ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. აღნიშნულს წინ უძღოდა პროტესტი დედაქალაქ ბიშკეკის ცენტრში, შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, და სამთავრობო შენობების დაკავება დემონსტრანტების მიერ.
5 ოქტომბრის ღამით მომიტინგეებმა დაიკავეს შენობა, რომელშიც პარლამენტი და პრეზიდენტის ოფისია განთავსებული. მათ სხვა სამთავრობო შენობებში შესვლაც შეძლეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პროცესები ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების უკანონო მცდელობად შეაფასა.
ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროტესტისა და შეტაკებებისას 1 ადამიანი დაიღუპა, 600 კი დაშავდა.
ბიშკეკის ცენტრში ვითარება 5 ოქტომბრის საღამოს დაიძაბა. აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტისკენ გზის გათავისუფლებას ცდილობდნენ, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. თუმცა რამდენიმე საათში დემონსტრანტები ცენტრალურ მოედანზე დაბრუნდნენ და სახელმწიფო დაწესებულებებს შეუტიეს.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოების თანახმად, დემონსტრანტთა ნაწილმა ღობეზე გადასვლით, ნაწილმა კი ცენტრალური ჭიშკრიდან შეძლო ე.წ. თეთრ სახლში შესვლა, სადაც პარლამენტი და პრეზიდენტის ოფისი მდებარეობს. მოგვიანებით, შენობაში ცეცხლიც გაჩნდა, რომლის ლიკვიდირებასაც მეხანძრეები ცდილობდნენ.
#Kyrgyzstan ??: footage from inside the Kyrgyz parliament building in #Bishkek pic.twitter.com/RuwYguaWmY
— Thomas van Linge (@ThomasVLinge) October 5, 2020
“რადიო თავისუფლების” ყირგიზეთის ბიუროს თანახმად, შენობაში შესულმა დემონსტრანტებმა საპრეზიდენტო განყოფილების ოთახებიც დაიკავეს, დააზიანეს ავეჯი, ერთ-ერთ ოთახში კი პრეზიდენტ სოორონბაი ჯეენბეკოვის პორტრეტი ჩამოხსნეს და ჩარჩოდან ამოაგდეს.
დემონსტრანტთა სხვა ჯგუფებმა დაუბრკოლებლად შეძლეს სახელმწიფო ტელევიზიისა და ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის შენობების დაკავება. კომიტეტის შენობაში მდებარე იზოლატორიდან ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს, რომელსაც სახელმწიფო კორუფციაში სდებდა ბრალს.
Absolutely incredible photos of protesters in Bishkek taking over the office of President Jeenbekov. https://t.co/mod4fqqgtP via @AzattykMedia @RFERL pic.twitter.com/1AFNkgd17t
— Christopher Miller (@ChristopherJM) October 5, 2020
რადიოს ცნობით, აქციის მონაწილეებმა პატიმრობიდან ასევე გაათავისუფლეს პარლამენტის ყოფილი წევრი სადირ ჯაფაროვი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი საფარ ისაკოვი, რომელიც ერთ-ერთი სოფლის სასჯელაღსრულების კოლონიაში იყო მოთავსებული.
პრეზიდენტი ჯეენბეკოვი ზემოაღნიშნულ მოვლენებს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოეხმაურა და “ზოგიერთ პოლიტიკური ძალა” ძალაუფლების ხელში ჩაგდების უკანონო მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და მზად არის, არჩევნების შედეგები გააუქმოს, თუ ეს აუცილებელი იქნება.
არჩევნები ყირგიზეთში 4 ოქტომბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო ბარიერის გადალახვა. აქედან სამი, “რადიო თავისუფლების” თანახმად, განიხილება, როგორც პროსამთავრობო ან არსებული დღის წესრიგის შენარჩუნების მომხრე. ისინი ასევე მხარს უჭერენ ქვეყნის მეტად დაახლოებას რუსეთთან.
ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩაიარა, რომელთა შორისაც იყო “ხმების ყიდვა”. პროცესის გამჭვირვალობას ეჭვქვეშ აყენებს ეუთოც: ორგანიზაციის თქმით, კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა თავისუფლად შეეძლოთ, თუმცა “სანდო ბრალდებები ხმების ყიდვაზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”.