საზოგადოება

ОДКБ – ნატოს რუსული ალტერნატივა, რომელიც არ მუშაობს

18 სექტემბერი, 2022 • 1881
ОДКБ – ნატოს რუსული ალტერნატივა, რომელიც არ მუშაობს

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, ოღონდ რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

თუმცა პრაქტიკაში, ორგანიზაციის წესდება ნაწილობრივ, ან სრულებითაც არ სრულდება.

უფრო მეტიც, ორგანიზაციის ორი წევრი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი პერიოდულად ერთმანეთის წინააღმდეგ სასაზღვრო ბრძოლებსაც კი აჩაღებენ ხოლმე, რაც მსხვერპლითა და გადამწვარი საგუშაგოებით სრულდება.

რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია, რატომ შეიქმნა, შეუძლია თუ არა მას რეალურად უსაფრთხოების უზრუნველყოფა წევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის სომხეთისთვის და რა იქნება მისი მომავალი.

როგორ შეიქმნა ორგანიზაცია და რა არის მისი მიზნები

ორგანიზაციის შექმნას წინ უსწრებდა კოლექტიური ხელშეკრულება რომელსაც ხელი 1992 წელს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა, სომხეთმა და თურქმენეთის გარდა ყველა შუა აზიურმა სახელმწიფომ მოაწერეს, მოგვიანებით კი მას სხვა სახელმწიფოები: აზერბაიჯანი, საქართველო და ბელორუსი შეურთდნენ.

მოგვიანებით, 1999 წელს ხელშეკრულება დატოვა საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა, 2002 წელს კი დარჩენილმა ქვეყნებმა თანამშრომლობა ახალ ეტაპზე აიყვანეს და ორგანიზაციული პარტნიორობა დაიწყეს.

ОДКБ-ს ლიდერები

ОДКБ-ს დაახლოებით ისეთივე წესდება აქვს, როგორიც ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO).

წესდების მე-4 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმებიან, ეს აღქმული უნდა იყოს, როგორც თავდასხმა ყველა წევრზე.

თუმცა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომხდარი ბოლო დაპირისპირება ცხადყოფს, რომ ორგანიზაციის წესდება არ სრულდება.

სომხეთის შემთხვევა

უკანასკნელი მონაცემებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო დაპირისპირებას, ორივე მხარემ საერთო ჯამში დაახლოებით 210 ჯარისკაცი დაკარგა.

მსხვერპლის თვალსაზრისით, ესაა ყველაზე დიდი დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ.

სამხედრო დაპირისპირების აქტიური ფაზის დროს, სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაბომბა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია, მათ შორის ვარდენისში, გორისში, კაპანსა და სხვა რეგიონებში. სომხეთმა ОДКБ-ს სწორედ მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით მიმართა“, თუმცა სანაცვლოდ მყისიერი პასუხი არ მიუღია.

სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმას უარყოფს აზერბაიჯანი.

სომხეთის მიხედვით კი დაიჭრნენ სომხეთის მოქალაქეები და დაზიანდა მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

 

სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების შედეგად დაზიანებული შენობა სომხეთში

ორგანიზაციამ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ სომხეთში ფაქტების დამდგენ კომისიას გააგზავნიდა.

საპასუხოდ, ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა „რადიო თავისუფლების“ სომხურ ბიუროს განუცხადა, რომ მას ორგანიზაციისგან ადეკვატური რეაგირების იმედი აღარ აქვს.

სომხეთმა ასევე მიმართა რუსეთსაც, რომელიც ОДКБ-ს დომინანტი წევრია.

რუსეთმა დახმარებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყველა უთანხმოება პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარებულიყო.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სომხეთის მოთხოვნის მიუხედავად ОДКБ-მ და რუსეთმა თავი შეიკავეს სამხედრო ჩარევისგან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთი რუსეთს დახმარების მიზნით მიმართავს. წარსულში, ყარაბაღის ომის დროს, მან ასევე ითხოვა დახმარება, თუმცა მაშინაც უშედეგოდ.

ტაჯიკეთი-ყირგიზეთის დაპირისპირება

შუა აზიის ორ ქვეყანას, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს ის ფაქტი, რომ ისინი ერთსა და იმავე ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებულნი და უსაფრთხოების დაცვაზე კოლექტიური პასუხისმგებლობა აქვთ აღებული, ხელს არ უშლით ერთმანეთის წინააღმდეგაც იბრძოლონ.

უახლესი დაპირისპირება მხარეებს შორის 14 სექტემბერს დაიწყო, რაშიც ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა.

მხარეებს შორის დაპირისპირება პერიოდულად, საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის გამო ხდება, რაც უმეტეს შემთხვევაში მსხვერპლით სრულდება. გამონაკლისი არც სექტემბრის შემთხვევაა.

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერები სამარყანდში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე იმ დროს, როდესაც მათ სახელმწიფოებს შორის სასაზღვრო შეტაკებები მიმდინარეობს.

საბოლოოდ, მხარეებმა განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა ეს კონფლიქტის დასასრულის გარანტია სრულად არ არის.

ყაზახეთი

ყაზახეთია ერთადერთი ქვეყანა, სადაც ОДКБ-მ რეალურად გააგზავნა სამხედროები.

საქმე ეხება 2022 წლის იანვარში, ყაზახეთში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც, ქვეყნის ხელისუფლების თანახმად, ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლისკენ იყო მიმართული და მასში უცხო ქვეყნიდან მართული რადიკალები მონაწილეობდნენ.

მას შემდეგ რაც ყაზახეთის ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა, მისივე მოწვევით საქმეში ОДКБ-ს მრავალეროვნული ჯგუფი ჩართო, რომელიც ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

ქვეყანაში სტაბილიზაციის შემდეგ, ორგანიზაციამ ყაზახეთი დატოვა.

ამის შემდეგ, კი პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოწინააღმდეგეების, უფრო კონკრეტულად კი ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის გავლენების შეზღუდვა დაიწყო, რაც მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლებაში გამოიხატა.

“მკვდრადშობილი ორგანიზაცია”

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) დირექტორის, დავით ბრაგვაძის განცხადებით, პრეცენდენტი იმისა, რომ ორგანიზაციას კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი აემუშავებინა, არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ამისი წინაპირობა არსებობდა.

„სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ესკალაციასთან დაკავშირებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პრობლემა უკრაინაში რუსული აგრესიული სამხედრო კამპანიის ფიასკოა. რუსეთს უბრალოდ არ სცალია და არ შესწევს ძალა თავისი სტრატეგიული პარტნიორის [სომხეთი] ინტერესები დაიცვას.

თუმცა რიგ შემთხვევებში რუსეთი ფორმალურ მიზეზებსაც იყენებს, როგორც 2020 წლის ომის დროს, როდესაც ღიად გაჟღერდა პოზიცია, რომ ყარაბაღის ტერიტორიას ორგანიზაციის მანდატი არ ფარავდა“, – აცხადებს იგი.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, რა საფუძველი აქვს რუსეთისადმი ლოიალური ჯგუფების მიერ ОДКБ-ს NATO-ს ალტერნატივად განიხილავას, ბრაგვაძე პასუხობს, რომ ეს „რეალობას ეწინააღმდეგება“.

„ეს ეწინააღმდეგება, როგორც რეალობას, ისე ელემენტარულ ლოგიკას. ორგანიზაცია არასოდეს, ან ვერასოდეს იცავს თავისი წევრების ლეგიტიმურ ინტერესებს გარე აგრესიის შემთხვევაში, მას მოწინააღმდეგესთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

ამავე დროს, ვნახეთ ძალიან ანომალიური შემთხვევაც, როდესაც სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერების სამიტის პარალელურად ვითარება საგრძნობლად გამწვავდა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის. ამ ქვეყნების მესაზღვრეები ერთმანეთს ბომბავდნენ და ხოცავდნენ, როდესაც მათი ლიდერები სამარყანდში ერთმანეთს უღიმოდნენ.

ამის შემდეგ შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი მკვდრადშობილი ორგანიზაციაა და ის უბრალოდ ვერ იქნება განხილული უსაფრთხოების ქოლგად ვერცერთი სახელმწიფოსთვის“, – განუცხადა ბრაგვაძემ ნეტგაზეთს.


სომხეთში, აზერბაიჯანთან სასაზღვრო დაპირისპირების შემდეგ, ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი.

ექსპერტთა შეფასებით, ეს სომხეთისადმი სოლიდარობის სიგნალად უნდა განვიხილოთ. მანამდე მხარდაჭერის გამოსახატად, პელოსი იმყოფებოდა ჩინეთის რესპუბლიკაში (კუნძული ტაივანი), რომლის გარშემოც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (პეკინი) სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი