ახალი ამბები

აშშ-ის სენატმა უზენაესის მოსამართლედ ემი ქოუნი ბარეტი დაამტკიცა

27 ოქტომბერი, 2020 • 1331
აშშ-ის სენატმა უზენაესის მოსამართლედ ემი ქოუნი ბარეტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის სენატმა დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული კანდიდატი — ემი ქოუნი ბარეტი 52 ხმით 48-ის წინააღმდეგ, იტყობინება „ბი ბი სი“.

ბარეტის დანიშვნა მხარი დაუჭირეს მხოლოდ რესპუბლიკელებმა — ტრამპის თანაპარტიელებმა, თუმცა, რადგან ისინი ამ მოწვევის სენატში უმრავლესობაში იყვნენ, ხმები საკმარისი აღმოჩნდა. ერთადერთი რესპუბლიკელი, ვინც ბარეტის წინააღმდეგ მისცა ხმა, იყო სენატორი მენის შტატიდან, სიუზენ კოლინზი.

ტრამპი და მისი მხარდამჭერები მიესალმნენ ბარეტის დანიშვნას. დემოკრატიული პარტიის წევრები, თავის მხრივ, ჯერ კიდევ ბარეტის კანდიდატურის წარდგენის დღიდან სდებენ ბრალს რესპუბლიკელებს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში.

„თქვენ ვერასდროს, ვერასდროს ვერ დაიბრუნებთ ნდობას“, — უთხრა დემოკრატთა ლიდერმა სენატში რესპუბლიკელ კოლეგებს და დასძინა, რომ როდესაც მისი პარტია სენატში უმრავლესობას მოიპოვებდა, რესპუბლიკელები ვეღარ ეტყოდნენ მათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ.

ამასთან ერთად, დემოკრატთა მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს მოწოდებები სასამართლოში ახალი მოსამართლეების დამატების შესახებ.

რატომ მიიჩნევენ დემოკრატები ბარეტის დანიშვნას ორმაგ სტანდარტად?

დემოკრატიული პარტიის წევრები მოუწოდებდნენ რესპუბლიკელებს, მოსამართლის დანიშვნა შემდეგ წლამდე გადაედოთ— დალოდებოდნენ ამერიკელი ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევას და შეახსენეს 2016 წლის მაგალითი.

მაშინ კონსერვატორი მოსამართლის, ანტონინ სკალიას გარდაცვალების შემდეგ რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა სენატმა უარი განაცხადა პრეზიდენტ ობამას მიერ შეთავაზებული კანდიდატის განხილვაზე. უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა მიზეზად დაასახელა ექვს თვეში ჩასატარებელი საპრეზენტო არჩევნები და განაცხადა, რომ სჯობდა, მოსამართლის არჩევის საქმეში სიტყვა ამომრჩეველს ეთქვა:

  • „მომავალ მოსამართლეს შეუძლია, ფუნდამენტურად შეცვალოს სასამართლოს მიმდინარეობა და უზარმაზარი გავლენა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაზე. ამიტომაც, ამერიკელმა ხალხმა უნდა დააფიქსიროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ხალხმა შეიძლება აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც სენატს კვლავ მოსამართლე გარლანდს შესთავაზებს. შეიძლება, შემდეგმა პრეზიდენტმა სულ სხვა ვინმე შემოგვთავაზოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ხედვა ასეთია: მივცეთ ხალხს ხმა ამ პროცესში“, — თქვა მაშინ მაკკონელმა.

რითი განსხვავდება 2020 წელი 2016-სგან? — მაკკონელის აზრით, რადგან ახლა სენატსაც და თეთრ სახლსაც რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს, მოსამართლის დანიშვნა მართებული იქნება. მისი კიდევ ერთი არგუმენტი 2018 წლის შუალედური არჩევნების შედეგია — მაშინ რესპუბლიკელებმა სენატში პოზიციები გაიმყარეს — საკანონმდებლო ორგანოში ორი დემოკრატი რესპუბლიკელებმა ჩაანაცვლეს.

საპრეზიდენტო არჩევნების წელს მოსამართლის დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიოდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლინდსი გრემი, თუმცა პოზიცია მანაც შეიცვალა. ერთ-ერთ მიზეზად გრემი ასახელებს დემოკრატების მიდგომას ბრეტ კავანას მიმართ — 2018 წელს იგი იყო ტრამპის კანდიდატი მოსამართლე ენტონი კენედის გათავისუფლებულ ადგილას. კავანას მიმართ გახმიანდა ბრალდებები სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, გრემი კი მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველი იყო.

ვინ არის ემი ქოუნი ბარეტი?

48 წლის ბარეტი აქამდე მეშვიდე ფედერალური ოლქის სააპელაციო მოსამართლეა.იგი იყო უზენაესი სასამართლოს ასევე გარდაცვლილი წევრის, „კონსერვატიული ფრთის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლის, ანტონინ სკალიას დამხმარე. ის, როგორც მინიმუმ, მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ შეიძლება გადახედოს აბორტის ლეგალიზების საქმეს [Roe v. Wade, 1973].

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი