ახალი ამბები

პროტესტი და შეტაკებები ბიშკეკში: ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

6 ოქტომბერი, 2020 • 1332
პროტესტი და შეტაკებები ბიშკეკში: ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. “მედუზის” თანახმად, დაშავებულია ათეულობით ადამიანი, პრეზიდენტი სოორონბაი ჯეენბეკოვი კი მზადყოფნას გამოთქვამს, 6 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდეს.

აქცია ბიშკეკის ცენტრში 5 ოქტომბერს, შუადღისას დაიწყო და მასში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. პროტესტს მხარს უჭერს ქვეყანაში მოქმედი 11 ოპოზიციური პარტია, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. მედიის ცნობით, თავდაპირველად პოლიცია მხოლოდ დაშლისკენ მოუწოდებდა მომიტინგეებს, თუმცა ძალის გამოყენება დაიწყო მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციისკენ გზის გათავისუფლება და შენობაში შეჭრა სცადეს.

სპეცრაზმი სპეციალურ საშუალებებს იყენებდა, რასაც აქციის მონაწილეები ქვების სროლით პასუხობდნენ. სხვა დემონსტრანტებთან ერთად, დაშავდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. შსს-ს ცნობით, დაზარალდა ორი პოლიციელიც. “მედუზის” თანახმად, აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს სანაგვე ურნებს. დაზიანდა ავტომანქანებიც.

ქალაქის მთავარი მოედანი პოლიციამ მთლიანად დაიკავა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ქუჩებზე გადაინაცვლეს. ისინი სკანდირებენ: “პრეზიდენტი ჯეენბეკოვი უნდა წავიდეს!”

საპროტესტო აქცია ბიშკეკში. 05.10.20 ფოტო: EPA

არჩევნები ყირგიზეთში 4 ოქტომბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო ბარიერის გადალახვა. აქედან სამი, “რადიო თავისუფლების” თანახმად, განიხილება, როგორც პროსამთავრობო ან არსებული დღის წესრიგის შენარჩუნების მომხრე. ისინი ასევე მხარს უჭერენ ქვეყნის მეტად დაახლოებას რუსეთთან.

ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩაიარა, რომელთა შორისაც იყო “ხმების ყიდვა”. პროცესის გამჭვირვალობას ეჭვქვეშ აყენებს ეუთოც: ორგანიზაციის თქმით, კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა თავისუფლად შეეძლოთ, თუმცა “სანდო ბრალდებები ხმების ყიდვაზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”.

აქციები, დედაქალაქის გარდა, სხვა ქალაქებშიც იმართება. “რადიო თავისუფლების” ცნობით, სამხედრო და სამართალდამცავი უწყებების ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი პოლიციასა და უსაფრთხოების სხვა სტრუქტურებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ზომები ხალხის წინააღმდეგ.

ამ ფონზე ყირგიზეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მზადაა, 6 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 16-ვე პარტიის წარმომადგენლებს შეხვდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი