ახალი ამბები

„მხარდაჭერა გვჭირდება!“ – „რუსულ კანონს” ყირგიზეთშიც იღებენ

23 ივნისი, 2023 • 1091
„მხარდაჭერა გვჭირდება!“ – „რუსულ კანონს” ყირგიზეთშიც იღებენ

ყირგიზეთის ხელისუფლება გეგმავს, რამდენიმე ახალი კანონი მიიღოს, რომლებიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობაზე და გადმოღებულია რუსეთიდან.

არგუმენტები და ნორმები, რომელთა მიღებაც ყირგიზეთში სურთ, ძალიან ჰგავს საქართველოში „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის მიღების მცდელობისას ხელისუფლების რიტორიკას „გამჭვირვალობაზე“.

ახალი კანონები რეგიონის ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში

ყირგიზეთი, სხვადასხვა შეფასებით, შუა აზიის ქვეყნებში [ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი] ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო იყო. მაგალითად, 2022 წელს ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ შეფასებაში ყირგიზეთი მედიის თავისუფლების რეიტინგში იკავებდა 79-ე ადგილს. ყაზახეთი 155-ე ადგილზე იყო, უზბეკეთი – 157-ზე, ტაჯიკეთი კი-  162-ზე. 2023 წელს ყირგიზეთი რეიტინგში 122-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

კანონების ინიციირებამდე, 2021 წელს ხელისუფლებაში ახლახან მოსული პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავდა და აღნიშნავდა – „რთულია, ქვეყანა წინ წავიდეს, თუ პრობლემები და მოვლენები ჩავაჩუმეთ“.

გარდა ამისა, ყირგიზეთში საკმაოდ იყო ანტისახელისუფლებო გამოსვლებიც, სამჯერ კი, 2005, 2010 და 2020 წლებში, ხელისუფლება რევოლუციის შედეგად იცვლებოდა. ამისდა მიუხედავად, „ფრიდომ ჰაუსი“ ყირგიზეთში არსებულ რეჟიმს „კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად“ აფასებს – ბოლო წლებია, ქვეყნის რეიტინგი დემოკრატიის ინდექსში იკლებს – 17/100-დან 2018 წელს, 13/100-მდე 2023-ში.

ამ ყველაფრის ფონზე, პოლიტიკის ანალიტიკოსის, ანარ მუსაბაევას შეფასებით, ქვეყანაში არ არსებობს რეალური ოპოზიცია – პარლამენტში წარმოდგენილნი არიან ხელისუფლების მხარდამჭერი პარტიები, ხოლო ძალაუფლების მთელი ვერტიკალი პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ხელშია კონცენტრირებული.

  • კანონი „მედიის შესახებ“

ყირგიზეთის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ წინა წელს მოახდინა „მედიის შესახებ“ კანონის ინიცირება, რომელიც შეეხება უკვე ონლაინ-გამოცემებსაც და ყველა მედიასაშუალებისგან მოითხოვს ხელახალ რეგისტრაციას, რომლის გარეშეც მედია ვერ იმუშავებს.

კანონში, მათ შორის, არის ჩანაწერი, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმაც არის შესაძლებელი, თუკი გამოცემა „ბოროტად იყენებს მასობრივი ინფორმაციის თავისუფლებას“. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ფორმულირება, უცნობია – კანონის მოწინააღმდეგენი შიშობენ, რომ ასე ხელისუფლებას შეეძლება, რეგისტრაციაზე სურვილისამებრ უთხრას უარი მედიებს.

კანონის მიღების შემთხვევაში მედიას, მორიგი ბუნდოვანი ფორმულირებით, აეკრძალება „მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევა“. გარდა ამისა, მთავრობა მედიის დახურვის უფლებასაც იღებს, ერთ კალენდარულ წელიწადში ორი კანონდარღვევის ფაქტზე.

  • კანონი „უცხოეთის წარმომადგენლების შესახებ“

„ევრაზიანეტის“ ცნობით, ყირგიზეთის პარლამენტის დეპუტატთა თითქმის მესამედმა მოამზადა კანონი, რითაც იქმნება ახალი იურიდიული სტატუსი – „არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს უცხოეთის წარმომადგენლის ფუნქციას“. ასეთ სტატუსს მიიღებს ყველა ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას. ასეთ ორგანიზაციებს ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის ჩაბარებას დაავალდებულებენ.

„გამჭვირვალობა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ღირებულებებთან წინააღმდეგობა“ – რა არგუმენტები აქვთ მხარდამჭერებს

კანონის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია დეპუტატი ნადირა ნარმატოვა. მან პირველად კანონი „უცხოეთის აგენტებზე“ ჯერ კიდევ 2014 წელს წარადგინა. მაშინ ორი მოსმენით მიიღეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიღებაზე უარი თქვეს.

ნარმატოვას რიტორიკა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ჰგავს საქართველოში ანალოგიური კანონის მხარდამჭერების რიტორიკას. მაგალითად, ნარმატოვა ამტკიცებს, რომ „არასამთავრობოები პროვოცირებენ კონფლიქტებს და ქვეყანას არ ასვენებენ“ და თუკი მათ უცხოეთის აგენტებად არ გამოაცხადებენ, „ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება“.

დეპუტატი არასამთავრობოებს ქვეყნისთვის საზიანო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაშიც ადანაშაულებს და ჟურნალისტებსაც ესხმის თავს – ირწმუნება, რომ ყირგიზული „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტები „სამშობლოს გაყიდიან“.

კანონის მხარდამჭერთა არგუმენტებს არ იზიარებენ ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

„რეალური არგუმენტი ასეთი კანონის მიღებისთვის არ არსებობს […] მათ ნაცვლადაა ლოზუნგები და მტკიცებები ფაქტების გარეშე – თითქოს, საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფოები, ძირითადად დასავლური, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და სახელმწიფო ორგანოების მუშაობის ცალკეული მიმართულებების დაფინანსების მეშვეობით გავლენას ახდენენ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და ცდილობენ, ყირგიზეთს თავს მოახვიონ დასავლური ღირებულებები, რომლებიც თითქოს ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციებს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ისკანდერ კაკეევმა, სამართლებრივი საკითხების ექსპერტმა ყირგიზეთიდან.

უსაფუძვლოდ მიიჩნევს კანონის მხარდამჭერების არგუმენტებს სემეტეი ამანბეკოვიც, მედიაგამოცემა „ბულაკის“ მთავარი რედაქტორი. იგი კანონის ავტორებს მანიპულაციაში სდებს ბრალს და ხაზს უსვამს, რომ რეალური მიზანი არა გამჭვირვალობის მიღწევა, არამედ კრიტიკული ხმის ჩახშობა და კრიტიკოსთა დისკრედიტაციაა.

რაც შეეხება გამჭვირვალობას, როგორც ამანბეკოვი, ასევე კაკეევი, აღნიშნავენ: ხელისუფლებას ისედაც აქვს საკმარისი ინსტრუმენტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, გარდა ამისა, თავად ორგანიზაციებიც აქვეყნებენ მონაცემებს დაფინანსების შესახებ.

„კანონით, ხელისუფლებას ისედაც აქვს უფლებამოსილება, აკონტროლოს და უზრუნველყოს ორგანიზაციების სრული გამჭვირვალობა. სხვადასხვა უწყებას აქვს სრული ინფორმაცია თანამშრომლებზე, ორგანიზაციის წესდებაზე და საქმიანობაზე. თანაც, ორგანიზაციები თავად უზრუნველყოფენ საკუთარ გამჭვირვალობას. ამასთან ერთად, დარღვევების შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს რეაგირების ბერკეტი“, – აღნიშნავს კაკეევი.

კონტროლის ამავე ბერკეტებზე მიუთითებს ამანბეკოვი და ამატებს, რომ არსებული ინსტრუმენტების გარდა, 2021 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, ორგანიზაციები ისედაც ვალდებულნი იყვნენ, ოფიციალურ წყაროებზე განეთავსებინათ ინფორმაცია საქმიანობის შესახებ.

„10-წლიანი პატიმრობა „აგენტების“ პროპაგანდისთვის“

ამანბეკოვი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ პარლამენტში ინიციირებულია სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებები – „აგენტებთან“ [იგივე „უცხოეთის წარმომადგენლებთან“] და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით.

კერძოდ, „აგენტების“ საქმიანობის “პროპაგანდისთვის”შეიძლება, მოქალაქეს 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ. კვლავაც ბუნდოვანია ფორმულირება, რომელიც საშუალებას იძლევა „პროპაგანდის“ ფართო ინტერპრეტაციისთვის.

„გაუგებარია, რა იგუსლისხმება — ლაიქი (მოწინება), რეპოსტი (გაზიარება) , კომენტარი [სოციალურ ქსელში]“, – აღნიშნავს ჟურნალისტი და გვეუბნება, რომ ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებისთვის უფრო მსუბუქი სასჯელია გათვალისწინებული. აღვნიშნავ, რომ ქურდობისთვის სასჯელი ორ წლამდეა, გაუპატიურებისთვის – რვა წლამდე, მკვლელობისთვის – ათ წლამდე“.

ბრძოლა კანონის წინააღმდეგ და „დამაიმედებელი კონსოლიდაცია“

ბუნებრივია, კანონის მიღების მცდელობას უკვე მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების საპასუხო რეაქცია და გარკვეული შედეგებიც. სემენტეი ამანბეკოვი, მათ შორის, შემდეგ ნაბიჯებზე საუბრობს:

  • დაიწყო ინფორმაციული კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს უხსნიან, როგორი ნეგატიური შედეგები დადგება კანონის მიღების შემთხვევაში;
  • მიმართვები გაიგზავნა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში;
  • მიდის მუშაობა გადაუწყვეტელ დეპუტატებთან, რომ მათ არ დაუჭირონ მხარი ამ კანონს;
  • აგრეთვე გაიგზავნა მიმართვები საელჩოებში, ვიზები არ გაიცეს დეპუტატებზე, ვინც მხარს უჭერს კანონს.

„დემოკრატიის დაისი“ და რუსული კვალი

ინიციირების მომენტიდანვე, კანონებს ხშირად ადარებდნენ რუსულ ანალოგებს. ამანბეკოვი ამ შეფასებას იზიარებს და აღნიშნავს: „95%-ით რუსულიდანაა გადმოწერილი, დარჩენილი 5% კი კიდევ უფრო უარესია. […] მოდის პირდაპირი ბრძანება მოსკოვიდან, რომელსაც საკმარისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა აქვს ყირგიზეთზე. რუსეთის გავლენა 100%-იანია“.

კანონების მიღების შემთხვევაში, „ნეტგაზეთის“ არცერთ რესპონდენტს ყირგიზეთის მომავალი ნათლად არ წარმოუდგენია. სემეტეი ამანბეკოვი მიიჩნევს, რომ კანონები დაასრულებს სიტყვის თავისუფლებას, ხოლო მათი ბუნდოვანი ფორმულირებები ძალაუფლებას გაუზრდის ხელისუფლებას:

„ორგანოები თავად გადაწყვეტენ, სად არის, მაგალითად, პოლიტიკური აქტივობა. გვექნება პროპაგანდა და ხელისუფლების ქება. გაძლიერდება კორუფცია, ჩინოვნიკების თავგასულობა, დაიკარგება სამოქალაქო კონტროლი და ცხოვრების ყველა სფერო გაუარესდება“.

ისკანდერ კაკეევის შეფასებით, კანონების მიღება ყირგიზეთში, „შუა აზიაში დემოკრატიის ბოლო კუნძულში“, „დემოკრატიის დაისს ნიშნავს“. იგი ფიქრობს, რომ ახლა ქვეყნისთვის გარდამტეხი მომენტია და მადლობას უხდის ქართულ ორგანიზაციებს, რომლებმაც ყირგიზი კოლეგების მხარდასაჭერ მიმართვას მოაწერეს ხელი:

„როგორც მითხრეს, 60-ზე მეტმა ორგანიზაციამ საქართველოდან ხელი მოაწერა მიმართვას ყირგიზი კოლეგების მხარდასაჭერად. დიდად მადლობელნი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის და სოლიდარობისთვის, ეს ძალიან გვჭირდება, განსაკუთრებით ახლა. ახლა გარდამტეხი მომენტია. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ყველაზე დიდი შანსია ამ კანონების მიღების“.


გარეკანის ფოტოზე: ყირგიზი ჟურნალისტების პროტესტი 2022 წლის 25 ნოემბერს, ჟურნალისტ ბოლოტ თემიროვის ქვეყნიდან დეპორტაციის შემდეგ. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი