ახალი ამბები

ტრამპის გადასახადები ყურადღების ცენტრში — რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტს?

29 სექტემბერი, 2020 • 1629
ტრამპის გადასახადები ყურადღების ცენტრში — რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტს?

27 სექტემბერს ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება — „დიდი ხნის განმავლობაში დამალული დოკუმენტაცია აჩვევნებს ტრამპის [ბიზნესის] დანაკარგებს“. გამოძიებამ კიდევ ერთხელ მოაქცია მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გადასახადების გადახდის საკითხი.

პრეზიდენტის ოპონენტები ჯერ კიდევ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული აცხადებენ, რომ მას, მიუხედავად დიდი ქონებისა, „არ გადაუხდია ფედერალური საშემოსავლო გადასახადი“ და მოუწოდებენ, გამოაქვეყნოს თავისი საგადასახადო დეკლარაცია, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რამდენი, როგორ და რატომ [არ] გადაიხადა ტრამპმა.

იგი, თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ „მის დოკუმენტაციაში არაფერი განსაკუთრებული არაა“, თუმცა, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, დოკუმენტაცია ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

რა შეიძლება იყოს გამოუქვეყნებელ დოკუმენტაციაში?

2016 წელს, როდესაც ტრამპი პრეზიდტის პოსტის დასაკავებლად იბრძოდა, ჯერ კიდევ პრაიმერის [პარტიული არჩევნების] ეტაპზე რესპუბლიკელები მოუწოდებდნენ მას, გამოექვეყნებინა დოკუმენტაცია. მოგვიანებით, იგივე მოწოდება გაისმა ჰილარი კლინტონის ,ხრიდან, რომელიც ტრამპის მთავარი კონკურენტი იყო ნოემბრის არჩევნებში.

კლინტონის მოსაზრებით, ტრამპის დოკუმენტაციის არგამოქვეყნების უკან რამდენიმე მიზეზი შეიძლება იდგეს — „იგი არ არის ისეთი მდიდარი, როგორც სურს აჩვენოს, არ არის ისეთი ქველმოქმედი, როგორიც სურს წარმოაჩინოს, ან არ გადაუხდია ფედერალური საშემოსავლო გადასახადი“. ბოლო ვერსიას ტრამპმა ასე უპასუხა: „ეს ნიშნავს, რომ მე ჭკვიანი ვარ“ [ინგლ. That makes me smart].

რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი, 2012 წელს პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი მიტ რომნი კი მიიჩნევს, რომ „დოკუმენტაციის გამოქვეყნებაზე ბატონი ტრამპის უარის უკან მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნაა — ეს იქნება მეხი მოწმენდილ ცაზე“.

რატომ არ [ან ვერ] ასაჯაროებს ტრამპი დეკლარაციას?

აშშ-ის პრეზიდენტი [ან მისი ზოგი წარმომადგენელი] საგადასახადო დეკლარაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავ განცადებებს აკეთებდა:

  • 2012 წლის არჩევნების დროს ტრამპმა თქვა: „თუ არ გაქვთ ნანახი საგადასახადო დეკლარაცია, იფიქრებთ, რომ დიდი ალბათობით რაღაც არაა წესრიგში“;
  • 2014 წლის მაისში ტრამპმა განაცხადა: „თუ თანამდებობისთვის კენჭს ვიყრი, დეკლარაციას დიდი სიხარულით გამოვაქვეყნებ“.
  • 2015 წლის თებერვალში ტრამპმა ინტერვიუში დასძინა: „არ მაქვს არანაირი პრეტენზია/წინააღმდეგობა დეკლარაციის გამოქვეყნებაზე“;
  • 2016 წლის იანვარში ჟურნალისტ ჩაკ ტოდის კითხვას მან ასე უპასუხა: „ახლა ამაზე ვმუშაობთ. როგორც იცი, ძალიან დიდი დეკლარაცია მაქვს. ყველაფერი ნებადართული და ძალიან ლამაზია [sic!]. <…> შესაფერის დროს [გამოვაქვეყნებთ], იქნები ძალიან კმაყოფილი“.

იმავე 2016 წლის დასაწყისში, ტრამპმა უკან წაიღო დაპირება. მისი თქმით, ვერ გამოაქვეყნებდა დეკლარაციას იმიტომ, რომ აშშ-ის საგადასახადო სამსახური [IRS] მათ აუდიტს ატარებდა. თუმცა, უწყების მაშინდელი ხელმძღვანელის, ჯონ კოსკინენის ცნობით, აუდიტი არ უშლის ხელს დეკლარაციის გამოქვეყნებას.

ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დაწყებისას მისმა მრჩეველმა, კელიან კონუეიმ თქვა, რომ დოკუმენტაცია არ იქნებოდა გასაჯაროებული.

2019 წელს ტრამპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მიკ მალვანიმ დასძინა, რომ დეკლარაცია „არასდროს“ იქნებოდა გასაჯაროებული და გამოთქვა აზრი, რომ „საზოგადოება დოკუმენტებით დაინტერესებული არაა“.

იმავე წელს, როცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დეკლარაციის მიღება მოითხოვა, ტრამპის მაშინდელმა პრეს-სპიკერმა, სარა სანდერსმა გაიმეორა, რომ დეკლარაცია აუდიტის გამო ვერ იქნებოდა გასაჯაროებული.

რა წერია „თაიმსის“ გამოძიებაში და დაარღვია თუ არა ტრამპმა კანონი?

როგორც „ბი ბი სი“ წერს, გამოძიების მთავარი მიგნებები შემდეგია:

  • ტრამპმა 2016 და 2017 წლებში წელიწადში ფედერალური გადასახადის სახით აშშ-ის ბიუჯეტში 750 დოლარი შეიტანა;
  • ჟურნალისტებმა შეისწავლეს ტრამპის ბოლო 18 წლის დეკლარაცია. აქედან 11-ში მას ფედერალური საშემოსავლო გადასახადი საერთოდ არ გადაუხდია;
  • ტრამპი ამცირებდა გადასახადების ოდენობას ბიზნეს-საქმიანობაში მნიშვნელოვანი დანაკარგების დეკლარირებით. ამასთან ერთად, 2018 წელს მისი გაცხადებული შემოსავალი 400 მილიონზე მეტი იყო, თუმცა „თაიმსის“ გამოძიებაში ტრამპმა ამ წელს 40 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა [აშშ-ის კანონმდებლობით, ბიზნესში ზარალის შემთხვევაში გადასახადების ოდენობა მცირდება და ეს არ ითვლება კანონდარღვევად — რედ.];
  • მისი ტელეშოუს, The Apprentice-ის წარმატების შემდეგ ტრამპმა გადაიხადა 95 მილიონი დოლარი 18 წლის განმავლობაში, მაგრამ მოგვიანებით „საგადასახადო დაბრუნების“ ფარგლებში 72,9 მილიონი უკან მიიღო. დაბრუნების გადაწყვეტილება ამჟამად მოწმდება;
  • ტრამპის შვილმა, ივანკამ, მისი ორგანიზაციისგან დიდი ოდენობის ანაზღაურება მიიღო. კომპანიამ მას „საკონსულტაციო მომსახურებისთვის“ გადაუხადა ფული. როგორც „თაიმსი“ წერს, კონსულტაციაში იგულისხმება ივანკას როლი გადასახადების შემცირებაში გაწეული დახმარებისთვის;
  • ტრამპი პირადადაა პასუხისმგებელი ვალზე — ასობით მილიონ დოლარზე, რომელთა გადახდაც შემდეგ ოთხ წელიწადში უნდა მოხდეს;
  • ტრამპი ითხოვდა, რომ საგადასახადო ნუსხიდან გამოექვითათ ისეთი ხარჯი, როგორიცაა 70,000 დოლარი, დახარჯული ვარცხნილობაზე;

გამოცემის ცნობით, „თაიმსის“ გამოძიებაში წაყენებული ბრალდებები — მათ შორის გადასახადებისთვის თავის არიდება- შეიძლება საკამათო იყოს, თუმცა არა კანონსაწინააღმდეგო. ამასთან ერთად, ბევრი მდიდარი ამერიკელი იყენებს სხვადასხვა ხარვეზს კანონში გათვალისწინებულზე ნაკლები გადასახადის დასაფარად.

„ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“ თუ „ფეიკნიუსი“?

გამოძიებას მალევე გამოეხმაურა პრეზიდენტი. ტრამპმა მას „ფეიკ ნიუსი“ — ყალბი ამბავი უწოდა.

  • „რეალურად, მე ვიხდიდი გადასახადებს. ამას თქვენც ნახავთ, როცა ჩემი საგადასახადო დეკლარაცია — რომელიც აუდიტის ქვეშაა, დიდი ხანია აუდიტი მიდის“, — უთხრა მან ჟურნალისტებს [სტილი შენარჩუნებულია — რედ.] და აღნიშნა, რომ „აშშ-ის საგადასახადო სამსახური ძალიან ცუდად ეპყრობა“.

ტრამპის მიერ დაარსებული ორგანიზაციის — The Trump Organization მთავარი იურისტის, ალან გარტენის თქმით, „ფაქტების უმრავლესობა, ყველა მათგანი თუ არა, არასწორია“.

სხვაგვარად ფიქრობს ტრამპის ერთ-ერთი კრიტიკოსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი. მისი შეფასებით, ტრამპის ფინანსები „ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“. თავის პოზიციას პელოსი ასე ხსნის:

  • „ფაქტია, რომ შეიძლება მოქმედ პრეზიდენტს ასობით მილიონი დოლარის ვალი აქვს, ჩვენ კი არ ვიცით, ვისი“, — თქვა პელოსიმ და ივარაუდა, რომ ტრამპი შეიძლება ვლადიმერ პუტინის წინაშე იყოს დავალებული.

გავლენა არჩევნებზე?

საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ტრამპი პოსტის შენარჩუნებისთვის დემოკრატთა კანდიდტთან, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან იბრძოლებს, 3 ნოემბერს ჩატარდება. ამგვარად, ტრამპის გადასახადების თემა, როგორც მინიმუმ, აქტუალური იქნება, როცა ტრამპი და ბაიდენი პირველად შეერკინებიან ერთმანეთს დებატებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი