რეფორმები სასამართლოში და გავლენის შეზღუდვა “კლანისთვის”
საშუალო და მცირე ბიზნესის გადასახადებისაგან სრული გათავისუფლება
გადასახადების გაზრდა მსხვილი ბიზნესისთვის
ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა იმპორტზე გადასახადის ზრდის ხარჯზე
სათამაშო ბიზნესისათვის მოსაკრებლის გახუთმაგება
რეგულაციები ალკოჰოლის გაყიდვაზე
ეს არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიის „სამრთალიანობისთვის“ დაპირებების მცირე ჩამონათვალი. რა პროგრამა აქვს პარტიას და როგორ აპირებს მის შესრულებას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში?
პარტიის შესახებ
პარტია „სამართლიანობისთვის“ 2019 წლის მაისში შეიქმნა „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან წასული დეპუტატების: ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ, რომლის მიზანი მართლმსაჯულების რეფორმის აღსრულება და ქვეყანაში დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნაა.
სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებული განსხვავებული ხედვების გამო გაიყარა პარტიის დამფუძნებლებისა და „ქართული ოცნების“ გზები. ისინი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვდნენ და არ ეთანხმებოდნენ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში სასამართლოში არსებული გავლენიანი მოსამართლეების, ე.წ. კლანის ინტერესების გამტარებელი კანდიდატების მოხვედრას. ამასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირებაც მოახდინეს. აღნიშნული კანონპროექტისთვის მხარის არდაჭერის შემდეგ მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს და ახალი პარტია დააფუძნეს, რომლის მიზანიც გადმოიტანეს სახელწოდებაში — „სამართლიანობისთვის“.
მოგვიანებით პარტია დატოვა ორმა დამფუძნებელმა — გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ. ეკა ბესელია კი პარტიის თავმჯდომარე, საარჩევნო სიის პირველი ნომერი და მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატია.
როგორც ეკა ბესელია ამბობს, პარტიის ნიშა არის სანდოობა და დამაჯერებლობა.
„ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში და პრინციპული გადაწყვეტილების დროს პარტია, პარტიის ლიდერი ჩემი სახით, არასოდეს არ მიდის კომპრომისზე და ყოველთვის პრინციპების სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას“, — ამბობს ბესელია.
ეკა ბესელია ასევე ჩართული იყო ოპოზიციურ ჯგუფებს შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე მოლაპარაკებებშიც. თუმცა ოპოზიციის ნაწილთან ერთად ხელი არ მოუწერია სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე მემორანდუმისთვის.
პარტია „სამართლიანობისთვის“ მემარჯვენე-კონსერვატიულ იდეოლოგიას ემყარება და ქვეყნის განვითარების ევროატლანტიკური გზა უალტერნატივოდ მიაჩნია.
სასამართლო
პარტიის საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი სასამართლოს რეფორმისათვის საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებაა. სასამართლოს სისტემური რეფორმის დასრულებამდე კი მოსამართლეთა უვადო არჩევის წესის ვადიანი არჩევით შეცვლა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის კონსტიტუციით დარეგულირებაა.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ნაწილის საერთო გეგმა, რომელიც ნაფიცი მსაჯულების როლის გაზრდას, პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევითობასა და უმაღლეს ინსტანციაში უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანას ითვალისწინებს, არასრულყოფილი და ზედაპირულია. ამ შეფასებაში კი თანამოაზრეებად ასახელებენ „ლელოს“, „თავისუფალ საქართველოს“ და იმ პარტიებს, რომლებიც მათ მსგავსად აღნიშნულ შეთანხმებას არ შეურთდნენ.
თუმცა ითვალისწინებენ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას პარლამენტში შესაბამისი უმრავლესობის (113 დეპუტატი) მხარდაჭერა სჭირდება და მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი ჰგონიათ. ამის იმედს კი ის აძლევთ, რომ ეს პუნქტი ოპოზიციის ნაწილის იმ მემორანდუმშიც მოხვდა, რომელსაც პარტია ხელს არ აწერს.
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ზოგადი წესი ძალაში შევიდა მართლმსაჯულების რეფორმის „მეორე ტალღის” დროს, რომლის მიხედვითაც მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე კანონით დადგენილი ასაკის (65 წელი) მიღწევამდე განწესდება. მანამდე მოსამართლეს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა უნდა გაევლო.
ბესელიას განმარტებით, ახლა საჭიროა, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციით გაუქმდეს და გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ყველა განსაზღვრული ვადით, მაგალითად, 10 წლით, ინიშნება, რითაც იმ მოსამართლეების ხელახლა დანიშვნა ვეღარ მოხდება, ვისაც ეს ვადა უკვე გასული აქვს. მისი თქმით, ასეთ მოსამართლეებს შორის მოხვდებიან ძველი მოსამართლეები, “რომელთა მიმართაც სასამართლოს პოლიტიზებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს”.
„როცა ჩაიწერება, რომ ყველა ათწლიანი ვადით ინიშნება, ვისაც გასული აქვს ათწლიანი ვადა და გასული აქვს თითქმის ყველა იმ მოსამართლეს, რომელიც ახლა არჩეული იქნა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, კლანს ვისაც ვუწოდებთ, მათი ხელახლა დანიშვნა ვერ მოხდება“, — ამბობს ის.
EMC-ის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი, გურო იმნაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება კონსტიტუციური ცვლილებებითაა შესაძლებელი. თუმცა, მისი თქმით, ჩნდება კითხვები მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შემთხვევაში, როგორ უნდა გავრცელდეს ვადიანობა უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებზე, ან როდიდან დაიწყება, მაგალითად, ვადის ათვლა.
ეკა ბესელია, რომელიც “ქართული ოცნების” წევრი იყო, როდესაც მართლმსაჯულების რეფორმის “მეორე ტალღა” ხორციელდებოდა, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ზოგადად მოსამართლეთა უვადოდ არჩევის (რასაც მკვლევართა ნაწილი მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიის ერთ-ერთ წინაპირობად ასახელებს) წინააღმდეგი არაა, თუმცა, მისი თქმით, ამაზე ფიქრი მას შემდეგ შეიძლება, რაც სასამართლო სისტემა გაიმართება, ე.წ. კლანი წავა და სისტემაში ახალი მოსამართლეები შემოვლენ.
არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციაში კლანად მოიხსენიებენ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე გავლენის ბერკეტით აკონტროლებს სიტუაციას სასამართლო სისტემაში, მათ შორის იმას, თუ ვინ გახდება ახალი მოსამართლე, ვინ დაინიშნება მნიშვნელოვან თანამდებობაზე და ა.შ. თავად სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას უარყოფენ.
კითხვაზე, რა დააზღვევს იმ რისკებს, რომ ახალი მოსამართლეები პოლიტიკური გავლენების ქვეშ არ მოექცევიან, ბესელიას პასუხი იუსტიციის საბჭოსთვის ფუნქციების შემცირებაშია.
დღევანდელი კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციებს შორისაა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების შექმნა, სამოქმედო ტერიტორიის, მოსამართლეთა რაოდენობის და სპეციალიზაციის განსაზღვრა, დისციპლინური სამართალწარმოება და ხარისხის მართვა საერთო სასამართლოებში და ა.შ.
ბესელიას თქმით, თუ საბჭოს დიდი გავლენა არ ექნება, ინტერესიც აღარ იქნება, რომ მას ვინმე „დაეპატრონოს“. როგორც ის ამბობს, დღეს საბჭო „მონსტრია“, რომელსაც სასამართლოზე ყველა ტიპის ძალაუფლება აქვს.
რაც შეეხება პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართელეების დანიშვნას, ბესელია ამბობს, რომ ისინი ახალი პარლამენტის შემდეგ შემდგარმა იუსტიციის საბჭომ უნდა შეარჩიოს.
„როგორც კი ამ ძალაუფლებას დავაზღვევთ, ძალაუფლებისგან გავათავისუფლებთ საბჭოს, დავუტოვებთ ადმინისტრირებას, მენეჯმენტის და მსგავსი საკითხების გადაწყვეტას და მოსამართლეების გათავისუფლებას და დისციპლინურ პასუხისმგებლობას გამოვიტანთ ცალკე. ეს კანონით მოხდება, ასეთ შემთხვევაში საბჭო აღარ ჩამოყალიბდება მონსტრად. რადგან საბჭოს ხელში ძალაუფლება მეტია, კლანიც ყალიბდება“, — აღნიშნავს ის.
დღეს არსებული მდგომარეობით, იუსტიციის საბჭოს 15 წევრისგან შედგება, შემადგენლობის ნახევარზე მეტს კი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები შეადგენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს პარლამენტი ირჩევს, ერთ წევრს კი საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.
ბესელიას თქმით, კლანად ჩამოყალიბების საფრთხეების დასაზღვევად, ფუნქციასთან ერთად, იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაც უნდა შეიცვალოს და არამოსამართლე წევრების გავლენა გაიზარდოს. ამისასთვის კი, მისი თქმით, საჭიროა არამოსამართლე წევრების რაოდენობის გაზრდა და არამოსამართლე წევრების შემოყვანის პროცესის უფრო მეტად გახსნა და გამჭვირვალობა.
იმას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ე.წ. კლანს მყარი ინსტიტუციონალიზებული ძალაუფლება აქვს, ეთანხმებიან არასამთავრობოების ნაწილშიც. როგორც გურო იმნაძე ამბობს, ამის შეცვლა გარეგნული საკანონმდებლო ცვლილებებით ძალიან რთული იქნება.
მისი განმარტებით, ერთ-ერთი მოდელი შეიძლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დათხოვნა იყოს. ის ამბობს, რომ ამას ძალიან სერიოზული დასაბუთება დასჭირდება და შეიძლება კონსტიტუციურ ცვლილებებთან იყოს ასოცირებული. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს მოდელი ერთადერთი არ არის.
რაც შეეხება ძალთა ბალანსს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, გურო იმნაძე ამბობს, რომ საბჭოში უმრავლეს საკითხებზე გადაწყვეტილება 2/3-ის უმრავლესობით უნდა მიიღებოდეს, რათა მოსამართლე წევრების მხრიდან ავტონომიური გადაწყვეტილებების მიღება თავიდან იქნეს აცილებული. თუმცა არ ფიქრობს, რომ ეს არამოსამართლე წევრების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს. მისი თქმით, უმრავლესობას მოსამართლე წევრები უნდა ქმნიდნენ, იმიტომ, რომ ეს სასამართლოს თვითმმართველობის ფუნქციას აძლევს. მისი თქმით, პრობლემა არის ის, რომ საბჭოში ძირითადად პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრები არ არიან არჩეული.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ეკა ბესელია ყურადდღებას ამახვილებს, სისტემაში მოსამართლეების ნაკლებობაა. იმაზე, რომ მოსამართლეთა სიმცირის გამო სასამართლოში საქმეები გროვდება, საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
ეკა ბესელიას თქმით, ახალი მოსამართლეების დანიშნვას ხელს სწორედ სისტემაში არსებული კლანი უშლის. როგორც ბესელია ამბობს, საბჭოს შემადგენლობის შეცვლისთანავე საჭიროა, რომ მინიმუმ 100 ახალი მოსამართლე დაინიშნოს.
ჩვენ ასევე ვკითხეთ მას, როგორ უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების მომზადება და შერჩევა, მაშინ, როცა კითხვები იუსტიციის უმაღლეს სკოლასთანაც არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ კონკურსსა და მსმენელთა შერჩევის ეტაპები პრობლემურია. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სკოლა არ არის უფლებამოსილი, თავად შეარჩიოს მსმენელები. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა არ ქმნის საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილების მიღება.
ბესელია ამბობს, რომ ახალი მოსამართლეები ბორდოს სკოლის მოდელით უნდა დაინიშნონ.
მისი განმარტებით, განსხვავებით იუსტიციის სკოლისაგან, ბორდოს სკოლის მოდელის მთავარი პრინციპი უფრო ხანგრძლივი და ხარისხიანი სწავლება და გამოცდის მაღალი სტანდარტია. მისი თქმით, აღნიშნული სკოლის დამთავრების შემდეგ, „კითხვის ნიშნები არ რჩება“, იურისტი კარგი მოსამართლე იქნება თუ არა.
„ეს სკოლაც გამოვა იუსტიციის საბჭოს გავლენისგან. დღეს სკოლას იუსტიციის საბჭო უწევს ზედამხედველობას და იქ დამთავრებული მოსამართლეები ვერ ხვდებიან საბჭოს მიერ მხარდაჭერილები. ანუ ეს ბმები, რომელიც საბჭოს მონსტრად აქცევს და სკოლასაც აქცევს ფორმალურად, უნდა ჩავხსნათ, რომ გაიხსნას ეს ჩაკეტილი სივრცე“, — ამბობს ბესელია.
როგორც გურო იმნაძე ამბობს, ბორდოს მოდელის მსგავსი სისტემის დანერგვას წლებია სამოქალაქო საზოგადოებაც ითხოვს. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის უნივერსალური მოდელი არ არსებობს, თუმცა იმ პირობებში, როცა სკოლის მსმენელები პროფესიული კრიტერიუმების ნაცვლად პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით შეიძლება შეირჩნენ, ბორდოს მოდელი მისაღებია. მისი განმარტებით, ბორდოს მოდელის უპირატესობაც სწორედ ისაა, რომ უმაღლესი სკოლის მსმენელები, მოსამართლეობის კანდიდატები მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული კრიტერიუმების მიხედვით ირჩევიან და სწავლების პროცესი იმდენად მაღალია, რომ მოსამართლეებს შეუძლიათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის მიღება.
ეკა ბესელიას კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, ახალი მოსამართლეები გამოსაცდელი სამწლიანი ვადით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებით 2024 წლამდე, უნდა განწესდნენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგში ვკითხულობთ, რომ გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების პროცედურა ბუნდოვანია და მოსამართლეთა შეფასების პროცედურის არასრულყოფილი რეგულაციები თვითნებობისა და არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლევა.
კითხვაზე, რამდენად კარგი პრაქტიკაა გამოსაცდელი ვადით მოსამართლეების დანიშვნა — ბესელია ამბობს, რომ როცა ქვეყანა სამართლებრივად ჩამოუყალიბებელია, რეფორმის გაატარებამდე პროცესი ეტაპობრივი უნდა იყოს.
თუმცა გურო იმნაძე ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს მოსამართლეთა დანიშვნის პოლიტიზებული და მიკერძოებული პროცესი, როცა გავლენიანი ჯგუფი ცდილობს, გავლენა მოახდინოს და შეინარჩუნოს კონკრეტულ მოსამართლეებზე, გამოსაცდელი ვადა პრობლემურია.
იმნაძის თქმით, მთავარი მოთხოვნა და რეკომენდაცია ყველა პოლიტუკური პარტიის მიმართ ის არის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხზე დისკუსიები გაიხსნას და საგნობრივი მსჯელობები დაიწყოს.
ეკონომიკა
პარტია „სამართლიანობისთვის“ პირველ ორ წელიდწადს 6-დან 8%-მდე ეკონომიკური ზრდას უმიზნებს, 4 წლისთავზე კი — 12%-იანს. პარტია ამ შედეგების მისაღწევად შემდეგი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
- ბიუჯეტის გამჭვირვალეობა;
- მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადისგან გათავისუფლება;
- გადასახადის 70%-ის აკუმულირება 30% გადასახადის გადამხდელისგან;
- მსხვილი ბიზნესის, მათ შორის კაზინოების დაბეგვრის გახუთმაგება.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში გადასახადების ტვირთი ბიზნესს შორის არათანაბრად არის გადანაწილებული და ამიტომ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 500 ათას ლარამდეა, ყველანაირი გადასახადისგან, მათ შორის, საშემოსავლო, მოგების, დამატებითი ღირებულების, ქონების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადისაგან გათავისუფლებას ჰპირდებიან და წლის განმავლობაში თავიანთი ბრუნვიდან შემოსავლის მხოლოდ 1% გადახდას სთავაზობენ. დღეისათვის დღგ-ზე შეღავათით მხოლოდ ის ბიზნესი სარგებლობს, რომლის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს არ აღემატება.
პარტიის გათვლებით, საშუალო და მცირე მეწარმეების გადასახადებისგან გათავისუფლებამ შესაძლოა, პირველივე წელიწადს დაახლოებით 50 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას. ჩვენს კითხვაზე, რა აძლევთ ამის თქმის საფუძველს, პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერი იასე ზაუტაშვილი პასუხობს, რომ გადასახადის არარსებობა მცირე და საშუალო ბიზნესს გაფართოებისა და ახალი თანამშრომლების დამატების სტიმულს მისცემს, სწორედ ამ მოლოდინს ემყარება ეს განცხადებაც.
კითხვაზე, რამდენი შეიძლება ბიუჯეტმა ამ ინიციატივით დაკარგოს, ზაუტაშვილი ამ ეტაპზე ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადების გათავისუფლებით დაკარგული საშემოსავლო წილი მსხვილმა ბიზნესმა უნდა დააკომპენსიროს, რაც გულისხმობს, რომ 70% გადასახიდის აკუმულირება 30% გადასახადის გადამხდელისგან უნდა მოხდეს.
პარტიაში ზუსტი პასუხი არც იმ კითხვაზე აქვთ, ამ ინიციატივის განხორციელების შემდეგ კონკრეტულად რომელი ბიზნესის გადასახადები გაიზრდება და რამდენით, თუმცა, ამ ეტაპზე ზუსტად იციან, რომ სათამაშო სექტორის ბიზნესითვის სალიცენზიო მოსაკრებლის მინიმუმ გახუთმაგებას აპირებენ, რაც აზარტულ სათამაშო სექტორში საგადასახადო წნეხს მნიშნელოვნად გაზრდის. ხომ არ გამოიწვევს ეს ამ ბიზნესიდან მოთამაშეების საერთოდ გასვლას? იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ „გამორიცხულია“.
„დღეს ამ სექტორში არის დაახლოებით 5, 6, 7 დიდი მოთამაშე, რომელიც ყველასთვის ცნობილია. ისინი მილიონ ლარებს ხარჯავენ თავიანთ რეკლამაში და კონკურენცია მათ შორის დიდია. ამის გარდა, აქ არ არის მხოლოდ საქართვლოს მოქალაქეებზე საუბარი, ვინც ამ ბიზნესით ერთობა. არამედ საუბარი არის ტურისტებზე, რომლებიც თურქეთიდან იქნება, რუსეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან იქნება, ბევრი ჩამოდის აქ სათამაშოდ“, — ამბობს ის.
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობას რეფერენდუმის გარეშე არ შეუძლია გაზარდოს შემდეგი გადასახადების განაკვეთები: საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და იმპორტის გადასახადი.
იასე ზაუტაშვილს ვკითხეთ, პროგრამის ფარგლებში ითვალისწინებს თუ არა იმას, რომ ბიზნესის ნაწილისთვის გადასახადების გაზრდას შესაძლოა რეფერენდუმი დასჭირდეს, სადაც არავინ იცის წინასწარ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი, რაზეც მან გვიპასუხა:
„ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ [რომ რეფერნდუმით გავა], იმიტომ, რომ ერთ მხარეს დგას გამდიდრებულ-გაზულუქებული ბიზნესსაზოგადოების ერთი კასტა, რომელიც 5-6-7 ბიზნესის გარდა არაფერს წარმოადგენს, და მეორე მხარეს დგას, თუ ბიზნესის კუთხით შევხედავთ, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელშიც საქართველოში ასი ათასობით კაცი არის ჩაბმული, რომელთაც ეძლევათ ამოსუნთქვის საშუალება“, — ამბობს ის.
პარტია „სამართლიანობისთვის“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ “არასაჭირო ბიუროკრატიული ხარჯები” უნდა შეამციროს. მაგალითსთვის, მათი ერთ-ერთი ინიციატივაა, რომ საჯარო სექტორში მნიშნელოვნად შემცირდეს იმ მოხელეების რაოდენობა, ვისაც მანქანა ემსახურება.
მისივე თქმით, ქვეყანას ბევრად უფრო მცირე, მობილური და მოქნილი მთავრობა უნდა ჰყავდეს და ისეთი სამინისტროების და უწყებების ფორმირება უნდა მოხდეს, რომლებიც კონკრეტულად პრიორიტეტულ დარგებს ემსახურება.
პარტიაში ფიქრობენ, რომ სხვადასხვა სერვისის მომწოდებელი სსიპების და აიპების პრივატიზაცია ან საერთოდ გაუქმება სჯობს. იასე ზაუტაშვილის განმარტებით, თუ ეს საქმე კერძო სექტორში გადავა, კერძო კომპანია ხარჯების ოპტიმიზაციასაც უკეთ გააკეთებს და მოგებაზე ორიენტირებულიც იქნება და თუ რაიმე სახელმწიფო შეკვეთას მიიღებს, იმასაც უკეთესად შეასრულებს.
კითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა იმას, რომ სსიპებისა და აიპების გაუქმება საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების უმუშევრად დარჩენას გამოიწვევს, ზაუტაშვილი გვპასუხობს:
„ერთი მხრივ, შეიძლება ათასი, 10 ათასი ან 20 ათასი კაცის დასაქმებას წყვეტს, მეორე მხრივ, წარმოიდგინეთ, რამხელა არასაჭარო ხარჯია ბიუჯეტიდან“.
„დასაქმების პრობლემა არ ნიშნავს იმას, რომ ოღონდ უმუშევრობის პროცენტი მქონდეს დაბალი და ამიტომ მე შესაძლო ყველა კადრი[…] მე შევხედავ, რამდენად კვალიფიციურია ადამიანი, ვინც ამ სსიპში მუშაობდა და მაქვს იმის რესურსი, სხვადასხვა სამინისტროში, უწყებაში მოხდეს მათი გადანაწილება. დიდი აპარატია სახელმწიფოსი, ნაწილი, დიდი ბოდიში, დარჩება ნამდვილად უმუშევარი და თვითონ მოუწევთ სამსახურის ძებნა“, — ამბობს ის.
პარტიაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შიდაწარმოება უნდა გაძლიერდეს და იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით მას სახემწიფოსგან მეტი ბენეფიტი ჰქონდეს. ამიტომ იმპორტზე გადასახადების გაზრდით ფასების ხელოვნურად დარეგულირებას აპირებენ.
“მაგალითისთვის, არგენტინიდან შემოტანილი მსხალი ბევრად უფრო ძვირი უნდა ღირდეს, ვიდრე აქ მოყვანილი”, — ამბობს იასე ზაუტაშვილი.
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ადგილობრივი მოხმარებისთვის საკმარისი პროდუქცია არ იწარმოება, ზაუტაშვილს ვკითხეთ, რამდენად მიზანშეწონილია იმპორტზე ზომების გამკაცრება.
„მას მერე, რაც მზად ხარ, რომ შენი ქართული ბაზარი მაინც გყავდეს დაკმაყოფილებული ადგილობრივი ნაწარმით, მერე, რასაკვირველია, შენ იმას იმპორტის გადასახადს უმატებ. რომელი სჯობს ჩვენთვის, ის კაცი გაკოტრდეს, ვისაც წარმოების სურვილი აქვს, ოჯახს ასაქმებს და ახლობლებს, თუ გავამდიდრო ის ბიზნესმენი, რომელსაც იმპორტი შემოაქვს ქყეყანაში. ორივენი გამდიდრდნენ, ოღონდ ამან აქ იშოვოს, იმან ცოტა მეტი გადასახადი გადაიხადოს და ნაკლები მოგება ჩაიდოს ჯიბეში და შემოიტანოს, რამდენიც უნდა“, — ამბობს ის.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ქვეყანაში ინვესტიციების ნაკლებობას, პირველ რიგში, გაუმართავი სასამართლო სისტემის შედეგად შექმნილ არასტაბილურ გარემოს უკავშირებს. გარდა ამისა, პარტიაში ფიქრობენ, რომ ინვესტიციების შესახებ კანონი კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსის მქონე ბიზნესსუბიექტებს საგადასახადო შეღავათები უწესდებათ, საუბარია საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათის დაწესებაზე, ხოლო მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებაზე. დღეს საქართველოში მოგების გადასახადი 15%-ს შეადგენს.
ჩვენს შეხსენებაზე, რომ ინვესტორების მოსაზიდად სახელმწიფოს საშეღავათო პირობები ისედაც აქვს და რა იქნება განსხვავებული, ზაუტაშვილი გვპასუხობს, რომ რადგან სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს, ინვესტორებისთვის აქამდე არსებული საშეღავათო პირობები უნდა „გახუთმაგდეს“ და „გაათმაგდეს“.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ქვეყნის გადარჩენის გზა ინვესტორებშია, ამიტომ მათ „მეტი კარები და ფანჯრები“ უნდა გაუხსნან.
„გადასახადის მიმართულებით, გავაკეთოთ ხუთწლიანი შეღავათი. მივცეთ მიწა სიმბოლურ 1 ლარად. მაგალითად, დუბაიში ინვესტორს ეძლევა საშუალება გააკეთოს ბიზნესი, ოღონდ ის ვალდებულია, რომ დასაქმებულების 70% იყოს ადგილობრივი, ასეთი რაღაცები შევიმუშაოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მიწა არ უნდა მიყიდო უცხოელს, მაგრამ მივცეთ მიწა 50 წლის ვადით, თუნდაც 100 წლის ვადით, რომ იგი ამ ქვეყანაში სტაბილურად თვლიდეს თავს“, — ამბობს ის.
ჯანდაცვა
პარტიის მიზანია პროფილაქტიკური ღონისძიებების პრიორიტეტად გამოცხადება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ადგილობრივ დონეებზე გაძლიერება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნისათვის ეკონომიკურად უფრო მომგებიანი დაავადების პრევენციის დაფინანსება და დაავადებების თავიდან აცილებაა, ვიდრე ამ დაავადებებისთვის ჰოსპიტალურ სექტორში უამრავი ფულის გადახდა.
„რაც უფრო მეტად მოვახერხებთ, რომ ადამიანები არ გახდნენ ავად, მით უკეთესია ქვეყნისათვის. იმიტომ, რომ ეს არის სამუშაო ძალა, მუშაობენ ეკონომიკისთვის და, შესაბამისად, ჰოსპიტალურ სექტორშიც ნაკლები თანხა იხარჯება“, – ამბობს პარტიის საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი ზაზა წერეთელი.
პარტიაში ფიქრობენ, რომ თუ პირველადი ჯანდაცვა სათანადოდ განვითარდება, შეიძლება ჰოსპიტალების შემცირების საკითხიც დადგეს, რადგან უბრალოდ ამის საჭიროება აღარ იქნება.
წერეთლის თქმით, პრობლემა არის ისიც, რომ საავადმყოფოების უმრავლესობა კერძოა. საქართველოში არსებული საავადმყოფოების თითქმის 40%-ს სადაზღვევო კომპანიები ფლობენ, 30%-ს – ფიზიკური პირები, ხოლო 20%-ს- სხვადასხვა ტიპის კომპანიები.
როგორც ზაზა წერეთელთან საუბარში გავარკვიეთ, ის ემხრობა მოდელს, როდესაც სახელმწიფოს აქვს ბერკეტი აკონტროლის, თუ რა ფასებს დააწესებენ სამედიცნო სერვისებზე საავადმყოფოები. როგორც ცნობილია, ამ მიმართულებით დაიწყო მოძრაობა მმართველმა გუნდმაც, რისი მაგალითიცაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრების #520 დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისების ნაწილი სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ.
ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების სწორად გადასანაწილებლად პარტია ფიქრობს, რომ ეს დიაგნოზზეა დამოკიდებული და დიარჯი სისტემის დანერგვას ემხრობა.
„მაგალითად, ვიცით, რომ ბრმა ნაწლავის ოპერაცია, სადაც არ უნდა წახვიდეთ, შეიძლება იყოს 400 ლარი, მეტ-ნაკლებად ყველამ იცის, რა არ ღირს, და მეორე, სახელმწიფო არეგულირებს და იცის. მაგალითად, დღის განმავლობაში გაკეთდა 1000 ბრმა ნაწლავის ოპერაცია, შესაბამისად, მან იცის, რომ ბრმა ნაწლავისთვის დასჭირდება 40 ათასი ლარი და ეს არის დათვლილი“, — ამბობს ზაზა წერეთელი.
პარტია „სამართლიანობისთვის“ გეგმავს, რომ თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებიბის მავნე გავლენის შესახებ საინფორმაციო კამპანია გააძლიეროს და ამასთან ერთად გარკვეული რეგულაციები შემოიღოს.
ზაზა წერეთელი იზიარებს ქვეყანაში არსებულ პრაქტიკას, რომ თამბაქოზე ფასის გაზრდა, მოწევას ამცირებს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი არსებობს, სიგარეტზე აქციზის გაზრდის პარალელურად, ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტი გამოჩნდა, ზაზა წერეთელს ვკითხეთ, რამდენად ამართლებს ეს მიდგომა.
„სახელმწიფო იმისათვის ხარ, რომ უნდა აკონტროლო შენი საზღვრები, თამბაქო შემოვა კონტრაბანდულად თუ სხვა რამე, ეს უკვე სახელმწიფოს სისუსტეა, აქ უკვე თამბაქოს ფასს მნიშვნელობა არ აქვს. მეორე, ჩვენთან როდესაც თამბაქოს ფასს უმატებდნენ, ეს მოხდა ისე, რომ მოსახლეობისთვის ამის ახსნა არ მომხდარა. მე უნდა აგიხსნათ თქვენ, რომ თამბაქო მავნეა“, — ამბობს ის.
მისი თქმით, როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ ნუ მოწევ ან ნუ დალევ, სახელმწიფომ ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. ასეთ ალტერნატივად კი სპორტული კლუბების შექმნას ასახელებს.
კითხვაზე, საიდან უნდა მოიტანოს სახელმწიფომ შესაბამისი თანხები, გვპასუხობს, რომ „როდესაც თამბაქოზე ზრდის გადასახადს მაგალითად, 20%-ით, შემოსავლების 10% წავა კლუბების ასაშენებლად“.
თუმცა თამბაქოსთან მიმართებით განსხვავებული პოზიცია აქვს ამავე პარტიის წევრ იასე ზაუტაშვილს. მისი აზრით, სიგარეტზე აქციზის გადასახადი უნდა შემცირდეს.
„სიგარეტზე აქციზის მომატებამ გამოიწვია ის, რომ სიგარეტის მწევეელები ეწევიან უფრო უვარგის და უხარისხო თუთუნს, სიგარეტს, და უფრო იავადებენ თავს. ამის გარდა, მოიმატა ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდამ და კონტრაბანდის ხვრელები დაკეტილი არ ჰქონიათ. აქციზის მომატებამ ეს გამოიწვია“, — ამბობს იასე ზაუტაშვილი.
კიდევ ერთი რეგულაცია, რომლის შემოღებაზეც პარტიაში ფიქრობენ, ალკოჰოლის რეალიზაციის კონტროლს ეხება.
კითხვაზე, რამდენად წარმოუდგენიათ იმ ქვეყანაში ალკოჰოლთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღება, რომელშიც ალკოჰოლი (ღვინო, ჭაჭა) მასობრივად იწარმოება, ზაზა წერეთელი გვპასუხობს, რომ ღვინის ქვეყნის არსებობა არ ნიშნავს, ალკოჰოლის მავნებლობაზე არ ისაუბრონ. რაც შეეხება იმას, თუ რას აპირებენ კონკრეტულად, წერეთელი ამბობს:
„მე შენ გეუბნები, რომ დღეში 5 ბოთლს ნუ დალევ. ანუ მრავალი საშუალებაა, რომ მოსახლეობას აწვდიდე ინფორმაციას, რა მავნებლობა მოაქვს ალკოჰოლს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ამასაც არ ვაკეთებთ. ჩვენთან 24 საათის განმავლობაში იყიდება ალკოჰოლი. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. 22 საათის შემდეგ აღარ უნდა გაიყიდოს ალკოჰოლი, უნდა დაწესდეს ასაკობრივი ლიმიტი, რომ 21 წლამდე ალკოჰოლი არ გაიყიდება“, — ამბობს ის.
რეპლიკაზე, რომ თუ ადამიანი დალევას აპირებს, შესაძლოა 10 საათამდე შეიძინოს ალკოჰოლი, წერეთელი გვპასუხობს:
„რამდენჯერ იყიდით? ერთხელ შეიძლება წავიდე და ვთქვა, რომ ხვალიდან არ იყიდება და ერთი ყუთი ავიღო, მეორეჯერ შეიძლება წავიდე, მესამეჯერ და მეოთხეჯერ აღარ მიდიხარ. მაგალითად, ლიეტუვაში ოთხი წლის წინ ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში მოიხმარებოდა დაახლოებით 15 ლიტრამდე ალკოჰოლი, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლის პოლიტიკა გაამკაცრეს, ეს რიცხვი ჩამოვიდა 9 ლიტრამდე“.
ნარკოპოლიტიკა
პარტიაში ფიქრობენ, რომ ნარკომანია დაავადებაა და ის ჯანდაცვის ჭრილში უნდა განიხილონ. მათ მიაჩნიათ, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა უფრო ჰუმანური უნდა გახდეს და ნარკომომხმარებელი საპატიმროს ნაცვლად სამკურნალო დაწესებულებაში უნდა მიდიოდეს. თუმცა ხაზგასმით ამბობენ, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაციას არ ემხრობიან.
მათი აზრით, ქვეყანაში დღეს არსებული დოზირების სისტემა გადასახედია, თუმცა, ზუსტად როგორ უნდა შეიცვალოს, ამაზე პასუხი ჯერ არ აქვთ. როგოც ზაზა წერეთელი ამბობს, დოზირების სისტემის გადახედვა დიალოგის საფუძველზე უნდა მოხდეს და არა მხოლოდ ერთი მხარის გადაწყვეტილებით.
სპეციალისტებთან ერთად აპირებს პარტია იმის გადაწყვეტას, კონკრეტულად რა პრინციპით და რომელი ქვეყნის გამოცდილებით იმოქმედებენ. ამასთან, მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ ბაზრის შესწავლა და იმის დადგენა უნდა მოხდეს, ქვეყანაში რომელ ნარკოტიკს მოიხმარენ.
“შეიცვალა ბაზარიც, სხვა ნარკოტიკებიც გამოჩნდა, მაგალითად, ბიონარკოტიკები, ქიმიონარკოტიკები, ამიტომ შენ უნდა აჰყვე ცხოვრებას და უნდა იცოდე, რა სიტუაცია გაქვს და იმის მიხედვით გააკეთო. უნდა დაჯდე და გადახედო, აქაც ეს უნდა მოხდეს სისტემურად, დიალოგის საფუძველზე და არამხოლოდ ერთი მხარის გადაწყვეტილებით”, — ამბობს ის.
როგორც ზაზა წერეთელი ამბობს, ჯანდაცვის სისტემამ ნარკომომხმარებლებზე ზრუნვა თავის თავზე უნდა იაღოს.
როგორც ცნობილია, ნარკომომხმარებლების მკურნალობასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობს, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ თუ ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომ ნარკოტიკი მოიხმაროს, მაშინ თავადვე იმკურნალოს და არა სახელმწიფოს ხარჯებით. აღნიშნულის საპასახუდ ზაზა წერეთელი ამბობს, რომ როცა ადამიანმა იცის, სახელმწიფო მოუვლის, მას მეტ პატივს სცემს.
„თქვენ ხომ გინდათ, რომ სახელმწიფომ იარსებოს და ისიც ხომ გინდათ, რომ სახელმწიფოს პატივი ვცე. მე თუ ვცემ სახელმწიფოს პატივს, მე უნდა ვიცოდე, რომ სახელმწიფო მე მომივლის. როცა მე სახელმწიფო მივლის, მე უფრო მეტ პატივს ვცემ იმ სახელმწიფოს. ამიტომ, ჩვენ მომხრე ვართ, რომ სახელმწიფომ მიხედოს“, — ამბობს ის.
სოციალური პოლიტიკა
პარტიის „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო ბუკლეტში ვკითხულობთ, პარტია იბრძოლებს, რათა გაიზარდოს პენსია 500 ლარამდე, სოციალური დახმარება 300- ლარამდე და მინიმალური ხელფასი -600 ლარამდე.
მაშინ, როდესაც პარტია, ერთი მხრივ, საუბრობს გადასახადების გაუქმებაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ჩვენ დავინტერესდით, რა გათვლებს ეფუძნება პარტიის ეს დაპირება, რადგან გაზრდილ პენსიას გაზრდილი ბიუჯეტიც დასჭირდება. იასე ზაუტაშვილმა გვითხრა, რომ ეს ამ ეტაპზე რთულია და დღეს იმის თქმა, რომ პენსია 500 ლარი გახდება, საზოგადოების მოტყუებაა.
„მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ეს არის აბსოლუტური გათვლების შედეგი. ამ ეტაპზე ეს სურვილი უფრო არის, ვიდრე შესაძლებლობა. იმიტომ, რომ რთულია საუბარი დღეს 500-ლარიან პენსიაზე, როდესაც, ფაქტობრივად, სამომხმარებლო კალათა და საარსებო მინიმუმი ორას ლარამდეც არ არის. ჩვენი ოთხწლიანი პროგრამის შედეგად, მშპ-ც რომ გაიზრდება, ვალუტის კურსიც მეტად რომ დასტაბილურდება და უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქნება, რასაკვირველია, უკვე შეგვეძლება საუბარი იმაზე, რომ მაგ დროისთვის 150 ან 200 დოლარი გახდეს მინიმალური პენსია ადამიანებისთვის“, — ამბობს ის.
პარტიის ხედვებს სხვა საკითხებზე გაეცანით აქ.