ახალი ამბები

ბაიდენი ამბობს, რომ ღაზაში ქმედებებით ნეთანიაჰუ ისრაელს აზარალებს

10 მარტი, 2024 • 962
ბაიდენი ამბობს, რომ ღაზაში ქმედებებით ნეთანიაჰუ ისრაელს აზარალებს

MSNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ქმედებებით ბენიამინ ნეთანიაჰუ „ისრაელს უფრო აზარალებს ვიდრე ეხმარება“.

ვრცელ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოხატა ისრაელის უფლების მიმართ განდევნოს „ჰამასი“, თუმცა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუმ „მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მის ქმედებებს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება“.

მისი თქმით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი „ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რაზეც ისრაელი დგას“ და მიიჩნევს, რომ „ეს დიდი შეცდომაა“.

ინტერვიუში ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რაფაჰში ისრაელის შეჭრა, სადაც 1.3 მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებს თავს მისთვის „წითელი ხაზია“, თუმცა იქვე დასძინა, რომ ის არცერთ შემთხვევაში არ შეწყვეტს ისრაელისთვის იარაღის, მათ შორის, „რკინის გუმბათის“ ფუნქციონირებისთვის საჭირო ჭურვების მიწოდებას, რომელიც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას სარაკეტო იერიშებისგან იცავს:

„მე არასდროს მივატოვებ ისრაელს. ისრაელის დაცვა კვლავ კრიტიკულია. ასე რომ, არ არსებობს იმგვარი წითელი ხაზი, რაც შემაწყვეტინებს მათთვის იარაღის მიწოდებას, რომ „რკინის გუმბათი“ აღარ ჰქონდეთ და თავი ვეღარ დაიცვან“ — ამბობს ჯო ბაიდენი.


7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი. ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. ასეთივე შეფასებები აქვთ ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარულ და უფლებადაცვით ორგანიზაციებს. „ჰამასის“ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 30 ათასამდე ადამიანია დაღუპული, მათგან 12 ათასზე მეტი ბავშვია.

ამასთან, გაეროს ცნობით, ღაზის სექტორში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის პირისპირაა, ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 300 000 პალესტინელს ხელი არ მიუწვდება საკმარის საკვებსა და სასმელ წყალზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი