ახალი ამბები

გადაგორდება ეს არჩევნები და ხვალ ხომ უნდა ვუყუროთ ერთმანეთს თვალებში?! – მელაშვილი

8 ოქტომბერი, 2020 • 1648
გადაგორდება ეს არჩევნები და ხვალ ხომ უნდა ვუყუროთ ერთმანეთს თვალებში?! – მელაშვილი

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი მის მიმართ წარგენილ ბრალდებას დილეტანტურს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

“მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ინტერესით მიცხოვრია. რაც წავიკითხე, ბრალში მოყვანილი ფაქტები, მთელი ეს დოკუმენტები შედგენილია აბსოლუტურად დილეტანტურ მიდგომაზე, რომ 1:200 000 რუკაზე დაყრდნობით საქართველომ ტერიტორიები დაკარგა.

ეს არის იდეაში ვიღაცის მიერ რუკის ხაზებით შედარებული რაღაც ტერიტორია. ეს არ არის ფართობი, რომლითაც საქართველო სარგებლობდა ოდესმე, ან მესაზღვრეები იდგნენ როდესმე. აიღო ერთმა დილეტანტმა რუკა, რომლის წაკითხვა თავიდან ბოლომდე არ იცის, დაადო მეორეს და თავის ჭკუაში “აღმოაჩინა”, რომ ვითომ რადგან ეს ხაზი არსებობს, რაღაც ფართობი დავკარგეთ. ნურას უკაცრავად.

ჯერ ერთი, ის ქვეყანა არ არის, რომელიც რამეს დათმობს. მეორე მხარეს სამართლებრივ დოკუმენტაციაზე ესაუბრები და ამ პირობებში კიდევ ვიღაცამ რომ წამოწიოს ეს საკითხი, ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი. სუფთა სამართლებრივად რომ წარმოიდგინოთ, 1929 წელს არის საქართველო-აზერბაიჯანს შორის დადგენილი საზღვარი. ეს რუკა, რომელზეც ბერი კირიონი და ერთი-ორი დილეტანტი პროვოკატორი ამბობს, გამოვიყენოთ, ეს რუკა რომ გამოიყენო, ნიშნავს, რომ შენ უნდა დაუბრუნდე 1929 წლის შეთანხმებას სამართლებრივად”, – განაცხადა მელაშვილმა.

სასამართლო სხდომაზე, სადაც მისთვის და ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ივერი მელაშვილის თქმით, ახლა ნებისმიერ ადამაიანს შეუძლია, კომპიუტერულ პროგრამაში შეადაროს რუკები ერთმანეთს, თუმცა მან და ილიჩოვამ 1996-97 წლებში შეადარეს ხელით და მიიჩნიეს, რომ ეს რუკა გამოყენებისთვის უვარგისია. მელაშვილი სისხლის სამართლის საქმის უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავს.

“მე არ ვაპირებ ამ სიბინძურით ვიარო. ვისთვის შეიძლება ეს არაფერი იყოს, გაისროლა ბრალდება და მოარტყა. დაანებეთ პოლიტიკობანას თავი, არ ხართ ეს უწყება, რომელიც უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. გადაგორდება ეს არჩევნები და ხვალ და ზეგ ხომ უნდა ვუყუროთ ერთმანეთს თვალებში?! მე ვერც ციხე გამტეხს, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას ვერ შევეგუები.

ჩემ უკან ოჯახია, წინაპრები, გვარი, ისტორია. აბა, დაფიქრდით ერთი თქვენს თავში და შეხედეთ ამ ყველაფერს. ეს არის სიბინძურემდე მისული რაღაც. მე არ ვიცი, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, არსად მიმალვას არ ვაპირებ. ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია”, – მიმართა მელაშვილმა პროკურორებს.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეზე გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია – NGO-ები

მასალების გადაბეჭდვის წესი