საზოგადოება

ბესელია ყოფილი „მეოცნებეების“ გახარიასთან გაერთიანებას არ გამორიცხავს

21 ივლისი, 2023 • 1916
ბესელია ყოფილი „მეოცნებეების“ გახარიასთან გაერთიანებას არ გამორიცხავს

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები გაერთიანდნენ.

ბესელია განიხილავს „ოცნების“ ყოფილი წევრების გაერთიანების ალბათობას გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ ირგვლივ, თუმცა ამბობს, რომ ეს მხოლოდ იდეაა და რა მოცემულობა იქნება 2024 წლის არჩევნებისთვის, ძნელი სათქმელია.

„ბევრი გაერთიანება მინახავს, ბევრი დაშლაც და ახალი კონფიგურაციებიც, ამიტომაც ამ ყველაფერს ძალიან ბუნებრივ პროცესად ვუყურებ და რამდენადაც ახლოვდება საარჩევნო ვადა, სწორია ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მცდელობა, რომ იფიქრონ გამსხვილებაზე“, — განაცხადა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“.

მისი თქმით, არ უნდა იყოს ორი არჩევანი: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ბესელიას აზრით, 2024 წლის არჩევნებზე არ იქნება 2020 წლის მსგავსი მოცემულობა, როდესაც ხელისუფლების ალტერნატიული, ოპოზიციური ფლანგი მთლიანად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აითვისა.

„ვფიქრობ, რომ არ იქნება მხოლოდ ორი არჩევანი და მინიმუმ, იქნება ოთხი მაინც… პირველ რიგში, ენმ-ში პროცესებმა დააზიანა თავად ეს პარტია, თუმცა მათ ჰყავთ საკმაო მხარდამჭერი. შეიძლება, არ იყოს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ და კიდევ იყოს ერთი ალტერნატივა, რომელიც წარსულით დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“… მე არ ვიცი, „ლელო“ ან „გირჩი“, ან ელენე ხოშტარია, ან ნიკა გვარამია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ საინტერესოა გახარიას ფაქტორი. ვფიქრობ, უნდა გაჩნდეს სხვაგვარი ტიპის ალტერნატივა, როგორიცაა, ვთქვათ, გახარია და ის პოლიტიკური ჯგუფები ან პოლიტიკოსები, რომელთაც არ გვაქვს კავშირი წარსულში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მეც მოვიაზრებ აქ ჩემს თავს“, — განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში და რა ფორმით. ის ამბობს, რომ კლასიკურ პარტიულ ცხოვრებაში არ ხედავს თავს და პოლიტიკაც მართლმსაჯულების სისტემის გამო აინტერესებს.

„ერთი ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ და ვერ ვიქნები. სხვა კონფიგურაცია შეიძლება განვიხილო. ბევრი ისეთი პოლიტიკოსია, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ იდეასთან და თითქმის ყველა, ვისაც ჰქონდა პრინციპები და საკუთარი შეხედულებები, რომელიც განსხვავდებოდა იმისგან, რაც დღეს არ მოგვწონს, წამოვიდა. ალბათ, რაღაცნაირად შეიძლება ვიფიქროთ რაიმე ტიპის ალტერნატივაზე — „ოცნების“ ყოფილი წევრები, რომლებმაც დატოვეს ეს პარტია იმის გამო, რომ არ მოსწონთ ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. ლევან გოგიჩაიშვილი, გედი ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ძალიან ბევრი ადამიანია…“, — განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ კონსულტაციები ყველასთან აქვს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის შემდეგ, გედი ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე ბესელიასთან ერთად ერთხელ უკვე იყვნენ გაერთიანებული პარტიაში „სამართლიანობისთვის”, თუმცა შემდეგ ბექა ნაცვლიშვილის მიერ დაარსებულ პარტიაში „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” გადავიდნენ. ამ დროისთვის ისინი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აღარ ეწევიან.

„გვაქვს მოსაზრებები, ხედვა, განვიხილავთ ვერსიებს, შესაძლებლობებს. ვნახოთ, რა გამოვა. მე უბრალოდ გაგიზიარეთ მხოლოდ მუშა პროცესი, იდეის დონეზე. არ ვფიქრობ მარტო მე ასე, სხვებიც ფიქრობენ. ვსაუბრობ ამ ადამიანებთან, ისინიც საუბრობენ სხვებთან და ვნახოთ, როგორი ტიპის მოცემულობა შეიქმნება. მცდელობას არ დავაკლებ.  ასევე, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს გიორგი გახარიასთან, ვსაუბრობ მასთან. მას ვხედავ როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია, მის ირგვლივ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია შექმნას. მას აქვს ამის რესურსი“, — განაცხადა ბესელიამ.

გიორგი გახარიას თანაგუნდელი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი კონკრეტული გვარ-სახელების დასახელების გარეშე ამბობს, რომ გამსხვილებაზე პარტია „საქართველოსთვის“ ფიქრობს.

„ჩვენ პარტიული სიების შერწყმას არ ვაპირებთ, სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტიაში კარი ღია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ასევე წითელი ხაზია დღევანდელი „ოცნება“ და ნაცმოძრაობა. მე არავისთან მქონია უშუალო კომუნიკაცია პირადად, თუმცა ვიცი, რომ პარტიის სხვა ლიდერები აქტიურად საუბრობენ ინდივიდუალურად და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ყველა პარტიამ უნდა იფიქროს გამსხვილებაზე“, — განუცხადა ლილუაშვილმა „ნეტგაზეთს“.

20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანების შესახებ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს. თუმცა ამ ერთობაში საკუთარ თავს ვერ ხედავენ პარტიები – „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“. ეს სწორედ ის პარტიებია, რომლებიც თვეების წინ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად თანამშრომლობას განიხილავდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი