ახალი ამბებისამართალი

პაუზის შემდეგ ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა

13 ივნისი, 2022 • 3500
პაუზის შემდეგ ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვა დღეს, 13 ივნისს, განახლდა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მოწმეებს კითხავს.

როგორც ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, დაცვის მხარისთვის მოწმეების ვინაობა უცნობია.

„პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა გრძელდება, ვინ არიან ეს მოწმეები, დაცვის მხარეს ეს ინფორმაცია წინასწარ არ აქვს ხოლმე არასოდეს. ასე გადაწყვიტა პროკურატურამ, რომ მათ ასე უფრო გაუადვილდებოდათ მათი პოზიციის დაცვა, თუკი დაცვას არ შეატყობინებდნენ მოწმეების ვინაობას“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის თქმით კი, საქმის განხილვა ჭიანურდება.

„მოწმეების გამოკითხვები მიმდინარეობს. ვის დაიბარებენ, ვის გამოკითხავენ, ჩვენთვის წინასწარ უცნობია. რატომ ჭიანურდება პროცესები, ეს კითხვა მეც მაქვს, შეიძლება რაღაცას ვფიქრობდე, მაგრამ არ მინდა წინ გავუსწრო რაღაც მოვლენებს. ფაქტი ისაა, რომ ჭიანურდება ძალიან. მოწმეების რაოდენობა ბევრია, როდის მორჩება ეს დაკითხვები, არ ვიცი“, – განაცხადა მელაშვილმა.

მისი თქმით, ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში აგორებული საქმე, რომელმაც ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა საქართველოა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭების თვალსაზრისით.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო, არა უშუალოდ ჩემ მიმართ, არამედ მთლიანად ამ ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულებაში“, – განაცხადა მელაშვილმა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ.დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

მელაშვილი და ილიჩოვა 28 იანვარს 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო სხდომიდან გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი