ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი დღეს, 12 ივლისს, პარლამენტთან „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მივიდა.
ნეტგაზეთმა მას ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა აქციის მხარდაჭერა:
„უპირველეს ყოვლისა, ვარ მხარდასაჭერად ჟურნალისტებისა და არა მარტო ჟურნალისტებისა, არამედ მთელი ქვეყნის მხარდასაჭერად. ის, რაც მოხდა, არ უნდა ხდებოდეს, ეს ყოვლად დასაგმობია. როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, ვარ ძალიან გაბრაზებული.
რა თქმა უნდა, მთავრობას მინდა ვუთხრა ჩემი სიტყვა, რომ ალბათ, უნდა გადადგეს. ვერ შეძლეს ქვეყნის მართვა, ასეთი სიბინძურისა და სისაძაგლის აღკვეთა“, — ამბობს ის.
გუშინ, 11 ივლისს გამართულ აქციაზე, სადაც ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას აპროტესტებდნენ, მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისთვის ვადა დღეს, 12 ივლისს, 12 საათამდე მისცა. თუმცა, საბოლოოდ ის არ გადამდგარა.
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და, შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.