ახალი ამბები

მინესოტაში შავკანიანი მოქალაქის მკვლელობისთვის პოლიციელთა დასჯას ითხოვენ

28 მაისი, 2020 • 2005
მინესოტაში შავკანიანი მოქალაქის მკვლელობისთვის პოლიციელთა დასჯას ითხოვენ

აშშ-ის შტატ მინესოტის დედაქალაქ მინეაპოლისში ბოლო ორი დღეა, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. სამართალდამცავებმა აქციები ორჯერ დაშალეს, მომიტინგეებმა კი პოლიციის მანქანები დააზიანეს, არეულობის დროს ქალაქში რამდენიმე ადგილას ცეცხლიც გაჩნდა, ზოგმა მოქალაქემ არეულობისას მაღაზიებიც გაძარცვა.

რა გახდა პროტესტის მიზეზი?

25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის ოთხი ოფიცერი მივიდა გამოძახებაზე. მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოქალაქემ მაღაზიაში ყალბი კუპიურით სცადა გადახდა, წერს BBC.

მინეაპოლისის პოლიციის განცხადებით, ადგილზე მისვლისას მათ დააკავეს 46 წლის შავკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც თავის ავტომანქანაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი, მათთვის მიწოდებული ცნობის თანახმად, „იჯდა ლურჯ მანქანაში და, როგორც ჩანს, [ალკოჰოლური თუ სხვა] ზეგავლენის ქვეშ იყო“.

შემდეგ, პოლიციის განცხადებით, ოფიცრებმა უბრძანეს ფლოიდს, მანქანიდან გამოსულიყო, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. „ოფიცრებმა მოახერხეს ეჭვმიტანილისთვის ხელბორკილის დადება და შენიშნეს, რომ მას სამედიცინო პრობლემა ჰქონდა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

შემდეგ, ფლოიდის დაკავებისას, უკვე პოლიციის მანქანასთან სამართალდამცავებმა ძირს დააწვინეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი ყელზე მუხლი დაადო. დაკავებისას ადგილზე იყვნენ თვითმხილველები, რომელთა გადაღებული ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ძირს დაგდებული ფლოიდი რამდენჯერმე სთხოვს პოლიციელებს, ყელიდან მუხლი აეღოთ და იმეორებს, რომ სუნთქვა უჭირს. ყელიდან მუხლის აღებისკენ პოლიციას თვითმხილველიც მოუწოდებს.

გავრცელებულ მასალაში ასევე აღბეჭდილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფლოიდი ლაპარაკსა და მოძრაობას წყვეტს, რაზეც თვითმხილველებიც მიუთითებენ. ამ მდგომარეობაში მყოფ ფლოიდს პულსსაც უზომავენ. ამასთან ერთად, პოლიციელს მის ყელზე მუხლი კვლავ აქვს დადებული.

საბოლოო ჯამში, ფლოიდს საკაცზე ათავსებენ და სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაჰყავთ.

გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფლოიდი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, პოლიციამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი გახდა “პოლიციის ჩართულობით” მომხდარი “სამედიცინო ინციდენტი”.

ამასთან ერთად, სამშაბათს, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ მომხდარის გამოძიებასთან ერთად გადაიხედება მათი პოლიტიკა მსგავს სიტუაციაში ადამიანთა “კონტროლქვეშ მოქცევასთან” დაკავშირებით.

რაც შეეხება დაკავებისას ყელზე მუხლის დადების უფლებას, Associated Press-ის ცნობით, მინეაპოლისის პოლიციას ამის უფლება აქვს, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ ეს ხელს არ უშლის სუნთქვას.

რას ითხოვენ მომიტინგეები?

მომიტინგეების დიდი ნაწილი დაკავებაში მონაწილე ოთხი პოლიციელის დასჯას და სამართალდამცავების მიერ აფროამერიკელებისდამი სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას ითხოვს.

ასეთივე მოთხოვნა აქვს ბრიჯიტ ფლოიდს, გარდაცვლილის დას. იგი მოითხოვს, რომ დაკავებაში ჩართულ ოთხივე პოლიციელს მკვლელობის ბრალდებით წარედგინოს ბრალი.

მინეაპოლისის პოლიციის ოფიცრების ფედერაცია, რომელიც სამართალდამცავებს წარმოადგენს, თავის მხრივ მოუწოდებს საზოგადოებას, ნაჩქარევად არ გააკეთონ დასკვნები, სანამ არ მოხდება ყველა ვიდეომასალის ნახვა და სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარდება.

პროტესტი მინიაპოლისის პოლიციის შენობასთან. წარწერა ბანერზე: ვიქნებით თუ არა ჩემი ოჯახი ან მე შემდეგი? ფოტო: EPA-EFE/CRAIG LASSIG

ასევე, როგორც BBC წერს, ჯორჯ ფლოიდის დაკავების მსგავსი შემთხვევა 2014 წელს ნიუ-იორკშიც მოხდა. მაშინ, შავკანიანი მამაკაცი ერიკ გარნერი სამართალდამცავებმა სიგარეტის უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით დააკავეს.

ერთ-ერთი პოლიციელი გარნერს ყელში უჭერდა ხელს, გარნერი კი ეუბნებოდა, რომ ვერ სუნთქავდა. საბოლოოდ ის გარდაიცვალა და ქალაქის სამედიცინო ექსპერტის დასვკნით, პოლიციელის ქმედებებმა გარდაცვალებაში წვლილი შეიტანა.

ოფიცერი, რომელიც გარნერის დაკავებაში იყო ჩართული, სამსახურიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ, 2019 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს, თუმცა ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

როგორია ხელისუფლების რეაგირება?

პოლიციელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ფლოიდის დაკავებაში, უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან.

თუმცა მინეაპოლისის მერმა განაცხადა, რომ მათ ბრალი უნდა წარედგინოთ მკვლელობის ბრალდებით და „შავკანიანობა ამერიკაში სასიკვდილო განაჩენს არ უნდა ნიშნავდეს“.

მომხდარს გამოეხმაურა მინესოტის წარმომადგენელი აშშ-ის სენატში, ემი კლობუჩარიც — „სამართლიანობა უნდა აღსრულდეს ამ კაცისთვის და მისი ოჯახისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის“, — განაცხადა მან.

გარდა ამისა, უკვე ცნობილი გახდა, რომ მომხდარს არა მარტო ადგილობრივი, არამედ ფედერალური ხელისუფლებაც გამოიძიებს. უკვე ცნობილია, რომ გამოძიებაში მონაწილეობას მიიღებს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი