიციპალიტეტს შეუძლია მრავალწლიანი პროგრამის ფარგლებში, კომუნალური სუბსიდირების მსგავსი მოდელით.
მუდმივ კონტროლზე გადასვლა
მიქიაშვილი მიიჩნევს, რომ წელიწადში ერთხელ ჩატარებული გეგმური ვიზიტი საკმარისი არ არის. აუცილებელია ორმხრივი კონტროლი: ერთი მხრივ, კვალიფიციური საინჟინრო პერსონალის მიერ კორპუსების ცენტრალიზებული მიწოდების კვანძების რეგულარული (თუნდაც ყოველკვირეული) მონიტორინგი, ხოლო მეორე მხრივ აღმრიცხველების მიერ „საეჭვო“ და მაღალი რისკის მქონე ბინების (მათ შორის ხანგრძლივად დაკეტილი ან მოძველებული გაყვანილობის მქონე ბინების) სპეციალური ბაზის შექმნა, რათა კომპანიამ ასეთ აბონენტებთან მიზნობრივად იმუშაოს.
ტექნიკური კვალიფიკაციის ამაღლება
პროფესორ მიქიაშვილის თქმით, სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტი, დაბალი ანაზღაურება და არასაკმარისი მუდმივი გადამზადება პირდაპირ აისახება უსაფრთხოების ხარისხზე. გაზის მეურნეობა მაღალი რისკის სექტორია, სადაც სტანდარტების ფორმალური დაცვა დაუშვებელია.
მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიები ტელევიზიით
მისივე შეფასებით, გაზის გამანაწილებელი კომპანიების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში განთავსებული ინსტრუქციები ვერ აღწევს მოქალაქეთა ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფამდე: ასაკოვან და პენსიონერ ადამიანებამდე, რომლებსაც ხშირად არც სოციალურ ქსელებთან აქვთ წვდომა და შესაძლოა სმენა ან ყნოსვაც დაქვეითებული ჰქონდეთ. შესაბამისად, აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო ტელევიზიების ეთერით სპეციალისტების მონაწილეობით რეგულარული საგანმანათლებლო რგოლების გაშვება.
