ახალი ამბები

“ქართული ოცნების” დიდი სპექტაკლი: ივერი მელაშვილის მეუღლე კარტოგრაფების საქმეზე

10 ოქტომბერი, 2020 • 968
“ქართული ოცნების” დიდი სპექტაკლი: ივერი მელაშვილის მეუღლე კარტოგრაფების საქმეზე

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე, ქმრის დაკავებას მმართველი პარტიის პოლიტიკას უკავშირებს. მისი განცხადებით, მელაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო “ქართული ოცნების” მიერ დადგმულ “სპექტაკლში”.

“ეს ყველაფერი არ შეეხებოდა ალბათ ჩემს მეუღლეს, რომ არა ის დიდი სპექტაკლი, რომელიც დადგა “ოცნებამ”, რათა ეჩვენებინათ, რომ “ნაციონალების” დროს მოხდა რაღაც მიწების გასხვისება და თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და [სურდათ], ამით მოეპოვებინათ ხმები.

ამის გამო დადგეს ეს სპექტაკლი და ეს ერთი და ორი დღის დადგმული არ არის. 1 წელი თუ წელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა მუშაობა ამაზე. როდესაც ამის გამო ღალატში დაადანაშაულეს კომისიის წევრები, ჩემმა მეუღლემ ვერ მოითმინა ეს, რადგან უაღრესად პატიოსანი ადამიანია და გამოვიდა ისე, რომ ხელი შეუშალა მათ ამ სპექტაკლის დადგმაში, როცა მან თქვა, რომ არაფერი მომხდარა საქართველოს მიწების საწინააღმდეგოდ.

ამის გამო განახორციელეს მათ ამ ორი ადამიანის მიმართ დაკავება და ბრალის წარდგენა”, – თქვა სულაძემ მედიაცენტრში “მთავარი” გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვას, რატომ დააკავეს კონკრეტულად მელაშვილი და ილიჩოვა, თამარ სულაძე პასუხობს:

“ალბათ იმიტომ, რომ სხვას არ ამოუღია ხმა”.

“კარტოგრაფების საქმე”

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი