ახალი ამბები

ბაიდენი თუ ტრამპი? – რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის არჩევნების შესახებ

3 ნოემბერი, 2020 • 2888
ბაიდენი თუ ტრამპი? – რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის არჩევნების შესახებ

3 ნოემბერს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო და საფოსტო ყუთებთან ამერიკელები გადაწყვეტენ, თუ ვინ ჩაიბარებს ოვალურ კაბინეტს და, შესაბამისად, სათავეში ჩაუდგება ბრძოლას კორონავირუსთან, რომელსაც 200 000-ზე მეტი ამერიკელი შეეწირა და შეეცდება, დასლიოს რიგი შიდა თუ საგარეო პრობლემები — რასობრივი და ეკონომიკური უთანასწორობა, იარაღის კონტროლის საკითხი და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში პრეზიდენტობის მსურველი 1 214 კანდიდატია დარეგისტრირებული, გამარჯვების რეალური შანსი, ორპარტიული პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე, მხოლოდ ორ ადამიანს აქვს— რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და დემოკრატიული პარტიის რჩეულ ჯო ბაიდენს.

კორონავირუსის პანდემიამ, რა თქმა უნდა, არჩევნები ისედაც განსაკუთრებული გახადა, თუმცა, ესეც რომ არა, არჩევნები მაინც უჩვეულო იქნებოდა — დონალდ ტრამპის პოლიტიკური კარიერა და მისი სტილი მკვეთრად განსხვავდება იმ პოლიტიკური სტანდარტებისგან, რომელიც ამერიკულ პოლიტიკაში მის გამოჩენამდე არსებობდა.

ტრამპმა, პროგნოზების საწინააღმდეგოდ, 2016 წელს ჯერ რესპუბლიკელთა პრაიმერში [შიდაპარტიული არჩევნები] გაიმარჯვა, შემდეგ „გენერალურ ბრძოლაში“ ჰილარი კლინტონს სძლია, გადაურჩა იმპიჩმენტს და ახლა ცდილობს, თეთრ სახლში მეორე ვადით დარჩეს.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მესამე ცდის შემდეგ მოახერხა პრეზიდენტობის კანდიდატი გამხდარიყო. გამოკითხვების და ანალიტიკოსების პროგნოზების თანახმად, იგი აშკარა ფავორიტია. თუმცა, ბაიდენმა, თუნდაც ქვეყნის მასშტაბის უფრო მეტი ხმის მიღების მიუხედავად, შეიძლება ვერ მოიგოს — საარჩევნო კოლეგიის სისტემის გამო.

ამასთან ერთად, საუბარი მიდის ე.წ „წითელი მირაჟზე“ — ფენომენზე, რომელიც არ მოგვცემს საშუალებას, გამარჯვებულის ვინაობა არჩევნების დღეს გავიგოთ. არც ისაა გამორიცხული, პრეზიდენტობის ბედი, საბოლოო ჯამში, უზენაესი სასამართლოს გადასაწყვეტი გახდეს.

 უჩვეულო წინასაარჩევნო გარემო 

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და წინასაარჩევნო სამზადისი აშშ-სთვის უჩვეულოა, მათ შორის, წინასაარჩევნო ინციდიენტების გამო, რომელიც ძირითადად მოდის პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებისგან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ტეხასში მოხდა, როცა ტრამპის მხარდამჭერთა ავტოკოლონამ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეაფერხა ბაიდენის კამპანიის ავტობუსი, რომელიც საარჩევნო ღონისძიებისკენ მიემართებოდა.

კადრებში ჩანს, რომ ტრამპის მხარდამჭერები ავტობუსის შეფერხებას ცდილობენ, ერთ-ერთი ავტომობილი კი, სავარაუდოდ, მიზანმიმართლად ეჯახება სხვა ავტომობილს და მის ზოლიდან გადაგდებას ცდილობს. საბოლოოდ, ავტობუსში მყოფებმა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს, თუმცა ტეხასში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილის გამო საარჩევნო ღონისძიება გაუქმდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს როგორც ადგილობრივმა სამართალდამცავებმა, ისე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ. ტრამპმა თავისი მხარდამჭერები გაამხნევა და თქვა, რომ მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ.

წინასაარჩევნო გარემოსთვის ასევე უჩვეულოა ის ფაქტიც, რომ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მაღაზიების მფლობელები სავაჭრო ობიექტების შუშის ვიტრინებს სპეციალური ხის პანელებით ფუთავენ, რადგან, მათი აზრით, არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში არსებობს მასობრივი არეულობის საფრთხე, რამაც შესაძლოა მათი ბიზნესი დააზარალოს.

მაღაზიის მფლობელები ემზადებიან საარჩევნოდ რეულობისთვის. EPA-EFE/CJ GUNTHER

მაღაზიის მფლობელები ემზადებიან საარჩევნოდ რეულობისთვის. EPA-EFE/CJ GUNTHER

რესპუბლიკური პარტია და პრეზიდენტი ტრამპი ოპონენტებმა ასევე გააკრიტიკეს წინასაარჩევნო პერიოდში უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნის გამო. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლიდან ერთ-ერთი, ლიბერალური ფრთხის წარმომადგენელი რუთ ბეიდერ გინსბურგი. მის ნაცვლად პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა 48 წლის კონსერვატორი მოსამართლე (რომელიც აბორტის ცნობილი მოწინააღმდეგეა), ემი ქოუნი ბარეტი. საბოლოოდ, დემოკრატთა წინააღდმეგობის მიუხედვად, სენატის რესპუბლიკელმა წევრებმა ბარეტი მოსამართლედ დაამტკიცეს.

„თქვენ ვერასდროს, ვერასდროს ვერ დაიბრუნებთ ნდობას“, — უთხრა დემოკრატთა ლიდერმა სენატში რესპუბლიკელ კოლეგებს. დემოკრატები რესპუბლიკელებს ორმაგ სტანდარტებში სდებენ ბრალს.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ ჯერ კიდევ არჩევნების დღემდე, 3 ნოემბრამდე, ხმა უკვე მისცა ამომრჩეველთა რეკორდულმა რაოდენობამ – 100 მილიონამდე ამომრჩეველმა. ეს რიცხვი 2016 წლის მონაცემებზე ორჯერ მეტია. აშშ-ში მოქალაქეებს წინასწარ ხმების მიცემა შეუძლიათ როგორც ფოსტით, ისე – წინასწარ გახსნილ საარჩევნო უბნებზე. ასეთი უბნები აშშ-ში სექტემბრიდან არის გახსნილი, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ხმა მისცენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამის გაკეთებას უშუალოდ არჩევნების დღეს ვერ ახერხებენ.

თითქმის ნახევარი საუკუნე ბიზნესსა და პოლიტიკაში

ტრამპი და ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტობისთვის მებრძოლი ყველაზე ხანდაზმული კანდიდატები არიან [რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან]. ბაიდენი 1942 წელს, პენსილვანიაში [ამ არჩევნებში — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შტატი] დაიბადა. მისი ოჯახი მაშინდელ ამერიკულ საშუალო კლასს განეკუთვნებოდა.

დონალდ ტრამპი ოდნავ უმცროსია — იგი 1946 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა. მამამისი, ბიზნესმენი ფრედ ტრამპი ძირითადად უძრავი ქონებით იყო დაინტერესებული. 1971 წელს დონალდ ტრამპი მამამისის ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. საკუთარი ბიზნესი, როგორც ტრამპი ამბობს, „პატარა სესხით, 1 მილიონი დოლარით დაიწყო“, ხოლო კრედიტორი მამამისი, ფრედი იყო.

თანხა, ტრამპის ყოფილი პრეს-სპიკერის, სარა ჰაკაბი სანდერსის თქმით, პრეზიდენტმა მამას დაუბრუნა [თუმცა, თუ გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსს“ დავუჯერებთ, ტრამპმა მამისგან 60 მილიონი დოლარი მიიღო, რაც დღეს 140 მილიონის ეკვივალენტი იქნებოდა, ხოლო ფულის დიდი ნაწილი ფრედ ტრამპს უკან აღარ მიუღია].

1971 წელს ტრამპი მამამისის უძრავი ქონების კომპანია Trump Management-ის პრეზიდენტი გახდა. ამ მოვლენამდე ერთი წლით ადრე პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჯო ბაიდენმა — 1970 წელს იგი დელავერის ნიუ ქასთლის საგრაფოს საბჭოს წევრად აირჩიეს. 1972 წელს, 30 წლის ასაკში კი დელავერიდან აშშ-ის სენატის წევრი გახდა.

მარცხნივ: ჯო ბაიდენი ხვდება პრეზიდენტ ჯიმი კარტერს, მარჯვნივ: დონალდ ტრამპი და რონალდ რეიგანი, 1987 წელი.

ბაიდენი სენატის წევრი 2009 წლამდე იყო. იქამდე მან ორჯერ სცადა პრეზიდენტის პოსტის დაკავება — 1988 და 2008 წლებში. ორივე მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, თუმცა მეორეჯერ ბარაკ ობამამ თავისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ობამა-ბაიდენის წყვილმა 2008 და 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

იმავე პერიოდში პოლიტიკურად აქტიური იყო იმჟამად ბიზნესმენი ტრამპიც. ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტივობა [2015 წლამდე] მომავალი პრეზიდენტისთვის 2000 წლის კამპანია გამოდგა — მაშინ იგი „რეფორმის პარტიის“ კანდიდატობისთვის იბრძოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, გადაწყვიტა, აღარ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. გარდა ამისა, ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობას 1988 წლის არჩევნებშიც განიხილავდა.

რა განსხვავებაა ორ კანდიდატს შორის?

საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც წესი, ორი უმთავრესი კანდიდატი ერთმანეთისგან პოლიტიკური ხედვებით განსხვავდებიან. განსხვავებები განსაკუთრებით გამოვლინდა შემდეგ საკითხებში:

  • იარაღის ტარება-შენახვის უფლება — ბაიდენის პროგრამა გარკვეული ტიპის რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, მაშინ როცა ტრამპი ნებისმიერი შეზღუდვის წინააღმდეგია.
აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორება — დააჭირეთ სანახავად

აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორების [მიღებული 1791 წელს] თანახმად, მოქალაქეებს აქვთ იარაღის ტარება-შენახვის უფლება. ამავე შესწორების მიხედვით, მოქალაქეებს აქვთ აჯანყების უფლება, თუ მთავრობა უხეშად დაარღვევს აშშ-ის კონსტიტუციას.

თუმცა შტატების ადგილობრივ ხელისუფლებებს აქვთ საშუალება, დააწესონ გარკვეული რეგულაციები — მაგალითად, კალიფორნიაში იარაღის შესაძენად უფრო მეტი პროცედურის გავლაა საჭირო, ვიდრე ალაბამაში. როგორც წესი, პროცედურის სირთულე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პარტია დომინირებს ადგილობრივ ხელისუფლებაში. შტატებში, სადაც ადგილობრივ მთავრობას დემოკრატიული პარტია აკონტროლებს, რეგულაციები იარაღთან დაკავშირებით უფრო მკაცრია.

  • რასობრივი უთანასწორობა — ბაიდენმა მხარდაჭერა გამოუცხადა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებულ პროტესტს. ტრამპმა მკვლელობას „სირცხვილი“ უწოდა, თუმცა პროტესტის წინააღმდეგი იყო — „იწყება ძარცვა/თარეში [looting], იწყება სროლა“, — განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა, ხოლო მოძრობა Black Lives Matter [შავკანიანთა სიცოცხლეები მნიშვნელოვანია] მოიხსენია, როგორც „სიძულვილის სიმბოლო“.
  • მიგრაცია — 2015 წლიდანვე ტრამპის ერთ-ერთი პრიორიტეტი არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა იყო. კამპანიის დაწყებისას მან ასეთი განცხადება გააკეთა: „მექსიკა აქ თავის საუკეთესო ხალხს არ აგზავნის… ისინი აგზავნიან მათ, ვისაც უამრავი პრობლემა აქვს და ეს პრობლემები ჩვენთან მოაქვს. მათ მოაქვთ ნარკოტიკული საშუალებები, კრიმინალი. ისინი მოძალადეები არიან. ზოგი, მჯერა, კარგი ადამიანია“ და მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივით გამოვიდა. გარდა ამისა, ოვალური კაბინეტის დაკავებიდან მალევე, „უსაფრთხოების მიზნით“ დააწესა აკრძალვა აშშ-ში ჩამოსვლაზე რამდენიმე ქვეყნიდან, სადაც მუსლიმები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. ასევე, ტრამპი მხარს უჭერს არალეგალური მიგრანტების დეპორტაციას. ბაიდენი, თავის მხრივ, ტრამპის პოლიტიკას არ ეთანხმება — დებს პირობას, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გააუქმებს, ხოლო 11 მილიონ ადამიანს, რომელიც აშშ-ში არალეგალურად იმყოფება, მოქალაქეობის მიღების საშუალებას მისცემს.
  • კორონავირუსის პანდემია — ბაიდენი პანდემიასთან ბრძოლაში გზას დისტანციის, სხვა წესების დაცვასა და გარკვეულ შეზღუდვებში ხედავს. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო უნდა გახდეს პირბადის ტარება. ტრამპი, რომელიც თავადაც დაინფიცირდა, პანდემიის დაწყებიდან არ უჭერდა მხარს „ლოკდაუნს“ — კარანტინს/ჩაკეტვას და ხშირად ადარებდა კორონავირუსს გრიპის ვირუსს. თუმცა, თუ ჟურნალისტ ბობ ვუდვარდის წიგნს დავუჯერებთ, „ტრამპმა განზრახ წარმოაჩინა პანდემია უფრო ნაკლებად მნიშვნელოვნად“ და „იცოდა, რომ კორონავირუსი გრიპის ვირუსზე სერიოზული დაავადება იყო“.
  • ჯანდაცვა — ტრამპი, ისევე როგორც რესპუბლიკური პარტია, ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებული კანონის — „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის“ [Affordable Care Act, ასევე ცნობილი როგორც Obamacare] წინააღმდეგია. ამ კანონით აშშ-ის სადაზღვეო კომპანიებს დაუწესდათ გარკვეული რეგულაციები — მაგალითად, ისინი ვერ ეტყვიან უარს მომსახურებაზე ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მანამდე არსებული პრობლემები [Pre-existing conditions] აქვთ. რესპუბლიკური პარტიისთვის ამ კანონთან ბრძოლა, სხვა ყველაფრის გარდა, იდეოლოგიის საკითხია — სახელმწიფოს ასეთი ჩარევა ეკონომიკურ პროცესებში მათთვის მიუღებელია. ბაიდენი, თავის მხრივ, ამავე აქტის და მისი განახლება-გაფართოების მხარდამჭერია, თუმცა, ზოგი დემოკრატისგან [მაგალითად, ბერნი სანდერსისგან] განსხვავებით, „საყოველთაო ჯანდაცვის“ [Medicare for All] მომხრე არაა.
  • საგარეო პოლიტიკა — ტრამპი, რესპუბლიკური პარტიის წინა ლიდერებისგან განსხვავებით [მიტ რომნი ჯორჯ ბუში უმცროსი, დიკ ჩეინი], საგარეო პოლიტიკაში შედარებით იზოლაციონისტური განწყობითაა გამორჩეული. 2015 წლიდან მოყოლებული, ტრამპის მიდგომა იყო — „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ [America First]. პრეზიდენტობის დროს, ტრამპს ხშირად უთქვამს, რომ აშშ-მა ნაკლები უნდა დახარჯოს საგარეო დახმარებაზე, რომ ვაშინგტონის მოკავშირეებმა „თავიანთი თავდაცვის ფული თავადვე უნდა გადაიხადონ“. თეთრ სახლში ყოფნისას ტრამპმა ასევე აწია ან დააწესა აქციზები [Tarrifs] რიგი უცხოური საქონლისთვის. ყველაზე მეტად აქციზები შეეხო ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას — დაიწყო აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი.

რის გამო აკრიტიკებენ კანდიდატებს?

დონალდ ტრამპი

  • ომი ერაყში — დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის მიერ წამოწყებულ ომს ერაყში: „როცა ისინი [ამერიკელი ჯარისკაცები] შევიდნენ [ერაყში], მე ვთქვი, რომ ეს უზარმაზარი შეცდომაა“. „ესოშიეითიდ პრესის“ [AP] თანახმად, ტრამპი მართლაც ეწინააღმდეგებოდა ომს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
  • შესაძლო კავშირი რუსეთთან — ჯერ კიდევ 2016 წელს გაისმა ბრალდებები, რომ ტრამპს კავშირი ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებასთან, რომლებმაც ხელი შეუწყო მის გაპრეზიდენტებას. მოგვიანებით, რუს ბიზნესმენებთან თუ ოფიციალურ პირებთან კავშირისთვის ბრალდებები წარუდგინეს მისი უახლოესი წრის წარმომადგენლებს, მათ შორის — მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოებების საკითხებში, მაიკლ ფლინს.
  • გადასახადების გადახდა — იხილეთ „ნეტგაზეთის“ მასალა: ტრამპის გადასახადები ყურადღების ცენტრში — რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტს?

ჯო ბაიდენი

  • ომი ერაყში — ომის მომხრე იყო ჯო ბაიდენიც — 2002 წლის ოქტომბერში მან მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ ბუშს ძალის გამოყენების უფლებას აძლევდა. მოგვიანებით ბაიდენი ომის მოწინააღმდეგე გახდა — ამბობდა, რომ 2002 წლის გადაწყვეტილება „შეცდომა“ იყო, თუმცა რეგიონიდან ჯარის გამოყვანას არ ითხოვდა.
  • „1994 წლის კანონი ძალადობრივი დანაშაულისა და სამართალდაცვის შესახებ“ — როგორც „ვოქსი“ წერს, კანონი, რომელიც ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს მიიღეს, იყო მაშინდელი დემოკრატიული პარტიის მცდელობა, წინააღმდეგობა გაეწია რესპუბლიკელების რიტორიკისთვის, რომ დემოკრატები „კრიმინალის მიმართ რბილად იყვნენ განწყობილი“. კანონის რიგ ასპექტებს დემოკრატიულ პარტიაში ახლაც იწონებენ, თუმცა ბაიდენი — მაშინ მისი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი- ხშირად ყოფილა კრიტიკის ობიექტი პუნქტისთვის, რომლის თანახმადაც სამი დანაშაულის [მათ შორის არაძალადობრივის] ჩადენისთვის მოქალაქეებისთვის შესაძლოა სამუდამო პატიმრობაც მიესაჯათ.

ვიცე-პრეზიდენტები — ვინ შეცვლის ტრამპს ან ბაიდენს საჭიროების შემთხვევაში?

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დიდწილად ცერემონიული თანამდებობაა, მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გარკვეული გარემოებების შემთხვევაში, სწორედ ის გახდეს ამერიკის პრეზიდენტი. მაგალითად, პრეზიდენტის გადადგომის/გარდაცვალების ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში [მაგალითად, ოვალური კაბინეტი 1963 წელს ვიცე-პრეზიდენტმა ლინდონ ბეინს ჯონსონმა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის შემდეგ დაიკავა, 1974 წელს კი, ჯერალდ რუდოლფ ფორდმა- რიჩარდ მილჰაუზ ნიქსონის გადადგომის შემდეგ].

ვიცე-პრეზიდენტი აგრეთვე შეიძლება გახდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი — თუ, მაგალითად, პრეზიდენტს ოპერაციას უტარებენ და ა.შ. [ბოლოს ასეთი შემთხვევა ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას მოხდა, 2007 წელს, იქამდე კი 43-ე პრეზიდენტის მამა, რონალდ უილსონ რეიგანის ვიცე-პრეზიდენტი, ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში ორჯერ იყო მოვალეობის შემსრულებელი].

ამ ყველაფერთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არაა და აშშ-ის კონგრესის სენატის პრეზიდენტის პოსტსაც იკავებს. მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს იმ შემთხვევაში, თუ სენატში ხმები თანაბრად გაიყოფა — ამ დროს გადამწყვეტ ხმას სწორედ ვიცე-პრეზიდენტი აძლევს.

ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას მნიშვნელობა აქვს არჩევნებზეც. ხშირ შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტმა პარტიის კანდიდატების დაბალანსების ფუნქცია უნდა შეასრულოს: მაგალითად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი ახალგაზრდაა, ვიცე-პრეზიდენტად შეიძლება შეარჩიონ შედარებით ხანდაზმული და გამოცდილი პოლიტიკოსი, ან პირიქით [უახლესი ისტორიიდან — ობამა-ბაიდენის წყვილი 2008 წელს და რომნი-რაიანის- 2012 წელს].

მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიასაც — კანდიდატს ჩრდილოეთის შტატიდან ვიცე-პრეზიდენტად, როგორც წესი, სამხრეთელი პოლიტიკოსი ჰყავს [მაგალითად — ჰილარი კლინტონი ნიუ-იორკიდან და ტიმ კეინი ვირჯინიიდან 2016 წელს], ზოგჯერ კი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ე.წ. მერყევი შტატიდან [შტატი, რომელშიც გამარჯვებული შეიძლება ორივე კანდიდატი აღმოჩნდეს] არჩევენ.

კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს იდეოლოგია — მაგალითად, თუ პრეზიდენტობის მსურველი კონსერვატიული/ლიბერალური განწყობებით გამოირჩევა, დაბალანსების მიზნით ვიცე-პრეზიდენტად შეიძლება უფრო ცენტრისტი კანდიდატი შეარჩიონ.

დონალდ ტრამპის შემთხვევაში მისი მეწყვილე მაიკ პენსი — ტრადიციული რესპუბლიკელია. ბაიდენმა, თავის მხრივ, აირჩია 56 წლის კამალა ჰარისი — მისი ყოფილი მოწინააღმდეგე პრაიმერში და პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელიც შეიძლება ამ თანამდებობაზე აირჩიონ.

მაიკ პენსისა და კამალა ჰარისის დებატები. ფოტო: EPA-EFE/Morry Gash / POOL

ბაიდენი-ტრამპის მსგავსად, კრიტიკა ჰარისი-პენსის მისამართითაც ისმის. როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პენსი მხარს უჭერს ე.წ. „კონვერციულ თერაპიას“ — პრაქტიკას, რომლის მიზანიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ცვლილებაა. თავად პენსი ამას უარყოფს და ამბობს, რომ მისი განცხადებები არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

ჰარისი, თავის მხრივ, კალიფორნიაში ჯერ საოლქო, შემდეგ კი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას მიღებული გადაწყვეტილებების გამოა კრიტიკის ობიექტი. კრიტიკოსების თქმით, ჰარისის პროკურორობისას მის წინამორბედზე მეტი დაპატიმრება ხდებოდა, მათ შორის, მარიხუანის მოხმარებისთვის.

რა არის საარჩევნო კოლეგია და როგორ მუშაობს ის

შეერთებულ შტატებში პრეზიდნეტის არჩევის სისტემა განსხვავდება მსოფლიო ანალოგებისგან. კერძოდ, მოქალაქეები ირჩევენ საარჩევნო კოლეგიის წევრებს თავიანთი შტატიდან, ხოლო კოლეგია — პრეზიდენტს.

მთლიანობაში, კოლეგია შედგება 538 წევრისგან. თითოეული შტატი კოლეგიაში წარმოდგენილია იმდენივე ამომრჩევლით, რამდენითაც კონგრესში [ვაშინგტონის ფედერალური ოლქის გარდა — მას ჰყავს სამი წარმომადგენელი ოლქში, თუმცა არ ჰყავს ხმის უფლების მქონე წარმომადგენელი კონგრესში].

საარჩევნო კოლეგიის კიდევ ერთი სპეციფიკური მახასიათებელი ისაა, რომ კანდიდატმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება გამარჯვებულზე მეტი ხმა მოიპოვოს, მაგრამ მაინც წააგოს. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა 2016, 2000, 1888 და 1876 წელს.

გამარჯვებისთვის კანდიდატს სჭირდება მინიმუმ 270 ხმა. შესაძლებელია, რომ საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვოს [იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ შემთხვევაში, ქვევით მოგიყვებით].

კოლეგგის წევრთა რაოდენობის განაწილება შტატების მიხედვით. ფოტო: 270towin.com

სუბიექტების უმრავლესობაში მუშაობს სისტემა, რომელსაც უწოდებენ „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“ [Winner takes all]. ეს ნიშნავს, რომ თუ, პირობითად, ფლორიდას შტატში ტრამპი 5 მილიონ ხმას მიიღებს, ხოლო ბაიდენი 5 მილიონსა და ერთს, კოლეგიის 29-ვე ამომრჩევლის ხმას ბაიდენი მიიღებს. ეს სისტემა არ მოქმედებს მხოლოდ ორ შტატში — მენსა და ნებრასკაში.

როგორ ნაწილდება ხმები ნებრასკასა და მენში— დააჭირეთ სანახავად

მენსა და ნებრასკას აშშ-ის კონგრესში 2-2 სენატორი და 2 და 3 კონგრესმენი ჰყავთ. ამგვარად, მენს – 4, ნებრასკას კი 5 კვოტა აქვს საარჩევნო კოლეგიაში.

საპრეზიდენტო არჩევნებში მენში არის სამი ოლქი: ე.წ At-large [მთელი შტატი, 2 ხმა], პირველი და მეორე. მთელი შტატის მასშტაბით გამარჯვებული იღებს 2 ხმას, ხოლო თითოეული ოლქის ფარგლებში გამარჯვებული — თითო-თითოს. ასეთივე სისტემაა ნებრასკაში, იმ განსხვავებით, რომ იქ მესამე ოლქიცაა.

ყველა შტატი მნიშვნელოვანი არაა

როგორც წესი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ცნობილია, თუ რომელი კანდიდატი რომელ შტატს მოიგებს. მაგალითად, ორეგონის შტატი, ფაქტობრივად გარანტირებულად, ბაიდენს აირჩევს, კენტუკიში კი ტრამპი იმარჯვებს.

არჩევნების ბედს წყვეტენ ე.წ. მერყევი შტატები [swing states], რომლებშიც გამარჯვების შანსი ორივე კანდიდატს აქვს. ამ არჩევნებში მერყევი შტატები შემდეგია:

  • არიზონა — 11 წარმომადგენელი კოლეგიაში;
  • ტეხასი — 38 წარმომადგენელი კოლეგიაში;
  • აიოვა — 6 წარმომადგენელი კოლეგიაში;
  • ოჰაიო — 18 წარმომადგენელი კოლეგიაში;
  • ჩრდილოეთ კაროლინა — 15 წარმომადგენელი კოლეგიაში;
  • ჯორჯია — 16 წარმომადგენელი კოლეგიაში;
  • ფლორიდა — 29 წარმომადგენელი კოლეგიაში;
  • ნევადა — 6 წარმომადგენელი კოლეგიაში;
  • მიჩიგანი — 16 წარმომადგენელი კოლეგიაში;
  • უისკონსინი — 10 წარმომადგენელი კოლეგიაში;
  • პენსილვანია — 20 წარმომადგენელი კოლეგიაში;
  • ნიუ ჰემფშირი — 4 წარმომადგენელი კოლეგიაში;

„538-ის“ გამოკითხვების თანახმად, არჩევნებამდე 2 დღით ადრე ტრამპი ტეხასში და აიოვაშია ფავორიტი, ოჰაიოში სრული თანაფარდობაა, ხოლო დანარჩენ შტატებში ფავორიტი ბაიდენია.

ამასთან ერთად, ზოგ შტატში ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვება შეიძლება უკვე გვაძლევდეს იმის თქმის საშუალება, თუ ვინ იქნება გამარჯვებული. მაგალითად, თუ ბაიდენი ტეხასში გაიმარჯვებს, დიდი ალბათობით, არჩევნებსაც მოიგებს. ხოლო თუ ტრამპი მიჩიგანში მოიგებს, დიდი ალბათობით, ის მეორე ვადით დარჩება.

„წითელი მირაჟი“

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბევრ შტატში მოქალაქეებს შეეძლებათ ხმა ფოსტის მეშვეობით მისცენ. ტრამპი ამ სისტემის მიმართ უაღრესად კრიტიკულადაა განწყობილი — მისი მოსაზრებით, ასე არჩევნების გაყალბებაა შესაძლებელი.

ფოსტით ხმის მიცემის კონტექსტში ანალიტიკოსები საუბრობენ ფენომენზე, რომელსაც ძირითადად ორი სახელწოდებით მოიხსენიებენ: „ლურჯი გადახრა“ ან „წითელი მირაჟი“ — ესე იგი, არჩევნების დღეს არაა გამორციხული, დონალდ ტრამპი შტატების დიდ ნაწილში ბაიდენზე წინ იყოს და ამგვარად მოაგროვოს საკმარისი ხმები გამარჯვებისთვის, თუმცა მოგვიანებით, როცა დათვლილი იქნება ფოსტით დაფიქსირებული ხმები, ბაიდენი წინ გავიდეს.

ამ ფენომენს იმით ხსნიან, რომ რესპუბლიკელები და ტრამპის მხარდამჭერები, უფრო დიდი ალბათობით, საარჩევნო ოლქებში მისცემენ ხმას, ბაიდენის მხარდამჭერები კი, ფოსტით. არაა გამორიცხული, რომ ამ და სხვა ახალი გამოწვევების გამო არჩევნების ირგვლივ პოზიციის დაფიქსირება უზენაეს სასამართლოს მოუწიოს, სადაც რესპუბლიკელი პრეზიდენტის მიერ დანიშნული 6, დემოკრატი პრეზიდენტის მიერ კი 3 დანიშნული მოსამართლეა [არჩევნების ბედი სასამართლომ 2000 წელსაც გადაწყვიტა — მაშინ არჩევნების ბედს ფლორიდის შტატი წყვეტდა, სხვაობა კი ხმებს შორის უკიდურესად მცირე იყო. დემოკრატ ალბერტ გორის კამპანია ითხოვდა, კონკრეტულ საგრაფოებში ხმები თავიდან დაეთვალათ, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა [5 ხმით 4-ის წინააღმდეგ], დათვლის შეჩერების ბრძანება გასცა და ძალაში დატოვა იქამდე არსებული შედეგები, რომელთა თანახმადაც, რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმა 6 მილიონი მიცემული ხმიდან გორზე 537 ხმით მეტი მოიპოვა].

რა მოხდება, თუ 270 ხმას ვერავინ მიიღებს?

თეორიულად, ასეთი რამეცაა შესაძლებელი. თუმცა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ამისთვის ტრამპმაც და ბაიდენმაც 269-269 ხმა უნდა დააგროვონ. „538-ში“ მიიჩნევენ, რომ ამის 1%-იანი ალბათობა არსებობს.

ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტს აირჩევს წარმომადგენელთა პალატა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტს — სენატი. თუმცა, თუ ვიცე-პრეზიდენტის არჩევაში სენატის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას,  პალატა განსხვავებული წესით ირჩევს პრეზიდენტს.

თითოეული შტატის დელეგაციიდან ხმას 1 ადამიანი მისცემს. ანუ, კალიფორნიის 53 წარმომადგენლის და პირობითად, უაიომინგის ერთი კონგრესმენის ხმა თანაბარი იქნება. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია ის, თუ რომელი პარტიის წევრები არიან უმრავლესობაში შტატების დელეგაციაში. ამჟამად რესპუბლიკელები 26 შტატში არიან წინ, დემოკრატები კი -22-ში. პენსილვანიასა და მიჩიგანში მათი რაოდენობა თანაბარია. თუმცა ძალთა ბალანსი შეიძლება შეიცვალოს ამ არჩევნების შედეგად, პრეზიდენტს კი ახალი მოწვევის კონგრესი 6 იანვარს აირჩევს. თუ პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხერხდება, ვიცე-პრეზიდენტი მისი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება.

კონგრესის არჩევნები

პრეზიდენტთან ერთად, ამერიკელებს კონგრესის — სენატის და წარმომადგენელთა პალატის -არჩევაც უწევთ. ამ ეტაპზე, სენატს რესპუბლიკელები აკონტროლობენ, ხოლო პალატას — დემოკრატები. თუმცა, გამოკითხვების თანახმად, დემოკრატები სენატის კონტროლის გადაბირებისა და პალატის შენარჩუნების ფავორიტები არიან.

კონგრესის ორივე პალატის კონტროლი პრეზიდენტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია — საკანონმდებლო ორგანოს გარეშე, მას გაუჭირდება სხვადასხვა ინიციატივის გატანა.

ამასთან ერთად, პრეზიდენტის არჩევიდან ორ წელიწადში, შუალედურ არჩევნებში, მისი პარტია, როგორც წესი, სერიოზულ დანაკარგებს განიცდის — მაგალითად, 2010 წელს, ობამას გაპრეზიდენტებიდან 2 წელიწადში, დემოკრატებმა პალატა დაკარგეს, 2018 წელს ასეთივე მარცხი იწვნიეს რესპუბლიკელებმა.

ადგილობრივი არჩევნები და „ჯერიმენდერინგი“

კიდევ ერთი არჩევნები ადგილობრივია: მოქალაქეები აირჩევენ შტატების გუბერნატორებს და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების წევრებს.

ადგილობრივი არჩევნები ამ წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ახლად არჩეული ხელისუფლება მომავალი 10 წლისთვის წარმომადგენელთა პალატის მაჟორიტარული ოლქების საზღვრებს ადგენს. როგორც წესი, ესა თუ ის პარტია, უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში, მიმართავს ე.წ. ჯერიმენდერინგს — ადგენს საზღვრებს თავის სასარგებლოდ [მაგალითად, მოწინააღმდეგე პარტიის მხარდამჭერებს აქცევს ერთ ოლქში, რათა შეამციროს მათი ხმების მნიშვნელობა].

ტერმინი წარმოიშვა 1812 წელს, როცა მასაჩუსეტსის გუბერნატორმა, ელბრიდჯ ჯერიმ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც შტატის სენატის ოლქები დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ დაიხაზა. მაშინ პარტიამ შტატში მარცხი განიცადა, მაგრამ სენატის კონტროლი მოიპოვა.


იხილეთ აგრეთვე:

ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი