ახალი ამბები

შალვა, მოდი და უფასო ტრენინგებს ჩაგიტარებ, იქნებ გაერკვე, რისი თავმჯდომარე ხარ – ბესელია პაპუაშვილს

16 თებერვალი, 2024 • 2895
შალვა, მოდი და უფასო ტრენინგებს ჩაგიტარებ, იქნებ გაერკვე, რისი თავმჯდომარე ხარ – ბესელია პაპუაშვილს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერ ეკა ბესელიას ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან ის, ერთი მხრივ, პოლიტიკოსია, მეორე მხრივ კი, „უცხოური დაფინანსების“ მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი.

ამის შესახებ პაპუაშვილმა მაშინ განაცხადა, როცა კითხვა დაუსვეს kvira.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ეკა ბესელია პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ინიშნება.

„ერთადერთი რამისკენ მოვუწოდებდი მედიას, დაინტერესდეს ქალბატონი ბესელიას უცხოური დაფინანსებით. მე პირადად ვერ ჩამოვყალიბდი, ეკა ბესელია პოლიტიკოსია თუ NGO სექტორის წარმომადგენელი. მას აქვს NGO, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და ამავე დროს ის არის პოლიტიკოსი. ეს არის აბსოლუტური ინტერესთა კონფლიქტი და შეუთავსებლობა. ამიტომ ,უპირველეს ყოვლისა, მას მოვუწოდებ, რომ გაასაჯაროოს საკუთარი უცხოური დაფინანსებები და ამის შემდეგ იმსჯელოს საზოგადოებამ. როდესაც პოლიტიკოსი ფინანსდება უცხოეთიდან პირდაპირი წყაროებით, როგორ შეიძლება, მას ჰქონდეს ნდობა?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ეკა ბესელია მართლაც არის სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრის – „მართლმსაჯულების სახლის“ – დამფუძნებელი. „მართლმსაჯულების სახლის“ ვებგვერდზე მითითებულია, რომ პროექტის მხარდამჭერია USAID.

ეკა ბესელიას თქმით, „მართლმსაჯულების სახლი“ იურისტებს პროფესიულ განვითარებაში უფასოდ ეხმარება. მან შალვა პაპუაშვილს ორთვიანი უფასო ტრენინგი შესთავაზა. როგორც ბესელია ამბობს, იმისთვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მის უფლებამოსილებაში გაერკვეს.

„პარლამენტის ეს უნიჭო და უსახური თავმჯდომარე, რომელიც ჯერ ვერ გაერკვა, საერთოდ რა სტატუსი აქვს და რა უნდა გააკეთოს. არაჩვეულებრივი მართლმსაჯულების სახლია, რომლის მხარდამჭერი არის USAID. ჩვენ ერთობლივად, მართლმსაჯულების სახლი და USAID, ვაფინანსებთ მომავალი მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების და საერთოდ, იურისტების პროფესიულ განვითარებას. ამას ვაკეთებთ ქველმოქმედებით და საჩუქრად მათთვის.

მე მზად ვარ, რომ პაპუაშვილს ორთვიანი უფასო ტრენინგი შევთავაზო საჩუქრად, რომ საერთოდ გაერკვეს, სად მოხვდა. თავის დროზე ჩემთან კომიტეტში რომ დადიოდა და ხმას არ იღებდა, ჩუმად იჯდა, მეგონა, რომ რამე ისწავლა. მაგალითად, რა არის პარლამენტი. მეგონა, რომ რაღაც გავაგებინე, რა არის კომიტეტის მუშაობა, რა არის ზედამხედველობა და ვერაფერი ისწავლა. ერთი თინა ბოკუჩავას ეჯაჯგურებოდა და ამ ძალადობის გამო გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა, მოდი და უფასო ტრენინგებს ჩაგიტარებ ორი თვის განმავლობაში, იქნებ გაერკვე, რისი თავმჯდომარე ხარ – კობახიძის ხელქვეითი ხარ თუ იმ ქვეყანაში ხარ, სადაც პარლამენტი ყველაზე მაღალი ინსტიტუციაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ პირველთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი