ახალი ამბები

საგარეო უწყებამ ივერი მელაშვილის სამსახური გააუქმა – ადვოკატი

24 დეკემბერი, 2021 •
საგარეო უწყებამ ივერი მელაშვილის სამსახური გააუქმა – ადვოკატი

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეორგანიზაციის ფარგლებში გააუქმა მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური, რომლის უფროსიც ივერი მელაშვილი იყო.

მელაშვილს, რომელიც ბრალდებულია “საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეზე,” უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში.

როგორც „ნეტგაზეთს“ ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 დეკემბერს მელაშვილს მისწერა წერილი, რომლითაც სამსახურის საერთოდ გაუქმებისა და მისი რეზერვში გადაყვანის შესახებ აცნობა.

„წერილში ნათქვამია, რომ ოპტიმიზაციის ფარგლებში მივედით დასკვნამდე, რომ ეს სამსახური აღარ გვჭირდებაო. ეს გადაწყვეტილება ივერი მელაშვილის საქმის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. არა მგონია, ამ საქმის გარეშე  გაეთავისუფლებინა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ უსაფუძვლო ბრალდებაში თავად არის მონაწილე და აგრძელებენ ივერი მელაშვილის დევნის პოლიტიკას“, — ამბობს მარიკაშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის პოზიცია, ისევე როგორც სამსახური, არ გაუქმებულა, არამედ ეს ფუნქცია საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიაში გადავიდა.

„საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემდგომი საქმიანობის და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აღნიშნული ფუნქცია გადავიდა უშუალოდ კომისიის დაქვემდებარებაში, ნაცვლად საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რაც, ბუნებრივია, აღარ ქმნის ამ ფუნქციის საგარეო საქმეთა სამინისტროში დუბლირების საჭიროებას. მოგეხსნებათ, რომ კომისია გახლავთ უწყებათაშორისი სტრუქტურა, რომელსაც როტაციის პრინციპით ჰყავს ხელმძღვანელი და სამომავლოდ უმჯობესია, რომ ეს ფუნქცია არსებობდეს სწორედ უშუალოდ კომისიასთან, მისი ეფექტიანი საქმიანობისთვის“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.


საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. ოპოზიციური პარტიები, აქტივისტები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თავდაპირველად პატიმრობა შეუფარდა, რომელიც მიმდინარე წლის 28 იანვარს, კვლავ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გირაოთი შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი