ახალი ამბები

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

3 მაისი, 2019 • 13680
რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

რა უძღოდა წინ აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას დავითგარეჯასთან დაკავშირებით? რა არაფორმალური შეთანხმება არსებობდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და რატომ “ვეღარ ითმენს” დღეს საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან გადაუწყვეტელია?


25 აპრილს დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ ჰქონდათ. არქიმანდრიტის ცნობით, მათ ბილიკები გაიყვანეს და ამკრძალავი ნიშნები დაამონტაჟეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე გადაადგილება შეიზღუდა. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 2012 წლის მაისში, როდესაც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ნაწილი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს და ტურისტებსა და მომლოცველებს საქართველოდან ქედის თხემს მიღმა გადასვლა აეკრძალათ.

არქიმანდრიტ კირიონის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული მხარე აზერბაიჯანს დაუკავშირდა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია, თუმცა არავინ იცის, რამდენი ხნით. არქიმანდრიტმა კირიონმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა უდაბნოს მონასტრის პერიმეტრზე უპრეცედენტოდ გაზრდილია.

“ადრე 4 მესაზღვრე იდგა, ახლა ხან 14-დან 18-მდე არიან”, – აღნიშნა მან.

რა წინაპირობა უძღოდა აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას?

სასულიერო პირები არ გამორიცხავენ, რომ აზერბაიჯანის გადაწყვეტილება ქართველი ძალოვნების გარკვეულმა “გადაადგილებებმა” გამოიწვია, თუმცა არ აკონკრეტებენ, რას გულისხმობენ. ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის თქმით, მას შემდეგ, რაც მან დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარ კირიონისგან მიიღო შესაბამისი ინფორმაცია, ხელისუფლება გააფრთხილა.

“რაღაც გადაადგილებები გააკეთეს ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა და ვეუბნებოდით, რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა მაგი [საპასუხო ნაბიჯი]. ეტყობა, სხვანაირი ოპერატიული ინფორმაციები და ანალიტიკები აქვთ და არ დაიჯერეს”, – განუცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა “რუსთავი 2”-ს.

ქართული მხარის მანევრზე საუბარი არ სურს არქიმანდრიტ კირიონსაც, თუმცა ადასტურებს, რომ გარკვეულ წინაპირობებს ადგილი ნამდვილად ჰქონდა.

“ამაზე ჯერ არ ვლაპარაკობთ, ვინაიდან გასარკვევი გვაქვს ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, მეუფემ ტყუილად არ თქვა ეს და არც ჩვენ ვამბობთ ტყუილად რამეს. ვერანაირ მინიშნებას ვერ გავაკეთებ, ამ ეტაპზე დახურული თემაა, სანამ არ გაირკვევა. უნდა აგვიხსნან ყველაფერი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” არქიმანდრიტმა კირიონმა.

ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, 20 აპრილს, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა საქართველოს პრეზიდენტმა და თქვა, რომ აუცილებელია, ძეგლის აღდგენაზე მუშაობა დაიწყოს. სალომე ზურაბიშვილი დავითგარეჯის სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეებსაც შეხვდა და განაცხადა: “სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს”. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი ზურაბიშვილმა ერთი თვით ადრე, აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც წამოწია.

რატომ “ვეღარ ითმენს” დღეს საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან გადაუწყვეტელია და რომელზეც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია 1996 წლიდან მუშაობდა?

ექსპერტების ნაწილი პრობლემის გაღვივებაში სწორედ სალომე ზურაბიშვილს ადანაშაულებს.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ჰყვება არაფორმალურ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წლებია არსებობს და ამბობს, რომ საზღვრის დადგენის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას.

“ქედის აქეთა მხარე არის ჩვენი, იქითა მხარე – აზერბაიჯანის. რატომ არის ასე, სტალინიდან და ორჯონიკიძიდან მოყოლებული, ვიცით. მთელი ამ წლების განმავლობაში აზერბაიჯანელები ამბობდნენ: კი, ჩვენი ტერიტორიაა, მაგრამ გვესმის, რომ ქართული კულტურის ძეგლია, ამიტომ საშუალებას მივცემთ ტურისტებს, მლოცველებს, რომ მოინახულონ ისინი, ოღონდ იმ პირობით, რომ ამის აფიშირებას არ მოახდენთ, მერე ჩვენმა მოსახლეობამაც რომ არ გვითხრას, რომ თუ ჩვენი ტერიტორიაა, რატომ უშვებთ ქართველებს საბუთების შემოწმების გარეშეო”, – უთხრა უტიაშვილმა “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არის სხვა მონაკვეთებიც, რომელზეც ჯერ “შეთანხმება არ გამოვა”, ვინაიდან ეს თემა,  ტერიტორიების შესაძლო გაცვლაზე მოლაპარაკებების ჩათვლით, როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული საზოგადოებისთვის ემოციურია, ამიტომ სიტუაცია უნდა დარჩეს ისე, როგორც არის.

“მომავალში, რაღაც ეტაპზე ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას, მაგრამ დღეს კომპრომისისთვის არცერთი მხარე არაა მზად. ამიტომ ჯერ შევთანხმდეთ და მერე ვთქვათ, რომ დელიმიტაცია აუცილებელია. დღეს რას ემსახურება ასეთი განცხადებები? თუ მიაჩნიათ, რომ კომისია უნდა გააქტიურდეს და რაღაც ვარიანტებზე იმუშაოს, ეს უნდა გაკეთდეს წინასწარი განცხადებებისა და პატრიოტული გულზე მღიჯის ცემის გარეშე. ის, რომ ახლა დელიმიტაციაზე შეთანხმება არ არსებობს, არაფერს უშლის ხელს. ზოგადად, აზერბაიჯანის მთავრობა შეშფოთებით უყურებს საქართველოს ბოლოდროინდელ ნაბიჯებს: “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს, განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს თურქმენული გაზის იმპორტი. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება. სალომე ზურაბიშვილის აშკარად გაუთვლელი ნაბიჯებით კიდევ უფრო დაიზაფრნენ, ვერ მიხვდნენ, რატომ ცვლის საქართველო დამკვიდრებულ პრაქტიკას”, – ამბობს  უტიაშვილი, რომელიც ახლა რონდელის ცენტრის ექსპერტია.

თავად სალომე ზურაბიშვილმა მისი ვიზიტის  აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებაზე “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა და პრეტენზიებს გაუგონარი უწოდა.

“არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა იგივე. ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც აქვთ რაღაც პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტიზმზე და საერთოდ, ისტორიულ შეგნებაზე, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავითგარეჯაში არის რაღაც პროვოცირების ნაწილი. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს ისეთ ადგილებში, რომლებსაც ჩვენ ვთვლით, როგორც ჩვენს ტერიტორიას?”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანში ვიზიტისას თან ახლდა და ილჰამ ალიევთან შეხვედრას ესწრებოდა აზერბაიჯანთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური. მისი თქმით, საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაჩქარებაზე აზერბაიჯანულ მხარესაც სამუშაო განწყობა აქვს.

“ილჰამ ალიევმა იქვე დაავალა თავის წარმომადგენლებს, რომ ქალბატონი სალომეს მიერ დაყენებული საკითხი არის სამართლიანი და ესაჭიროება გადაჭრა”, – ამბობს ძიძიგური, რომლის ხელმძღვანელობითაც საპარლამენტო დელეგაცია მომავალ კვირას აზერბაიჯანში გაემგზავრება და მათ შორის, დავითგარეჯის საკითხს განიხილავს.

“დავითგარეჯი არის ჩვენი რელიგიურ-კულტურული ცენტრი. საქართველოს უახლესი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი უკავშირდება დავითგარეჯის კომპლექსის დაცვას. დღეს არსებული სიტუაცია არ შეესაბამება იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს, ამიტომ ეს საკითხი უნდა გაირკვეს ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით”, – მიიჩნევს ზვიად ძიძიგური.

წინაისტორია

ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი ამბობს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პრობლემა ამ ქვეყნების მიერ მეფის რუსეთის იმპერიისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებისა და 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკის დაშლისთანავე გაჩნდა.

“თავდაპირველად აზერბაიჯანი ყარაიის ველისადმი, რომლის არეალშიც გარეჯის ტერიტორიის სადავო მონაკვეთიც შედის, ტერიტორიულ პრეტენზიას არ აცხადებდა და მხოლოდ საძოვრებით სარგებლობის უფლებას ითხოვდა. თუმცა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობიდან ორი თვისთავზე შექმნილი ტერიტორიული საკითხების მომგვარებელი ორმხრივი კომისიის სხდომებზე სისტემატურად ხდებოდა ტერიტორიული მფლობელობის შეცვლის საკითხის შემოპარება, რაშიც აზერბაიჯანულ მხარეს რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება მხარს უჭერდა”, – ამბობს მირიანაშვილი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პლენუმის დადგენილებით, საქართველოში რუსეთის ყოფილი ელჩის, სერგეი კიროვის თავმჯდომარეობით,  ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული საკითხების მოგვარების მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნა. საქართველოს მხრიდან კომისიაში შედიოდნენ სახალხო კომისრები, ალექსანდრე სვანიძე და სილვესტრ თოდრია. იმის გამო, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის შიდა საზღვრების დადგენისას სადავო საკითხებზე შეთანხმება გართულდა, კიროვმა 1921 წლის ივნისში თბილისში გამართულ სხდომებზე, რომელზეც ზაქათალის ოლქისა და ყარაიის ველის სადავო საკითხი განიხილებოდა, კომისიის წევრების გარდა, სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა მოიწვია. გადაწყდა, რომ “მთელი ძალაუფლება, გარდა პოლიტიკურისა”, ყარაიაზელ გლეხებს გადაეცათ. [წყარო: ლევან თოიძე, “საქართველოს პოლიტიკური ისტორია 1921-1923 წლები”].

მირიანაშვილის თანახმად, აზერბაიჯანელი გლეხები საქართველოს საძოვრების ფაქტიურ მფლობელებად 1924 წლის ნოემბრამდე რჩებოდნენ, იმ დრომდე, სანამ ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში შემავალ რესპუბლიკებს შორის არსებული, მიწის, ტყის და წყლით სარგებლობის სადავო საკითხთა მომგვარებელი კომისიის სხდომის 1924 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, აზერბაიჯანის იურიდიულ მფლობელობაში გადავიდა ტერიტორია, რომელზეც აღმოჩნდა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან სამი: ბერთუბნის და უდაბნოს მონასტრები, ასევე, ჩიჩხიტურის მონასტრის უდაბნოს ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ნაწილი. 

ისტორიკოს ალექსანდრე მანველიშვილის თანახმად, ბოლშევიკებმა თურქეთს, საბჭოთა აზერბაიჯანსა და სომხეთს დაუთმეს საქართველოს ტერიტორიის 19 491 კვ. კილომეტრის სივრცე.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რომელიც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული და “სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონითაა განსაზღვრული, შედგება სწორედ ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისა და ყოფილი სსრკ-ის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული სახელმწიფო საზღვრისგან, რომელიც განსაზღვრავდა ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ნაწილში.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე საქართველოს მხოლოდ ერთ მეზობელთან – თურქეთთან აქვს შეთანხმება მიღწეული. აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია 1996 წლიდან მუშაობს და დავითგარეჯის მონაკვეთი კვლავ შეუთანხმებელია.

ლადო მირიანაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი გამოსავალია ტერიტორიების გაცვლა, რაც ქართული მხარის მიერ უკვე შეთავაზებული იყო, მაგრამ აზერბაიჯანი უარზეა, რადგან მიაჩნია, რომ მთა, რომელზეც ორი ქართული მონასტერი მდებარეობს, სამხედრო მნიშვნელობის სტრატეგიული სიმაღლეა და ამ საბაბით მისი დათმობა არ სურს.

“თუ მოხერხდა აზერბაიჯანული მხარის დათანხმება იმაზე, რომ ამ კონკრეტული სტრატეგიული სიმაღლის სანაცვლოდ მას სხვა ადგილას მდებარე სტრატეგიულ სიმაღლე გადაეცეს, ხომ კარგი. მაგრამ თუ არც ამაზე დათანხმდნენ, მაშინ ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური „ვაჭრობა“ მესახება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მირიანაშვილმა.

ისტორიკოსის თქმით, საზღვრის საკითხის გადაწყვეტაში აკადემიურმა წრეებმა ყველა მასალა, რისი თავმოყრაც კი შეიძლებოდა, დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიას უკვე გადასცა და ახლა დადგა დრო, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს.

“იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანს მეტად ხისტი პოზიცია უკავია (ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ დელიმიტაცია-დემარკაციის განახლებული კომისიების მუშაობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აზერბაიჯანის მთავრობამ მდგომარეობა უკიდურესად გაამწვავა, რაც მათი მხრიდან კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში არ მოხდებოდა), მიმაჩნია, რომ უკანასკნელი გამოსავალი პრობლემის მოსაგვარებლად ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური „ვაჭრობაა“: საქართველომ აზერბაიჯანისთვის რაიმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების თუ პოლიტიკური სვლის მხარდაჭერის სანაცვლოდ, აზერბაიჯანის მთავრობას გარეჯის მონასტრების ტერიტორიების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებზე უარის თქმა უნდა მოსთხოვოს. ამგვარი პოლიტიკური „ვაჭრობა“ საერთაშორისო პრაქტიკისათვის უცხო არაა”, – ამბობს მირიანაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საკითხზე არსებულ ნიუანსებზე საუბარი არ სურს, მიიჩნევს რა, რომ საკითხი კომისიის ფარგლებში შესათანხმებელია, თუმცა თავად დემარკაციისა და დელიმიტაციის სამთავრობო კომისია დაახლოებით წელიწადია, არ შეკრებილა. მას შემდეგ, რაც კომისიის თავმჯდომარე დავით დუნდუა გასული წლის ოქტომბერში ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა და კომისიის შემადგენლობის განახლების საკითხი დადგა დღის წესრიგში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 2 მაისს განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაციის შედეგად შეთანხმდნენ, რომ კომისია ორივე მხრიდან უახლოეს დღეებში განაახლებს მუშაობას, ხოლო გადაადგილება დავითგარეჯაში “მოხდება დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად”.

დღეს განცხადება გაკეთდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. უწყების პრესპიკერ ლეილა აბდულაევას თქმით, აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის სწრაფი დელიმიტაციის მომხრეა.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება. აზერბაიჯანი ამისთვის მზად არის”, – თქვა აბდულაევამ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სახელმწიფო კომისიის 11 სხდომა ჩატარდა და  480-კილომეტრიანი საზღვრის 314 კმ – შეთანხმებულია, 166 კმ-ზე კი ექსპერტების დონეზე შესწავლა გრძელდება. აბდულაევას თქმით, დოკუმენტებს შორის, რომელსაც კომისიის წევრები ეყრდნობიან, არის 1938 წლის რუკა, მასშტაბით 1:500000, ასევე, 1942 წელს საბჭოთა კავშირის მიერ მიღებული რუკა, მასშტაბით 1:100000, და ასევე, 1963 წელს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცებული რუკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი