ახალი ამბები

რა ხედვები აქვთ პარტიებს ნარკოპოლიტიკაზე – არჩევნები 2020

24 სექტემბერი, 2020 • 1880
რა ხედვები აქვთ პარტიებს ნარკოპოლიტიკაზე – არჩევნები 2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 40 დღეზე ნაკლები რჩება. პარტიების ნაწილმა საზოგადოებას საკუთარი ხედვები უკვე გააცნო, ნაწილი კი საარჩევნო პროგრამების გამოქვეყნებას დღედღეზე გეგმავს.

ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელსაც აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი წლებია დღის წესრიგში აქტიურად აყენებენ და წინასაარჩევნო პერიოდშიც დამატებით ინტერესს იწვევს, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გატარებაა.

აღნიშნულ საკითხზე 2017 წელს სხვადსხვა აქტორების ჩართულობით კანონპროექტიც მომზადდა, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ჰუმანიზმს, ინდივიდუალურ და არარეპრესიულ მიდგომებს, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პრინციპებს უნდა დაფუძნებოდა,  თუმცა კანონპროექტის გნახილვა პარლამენტში რამდენჯერმე გადაიდო და მისი მომავალი ამ ეტაპზეც გაურკვეველია.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა ხედვები აქვთ საარჩევნო სუბიექტებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.

პარტიების ხედვები ნარკოპოლიტიკის თემაზე

პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ნარკოპოლიტიკის რეფორმის გატარების აუცილებლობას ხედავს. მათი დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება სრულად ან ნაწილობრივ დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანები ამ მიზეზით საპატიმრო სასჯელს არ უნდა იხდიდნენ.

პოლიტიკოსები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე გაესაუბრა, სარეაბილიტაციო სერვისების აუცილებლობასაც უსვამენ ხაზს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი სერვისები საბიუჯეტო დაფინანსებაზე უნდა იყოს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ სერვისები საჭიროა, თუმცა მიდგომა დაფინანსების ნაწილში ინდივიდუალური უნდა იყოს.

მაგალითისთვის, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ხვდებოდეს. 

როგორც “ნეტგაზეთს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა უთხრა, ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ნარკოდამოკიდებული არ არის დამნაშავე და მას აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა სჭირდება. უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არ ეხება ნარკოტიკების გამსაღებლებს, რადგანაც ეს სხვა თემა და დანაშულია, თუმცა მოხმარება არ უნდა იყოს ადამიანის დაპატიმრების საფუძველი.

რაც შეეხება სერვისებს, უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში მძიმე ვითარებაა. ენმ-ში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მულტიპროფილური სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა შექმნას, სადაც ნარკოდამოკიდებულები სრულფასოვანი სარეაბილიტაციო კურსის გავლას შეძლებენ:

ზაალ უდუმაშვილი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, კერძო სექტორი და კლინიკებიც დაინტერესდნენ ამ თემით,  იმიტომ, რომ ერთია,  როცა სახლემწიფო აფინანსებს, მაგრამ შეიძლება სურვილი ჰქონდეთ და კომერციულადაც დააინტერესოს საავადმყოფოები”, – ამბობს უდუმაშვილი.

“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, რამდენად შეიძლება იყოს რეფორმის შეჩერების წინაპირობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” სხვადასხვა ჯგუფებისა თუ გავლენიანი ინსტიტუციების წინააღმდეგობა, რადგანაც სწორედ იმ კანონპროექტის, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და დღის სინათლე ამ დრომდე არ უხილავს, განხილვის შეჩერებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოც ითხოვდა:

“ბუნებრივია, საპატრიარქოს მოსაზრება ყოველთვის საინტერესოა, თუმცა ყველაფერი შეთანხმების და მოლაპარაკებების საგანია. არ ვფიქრობ, რომ საპატრიარქო წინააღმდეგი იყოს იმის, რომ ნარკომომხმარებელი ადამიანები ციხეში არ გავუშვათ, სხვა მიმართულებებში შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი მსჯელობის და მოლაპარაკებების საგანია”, – ამბობს უდუმაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მოხმარების სრულად დეკრიმინალიზაციას ემხრობიან  “ევროპულ საქართველოში”. პარტიის ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მათი აზრით, ადამიანის უფლებაა, საკუთარ სხეულს რას უზამს, შესაბამისად, ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციას უჭერენ მხარს, თუმცა ისინიც ფიქრობენ, რომ გასაღება კრიმინალიზებული უნდა დარჩეს, მაგრამ სასჯელის ზომები შესაძლოა გადაიხედოს და შემსუბუქდეს:

“მოხმარებას რაც შეეხება, ეს არის ადამიანის გადასაწყვეტი, მისი უფლებაა. თუ უნდა თავის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს, მისი გადასაწყვეტია და არა სხვა ვინმესი. ამასთან, უნდა იყოს შეზღუდული და ბრძოლა უნდა იყოს ნარკოტიკის გავრცელებაზე. ადმინისტრაციული წესით დასჯას რაც შეეხება, მანდ ცოტა მეტი დეტალია და ასეთი ჩამოყალიბებული, რომელ ნარკოტიკზე როგორი ტიპის ადმინისტრაციული სასჯელი შეიძლება იყოს, ბოლომდე კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ ვემხრობით დიდი ნაწილი, ნარკოტიკების არ იყოს, მათ შორის, ადმინისტრაციულად დასჯადი ზოგიერთი უნდა იყოს”, – ამბობს კაპანაძე. 

რაც შეეხება სერვისებს, “ევროპულ საქართველოში” მიიჩნევენ, რომ სერვისების არსებობა აუცილებელია, თუმცა აღიშნავენ, რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობას პირადი გადაწყვეტილებით აყენებს ზიანს, არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სხვა ადამიანები უმკურნალებენ საბიუჯეტო სასხსრებით:

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ სერვისები, რეაბილიტაციაც და მკურნალობაც უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ისე, როგორც არის დღეს. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით საკუთარ თავს აყენებს ზიანს, მას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სხვა ადამიანები მას უმკურნალებენ. მისი გადაწყვეტილებაა, საკუთარ თავს ზიანი მიაყენოს, მაგრამ მერე ყველა დანარჩენის ფულით რომ მან მიიღოს მკურნალობა, არ არის სწორი მიდგომა.  სერვისები უნდა არსებობდეს, ოღონდ ეს ისე არ უნდა იყოს, რომ ადამიანები თავის თავს ზიანს აყენებენ და ყველას ძვირი უჯდება. აქ შუალედია საპოვნელი, ეს სერვისები როგორ იყოს ისე, რომ სხვების ხარჯზე არ ხდებოდეს  ადამიანების განკურნება. თუმცა, თუ გავითვალისიწნებთ, რომ მათი დიდი ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს დაავადებულად, იმიტომ, რომ ის ეჩვევა და ვერ ახერხებს თავად თავი დაანებოს, ბუნებრივია, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროგრამები, რომელიც მათ ამაში დაეხმარება”, – ამბობს კაპანაძე. 

რაც შეეხება სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობას, “ევროპულ საქართველოში” მიიჩნევენ, რომ რეფორმაზე მუშაობისას ყველა ინტერესთა ჯგუფის პოზიცია გათვალისწინებული უნდა იყოს, თუმცა ვეტოს უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს, მათ შორის, არც საპატრიარქოს:

“არ იქნება შემაფერხებელი. ჩვენ მიგვაჩნია გადაწყვეტილებები, რომელიც საერო საკითხებს ეხება, დისტანცირებული უნდა იყოს სასულიერო საკითხებისგან. რაც შეეხება სხვა ინტერესთა ჯგუფებს, ბუნებრივია, ყველას აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული მაქსიმალურად, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ვეტოს უფლება გააჩნია”, – აცხადებენ “ევროპულ საქართველოში”.

პარტია “ლელო – საქართველოსთვის” კი, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე 2017 წელს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ფარგლებში შექმნილი კანონპროექტის თანაავტორია, მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკა ზრუნვაზე უნდა იყოს დამყარებული. შესაბამისად, მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციას უჭერენ მხარს.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე “ნეტგაზეთთან” ამბობს, მათი პროგრამის ძირითადი გზავნილი ჰუმანური ნარკოპოლიტიკაა, რომელიც გულისხმობს როგორც მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ასევე,  ზიანის შემცირებას და საზოგადოებაში ნარკოტიკის  მოხმარების შესახებ ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებას იმისათვის, რომ სწორი და ჯანსაღი ჩვევები ჩამოყალიბდეს ახალ თაობაში, რათა ნაკლები ახალი მომხმარებელი გაჩნდეს.

“ლელო” მიიჩნევს, რომ სერვისების ნაწილში კერძო სექტორის როლი წამყვანი ვერ იქნება და ისინი სახელმწიფოს ფინანსური ჩარევით უნდა შეიქმნას.

ბუაძე მიიჩნევს, რომ არსებული ჩანაცვლების პროგრამები არ არის ზრუნვაზე ორიენტირებული და ხშირ შემთხვევაში, ბენეფიციარების ღირსების შემლახავ პრაქტიკებს იყენებს:

“ის სერვისი, რასაც ბენეფიციარებს აწვდიან, არის ღირსების შემლახავი, არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ამიტომ, აუცილებელია სახელმწიფოს ფინანსური ჩარევა იმისთვის, რომ განათლებაზე, ზიანის შემცირებაზე სათანადო სერვისები მივმართოთ. ამისათვის კერძო სექტორის როლი ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ არსებობს, კერძო სექტორი არ არის იმ დონეზე, ასეთი ღონისძიებები აწარმოოს და აუცილებელია სახელმწიფომ იტვირთოს ეს როლი”, – ამბობს ბუაძე. 

სხვა პარტიების მსგავსად, “ლელოც” აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის გადაჭრისთვის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას მიესალმებიან. რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციებს, ბუაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს და ეკლესიის როლები კონკორდატითაა გამიჯნული, რომლის სულისკვეთებასაც “ლელო” მხარს უჭერს:

“ჩვენ მხარს ვუჭერთ კონკორდატის სულისკვეთებას, სადაც გამიჯნულია სახელწიფოს და ეკლესიის როლები. შესაბამისად, თუ საპატრიარქოს ან მისი წარმომადგენლების ნებისმიერი განცხადება წინააღმდეგობაში მოდის კონკორდატთან, სახელმწიფომ არ უნდა გაითვლისიწნოს. თუმცა მიგვაჩნია, საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა იმისათვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას, მნიშვნელოვანია, მათ შორის საპატრიარქოსთან დიალოგიც და ყველა მხარესთან დიალოგი, რომელიც ნარკოპოლიტკის გაადამიანურებას უჭერს მხარს”, – აღნიშნავს ბუაძე.

მოხმარების ნაწილში დეკრიმინალიზაციას ემხრობა “საქართველოს პარტიორთა ალიანსიც”. როგორც გოჩა თევდორაძე “ნეტგაზეთთან” აცხადებს, პარტიაში მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ გასაღებისთვის სასჯელი მკაცრი უნდა დარჩეს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზებას არ უჭერენ მხარს.

გოჩა თევდორაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 10.03.2017

თევდორაძე მიიჩნევს, რომ მათთვის, ვისაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შეწყვეტა სურს, სახელმწიფოს დაფინანსებით სარეაბილიტაციო პროგრამები უნდა არსებობდეს:

“სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა არსებობდეს თავისთავად, ცხადია, ვისაც თავი უნდა დააღწიოს ამ სენს, სახელმწიფო ამ კუთხით უნდა ზრუნავდეს. მსგავის პროგრამები სახელმწიფოს დაფინანსებით უნდა იყოს, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს  თავის მოქალაქეებზე, ეს იქნება ნარკომომხმარებელი თუ სოციალურად დაუცველი. ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა მოვიძიოთ, ჯანდაცვის პროგრამებში უნდა ხდებოდეს ამ კომპონენტის რეალიზება”, – ამბობს თევდორაძე.

ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ხედვებზე “ნეტგაზეთი” “სტრატეგია აღმაშენებლსაც” დაუკავშირდა. პარტიის წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ პარლამენტში საკმარისი მანდატების მოპოვების შემთხვევაში, ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის ცვლილებებს განიხილავენ, რაც, მისი თქმით, დაიწყო რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ეს მცდელობები ბოლომდე არ მივიდა.

“სტრატეგია აღმაშენებელში” აცხადებენ, რომ აქცენტს გააკეთებენ სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებაზე და სარეაბილიტაციო ცენტრების აშენება-მოწყობაზე.

რაც შეეხება კანონდებლობას, ჩიხლაძის თქმით, მათი პარტია პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაციას ემხრობა და კანონმდებლობაში ცვლილებების გატარების საჭიროებას ხედავს, რათა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობები განისაზღვროს:

“მოხმარების დეკრიმინალიზაციას, რა თქმა უნდა, ვემხრობით, პირადი მოხმარებისთვის. კანონმდებლობის ცვლილებაში ამას ვგულისხმობ, რომ გადაიხედოს დოზები, რომ პირადი მოხმარებისთვის არ იყოს საპატიმრო სასჯელი. ლეგალიზაციის მომხრე, რა თქმა უნდა, არ ვართ და გავრცელებისთვის სასჯელი უნდა შენარჩუნდეს. პირადი მოხმარებისთვის ან დამოკიდებული ადამიანებისთვის, თუ ვაჭრობა-გასაღებაში არ არის ჩართული, აქცენტი კეთდება სარეაბილიტაციო ცენტრებზე, მკურნალობაზე და ა.შ.”, – ამბობს ჩიხლაძე.

რაც შეეება სხვა შეზღუდვებს, “სტრატეგია აღმაშენებელში” მიიჩნევენ, რომ  გარკვეული შეზღუდვები უნდა დარჩეს – მათ შორის იზიარებენ პოზიციას, რომ  ნარკომომხმარებელი პირი მაღალ თანამდებობაზე და საჯარო სამსახურში არ უნდა დასაქმდეს:

“ერთადერთი, ნარკოპოლიტიკა და დოზები გადაიხედება და აქცენტი გაკეთდება სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრებზე და ხელმისაწვდომობაზე ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება. ამის მიღმა ადმინისტრაციული სასჯელი იქნება, სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა, ეს ლოგიკურია.  ადამიანი არის დაავადებული და არა პატიმარი – ეს არის ჩვენი ხედვა”, – ამბობს სერგო ჩიხლაძე.

მისი თქმით, ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამები, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, ან კერძო სექტორის მართვაში, სერვისი სახელმწიფოს მიერ ვაუჩერული სისტემით შესყიდვით:

“ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება. რაც შეეხება თანხებს, სხვადასხვა მოდელებია, გააჩნია, რა სერვისს მიიღებს პაციენტი და რას აიღებს სახელმწიფო თავის თავზე. პირველი ეტაპია, რომ საერთოდ არ გვაქვს სადღეღამისო სარეაბილიტაციო ცენტრები. არის ერთეული შემთხვევები, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის და საერთაშორისო დონორების დაფინანსებით არსებობს, მაგრამ ეს არის 5, 10 და 15 ადგილი, მაშინ როდესაც ჩვენ გვჭირდება ასობით ადგილი, სამწუხაროდ”, – ამბობს ჩიხლაძე.

ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის მასშტაბურ რეფორმებში საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალური უნდა იყოს და სხვადასხვა აქტორების, მათ შორის, საპატრიარქოს აზრსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ:

” ასეთ რეფორმებს მეტი ლეგიტიმაცია აქვთ, როდესაც საზოგადოებაში ყველა მოთამაშე  არის ჩართული და კონსენსუსითაა მიღებული. ამიტომ, მე პრობლემას ამაში ვერ ვხედავ.

შესაბამისი კომუნიკაციის პირობებში შესაძლებელია საპატრიარქოსთან ამ საკითხზე შეთანხმება მათი დარწმუნება, რომ არავინ იყოს წინააღმდეგი. მეტსაც გეტყვით, იგივე საპატრიარქო შეიძლება ამაში ჩაერთოს თავისი სამონასტრო კომპლექსებით და სერვისების შემადგენელი ნაწილი გახდეს”, – ამბობს ჩიხლაძე.

დეკრიმინალიზაციას მხოლოდ ნაწილობრივ ემხრობიან “ლეიბორისტულ პარტიაში”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა “ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ დეკრიმინალიზაციას მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკების შემთხვევაში ემხრობიან, თუმცა აცხადებენ, რომ ნარკოპოლიტიკა სახელმწიფოს ხელში რეპრესიული იარაღი არ უნდა იყოს:

“მსუბუქ ნარკოტიკზე ვემხრობით დეკრიმინალიზაციას, თუმცა სრულად დეკრიმინალიზაციას არ ვუჭერთ მხარს. სახელმწიფო არ უნდა იყოს ჩასაფრებული, რომ რამენაირად სასჯელი დააკისროს ადამიანს, სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობა და მიზანი უნდა იყოს, რამენაირად ხელი შეუწყოს ადამიანს რეაბილიტაციაში”, – ამბობს გუგავა.

გიორგი გუგავა, ლეიბორისტების ლიდერი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მისი თქმით, ბრძოლა უნდა გაძლიერდეს ნარკოტიკების ქვეყანაში შემოდინების წინააღმდეგ. ამავე დროს კი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება და სპორტზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს:

“პოლიტიკა ამ მიმართულებით რეპრესიული კი არ უნდა იყოს, არამედ აქცენტირებული უნდა იყოს, მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა შეიცვალოს ნარკოტიკის მომხმარებელთა მიმართ, მით უმეტეს, თუ ეს ქრონიკულ ფორმატშია გადასული. სწორედ ამ პოლიტიკის გატარებას ვაპირებთ ჩვენ. უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ ფართო საშუალება ჩაებან ცხოვრების ჯანსაღ წესში. ხელმისაწვდომი უნდა იყოს სპორტი”, – ამბობს გუგავა.

ამავე დროს, “ლეიბორისტულ პარტიაში” მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას კომპლექსური რეაბილიტაციის ცენტრები, სადაც ნარკომომხმარებლებს საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში დამოკიდებულებას თავი დააღწიონ. გუგავას თქმით, აღნიშნული სერვისები ხშირ შემთხვევაში უფასო იქნება და არა მხოლოდ მედიკამენტურ, არამედ ფიქოლოგიურ და სხვა სახის ჩარევებს გახდის ხელმისაწვდომს.

ერთადერთი პარტია, რომელიც ამ საარჩევნო ციკლში ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზებას უჭერს მხარს, პოლიტიკური პლატფორმა “გირჩია”. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა გარკვეული პირობებით, შეზღუდვებითა თუ რეგულაციებით მოხდეს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ყველა ტიპის ნარკოტიკის ლეგალური გზით მოპოვება შესაძლებელი უნდა იყოს.

“გირჩი” მიიჩნევს, რომ ამ გზით ადამიანებს არ მოუწევთ გაურკვეველი წარმომავლობის უხარისხო ნარკოტიკული საშუალებების იატაკქვეშა ბაზრებზე შეძენა და სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ქვეს დაყენება:

“ამისთვის ვიბრძოლებთ ყველა მიმართულებით, რაც პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ადამიანები არცერთი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა ისხდნენ. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ ამ მხრივ. მაგრამ თუ ზოგადად ვთანხმდებით იმაზე, რომ არალეგალური ნარკოტიკების აკრძალვის შემთხვევაში უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ადგება ზიანი, თუნდაც იმის გამო, რომ ადამიანებმა არ იციან, რას ღებულობენ იმიტომ, რომ ყველაფერი აკრძალულია და იატაკქვეშა ბაზარში არის გადასული.

თუნდაც იმის გამო, რომ როდესაც ადამიანები ზედოზირებისგან ცუდად ხდებიან, ნაკლებად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს იქიდან გამომდიანრე, რომ არსებობს რისკი შარში გახვევის ნარკოტიკების მოხმარების ან ფლობის გამო. ჩვენი მიზანი არ არის, რომ  ცოტა ადამიანმა მიიღოს ნარკოტიკი, ეს არ არის პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი”,  – ამბობს იაგო ხვიჩია.

ხვიჩიას თქმით, “გირჩის” მიზანია ისეთი წესრიგის შექმნა, სადაც რაც შეიძლება ცოტა ადამიანი დაზიანდება ნარკოპოლიტიკის შედეგად. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკების გამო ცხოვრებას ინგრევს ან ფიზიკურად ნადგურდება, გამოწვეულია იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნივთიერებას იღებენ:

“ჩვენ გავიზარდეთ და დღესაც ვზრდით შვილებს ვითომდა ნარკოტიკებისგან სტერილურ გარეოში, მაგრამ გარემო სტერილური არ არის და ჩვენი შვილები მოუმზადებელი არიან ამ გარემოსთვის. ჩვენ გვინდა, ზოგადად, მთელი ნარკოტპოლიტიკის პარალელურად ხდებოდეს ცვლილებები განათლების სისტემაში, სადაც ყველაფერზე ვილაპარაკებთ. ღვინოსთან ურთიერთობას ხომ ვასწავლით ბავშვებს. ჩვენ გვჭირდება ერთი, რომ კაცობრიობას ვასწავლოთ ნარკოტიკებთან ერთად ცხოვრება”, – ამბობს ხვიჩია.

მისი თქმით, ამის პარალელურად უნდა დაიწყოს ნარკომომხმარებლების ციხიდან გამოშვება და ისეთი დაწესებულებების შექმნა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ნარკოტიკული საშულებების ლეგალურად მიღება. ხვიჩია აღნიშნვს, რომ ამის გამოცდილება ევროპაშიც არსებობს:

“სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პრაქტიკაა განსხვავებულ ნარკოტიკთან მიმართებით. მთავარია, არ გავკიცხოთ  ადამიანები, რომლებიც რაღაცას მოიხმარენ, თან ისე, რომ ისინი გამოვაცხადოთ სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ჩემი აზრით, ჩვენ ამ გზაზე კომპრომისებითა და კონსენსუსებით უნდა ვიაროთ, ოღონდ არა ადამიანის თავისუფლების ხარჯზე, არა იმის ხარჯზე, რომ რაღაც არასწორად გავაკეთოთ, ვითომ ერთი შეხედვით რაღაცის შემსუბუქებისთვის”,  – ამბობს ხვიჩია.

ნარკოპოლიტიკის რეფორმა ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დაპირება იყო, თუმცა სისტემური რეფორმის გატარება უმრავლესობამ ამ მიმართულებით რამდენჯერმე გადადო – საბოლოო ჯამში კი, პროცესი გაიყინა. “ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავდა “ქართული ოცნება” ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, თუკი კიდევ ერთი ვადით დარჩებოდნენ ხელისუფლებაში, თუმცა პარტიის პრესსამსახურში ამ თემაზე “ნეტგაზეთისთვის” რესპონდენტი ვერ გამონახეს. 

რა არის გასაკეთებელი?

“ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე ხელისუფლებასთან ამ საკითხზე დიალოგის რესურსს ვეღარ ხედავს. მისი თქმით, დღემდე სახელმწიფოს არ შემოუთავაზებია მკაფიო, კონკრეტული ხედვა, რა მიმართულებებით აპირებს წამალდამოკიდებული ადამიანების მკურნალობისთვის პროგრამების გაძლიერებას, გაფართოებას. როგორია სახელმწიფოს ხედვა როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, ზოგადად მის მიღმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ორი ტიპის პრობლემები შეიძლება განვასხვაოთ. ერთი მხრივ, პრობლემები, რომელიც უკავშირდება ჯანდაცვის და სოციალური მხარდაჭერის სფეროს, მეორე მხრივ კი, უფრო რეპრესიულ სამართალდაცვით პოლიტიკას: მკაცრ კანომდებლობასა და სასჯელს. 

“ქვეყანას დღეს ორგვარი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ერთია მოკლევადიან პერსპექტივაში და შემდეგ, უფრო ფუნდამენტური და სისტემური რეფორმის ფარგლებში რა არის გასაკეთებელი. იმ პირობებში, როდესაც სისტემური ფართომასშტაბიანი რეფორმის პერსპექტივა ამ მოწვევის პარლამენტში არ არსებობს და არ ჩანს რესურსი, რომ ეს პარლამენტი დიდ რეფორმას განახორციელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით უკვე ჩაკეტილია დიალოგი.

ჩვენ ვითხოვდით პარლამენტისგან უფრო ფრაგმენტული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ეს პირველ რიგში შეეხება ამინისტიის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას იმიტომ, რომ დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ადამიანები, რომლებიც სასჯელს იხდიან უსამართლო და მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო და, ფაქტობრივად, უმცირესი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის მათ წლობით უხდებათ საპატიმროებში ყოფნა”, – ამბობს იმნაძე.

მისი თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებლია ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ. იურისტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, ბოლო წლებში საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ამ პრობლემას შეეხებოდა, ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მთლიანად, ყველა მსჯავრდებულს, რომელიც მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაეტოვებინათ საპატიმროები.

გურამ იმნაძე, EMC-ის იურისტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

რაც შეეხება სისტემურ ხედვებს, EMC-ში მიიჩნევენ, რომ საჭიროა ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიანი განსაზღვრა და პირადი მოხმარების ნაწილში დეკრიმინალიზაცია, რათა ადამიანები პირადი მოხმარების დოზით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის 10-15- წლიანი საპატიმრო სასჯელების მსხვერპლი აღარ ხდებოდნენ.

აქვე, იმნაძის თქმით, უნდა შეიცვალოს ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურები. რამდენადაც, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების რაოდენობა წლების განმავლობაში მცირდება, მუდმივად არსებობს რისკი, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით, ისევ რადიკალურად გაიზარდოს ეს მონაცემი:

“და ერთ მარტივ მითითებას შეუძლია შეცვალოს ყოველდღიური პრაქტიკა. ამიტომაც, აქაც გასაწორებელია ის პროცედურა, რა საფუძვლებითაც  უნდა ტარდებოდეს ნარკოშემოწმება” ,- ამბობს იმნაძე. 

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, არის ჯანდაცვის სოციალური სექტორი. მისი თქმით, დღემდე სახელმწიფოს არ შემოუთავაზებია მკაფიო, კონკრეტული ხედვა, რა მიმართულებებით აპირებს ის წამალდამოკიდებული ადამიანების მკურნალობისთვის პროგრამების გაძლიერებას, გაფართოებას, როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, ზოგადად:

“ერთ-ერთ მიმდინარე გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ პანდემიის პირობებში ამ წლის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, მაგალითდ, პაციენტებს, ვინც საკმარისი ნდობით სარგებლობს და არ გამოირჩევა დისციპლინის დარღვევით, საუბარია მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ბენეფიციარებზე, ამ ადამიანებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ ხუთი დღის სამყოფი ნარკოტიკული საშუალება წინასწარ მიეღოთ, რათა ყოველდღე არ ჰქონოდათ ვალდებულება ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების, რიგში დგომის ან რუტინის გავლის და ამით საფრთხე არ შექმნილიყო იგივე პანდემიის გავრცელების.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში ეს კონკრეტული პუნქტი შეიცვალა და კვლავაც ძველი რეჟიმი დაბრუნდა, როცა ბენეფიციარები ვალდებულები არიან, ყოველდღიურ რეჟიმში ისევ ესტუმრონ დაწესებულებას, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად იცავდნენ ისინი წესებს, რამდენად დიდი ხანია ისინი ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან და რამდენად კარგად მისდევენ დისციპლინას და ა.შ.”, – ამბობს იმნაძე და აღნიშნავს, რომ ამით კიდევ ერთხელ ჩანს სახელმწიფოს დამოკიდეულება ნარკომომხმარებელთა მიმართ, რომ მათი ჯანმრთელობა არ არის მთავარი პრიორიტეტი.

იურისტი აღნიშნავს, რომ ნარკოტიკის მომხამრებლები არიან ინფექციური დაავადებების რისკჯგუფში. შესაბამისად, მათი იძულება, რომ კვლავ  ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ინტენსიურად, ჩადგნენ რიგებში მეტადონის პროგრამის დაწესებულებებში, ზრდის ამ ადამიანების ჯანმრთელობის ზიანის რისკებს.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების ხედვებს, გურო იმნაძე აღნიშანვს, რომ  ერთადერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც ამ საარჩევნო ციკლისთვის კონკრტული ხედვები პროგრამაში შემოგვთავაზა, “ლელოა”.

მისი თქმით, პარტიის პროგრამაში საუბარია შემსუბუქებაზე არსებული კანონმდებლობის და გაჰუმანურებაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს პროგრამაც არ გვთავაზობს კონკრეტულ ხედვებს და მიმართულებებს შინაარსობრივ რეფორმაზე ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.

სხვა ოპოზიციურ პარტიებს კი, მისი თქმით, ჯერჯერობით ამ მიმართულებით არ დაუფიქსირებიათ საჯაროდ პოზიცია და, ჩვენ როგორც ვიცით, მათი საარჩევნო პროგრამები ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი.

იმნაძის აზრით,  ყოველთვის იარსებებს რისკები, რომ პარტიები რეფორმის განხორციელებისგან თავს შეიკავებენ და მაგალითად მოჰყავს “ქართული ოცნების” გამოცდილება, რომლის ერთ-ერთი დაპირება 2012 წელს სწორედ ნაროპოლიტიკის ცვლილება იყო:

“2012 წელს ქართული ოცნების ერთ-ერთი დაპირებაც სწორედ ეს იყო, რომ შეცვლიდა ნარკოპოლიტიკას და უფრო სამართლიანს გახდიდა მას, თუმცა ვნახეთ, რამდენად შესრულდა ეს დაპირება. ამგვარი რისკები დღესაც არსებობს, მით უმეტეს, ისეთ თემაზე, როგორიც ნარკოპოლიტიკაა, რომელიც სხვადასხვა  ჯგუფის ინტერესებს შეეხება.

საპატრიარქო არ არის მყარი პოზიციის, მაგრამ უშუალოდ ამ კანონპროექტზე ჩვენ ვნახეთ სასულიერო პირების ძალიან ხისტი პოზიციონირება. მსგავსი რისკები ყოველთვის არსებობს, რადგან საზოგადოებაშიც ეს არ არის საკითხი, რაზეც აბსოლუტური კონსენსუსი არსებობს. თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული იმედი, რომ პოლიტკური პარტიები, თუკი ისინი გასცემენ დაპირებას ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, იქნებიან ერთგულნი ამ დაპირების და რეალურ რეფორმაზე გააგრძელებენ ახალი მოწვევის პარლამენტში მუშაობას”, – ამბობს იმანძე.

რეფორმის მოლოდინში კი, EMC-ის თქმით, მოქმედი არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის შედეგად, მხოლოდ 2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4591 პირის მიმართ; გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 3127 პირის მიმართ, მსჯავრდებულებს ავტომატურად ჩამოერთვათ სამოქალაქო უფლებები; 600 ადამიანი სასჯელს იხდის საპატიმროში; 258 მსჯავრდებულს პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; პირობითი მსჯავრის ქვეშ კი იმყოფება 5000-მდე ადამიანი, რომელთაც შეზღუდული აქვთ დასაქმების, ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა სამოქალაქო უფლებები.

ამავე თემაზე

ზრუნვა დასჯის ნაცვლად – რატომ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი