ახალი ამბები

გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ – მელაშვილის ადვოკატი

8 ოქტომბერი, 2020 • 930
გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ – მელაშვილის ადვოკატი

ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე ბრალდებულებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„ეს გადაწყვეტილება არის უკანონო. არ არსებობდა ბრალდების მხარის შუამდგომლობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც იმ სამ გარემოს დაადასტურებდა, რომ მიიმალებოდნენ, გაანადგურებდნენ მტკიცებულებებს, ჩაიდენდნენ დანაშაულს და მართლმსაჯულებას ხელს შეუშლიდნენ – შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს არ უნდა მიეღო.

თუმცა, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ იმ საზოგადოებრივი წნეხიდან გამომდინარე და ბრალდების სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსამართლემ მხოლოდ ამით იხელმძღვანელა. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და შემდგომ გავაგრძელებთ ბრალდებულების დაცვას სასამართლოში, ვინაიდან ვთვლით, რომ ისინი უდანაშაულონი არიან“, – ამბობს მარიკაშვილი.


სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი