ახალი ამბები

მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებაზე ინფორმაციის გასაჯაროება სსკ-ით არ დაისჯება

2 ოქტომბერი, 2020 • 1347
მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებაზე ინფორმაციის გასაჯაროება სსკ-ით არ დაისჯება

საქართველოს პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო, თუმცა კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში არ არის სადავო ნორმა. ეს ნორმა უფლებამოსილი პირების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. კანონში აღნიშნული ჩანაწერი “კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობითაა” შეცვლილი.

აღნიშნული კანონპროექტი ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას დასაბუთებულობისა და გასაჩივრების პრინციპებს. კანონპროექტის იმ რედაქციაში, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენაზე დაუჭირა მხარი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების სტანდარტზე არაფერი იყო ნათქვამი, თუმცა 28 სექტემბერს, დოკუმენტის იურიდიულ საითხთა კომიტეტში განხილვაზე ანრი ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ ამ თემაზე დოკუმენტი ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილი ჰქონდათ და დასკვნის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენამდე ელოდებოდნენ.

გაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას, საბჭოს უჩნდება საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. ამასთან, აღნიშნული შეფასებები და დასაბუთებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა, საბჭოს წევრის ვინაობის მითითების გარეშე, რომელსაც აღნიშნული შეფასება ეკუთვნის.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში უნდა შესულიყო, იმ ინფორმაციის გასაჯაროება, თუ საბჭოს რომელ წევრს ეკუთვნის ეს შეფასება, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა.

ვინაიდან კანდიდატების შეფასების შესახებ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის იქნება ცნობილი, აღნიშნული ნორმაც, სავარაუდოდ, მათზე უნდა გავრცელებულიყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კანონპროექტის უკან საკუთარ სახელს და გვარს ხედავდა და მის, როგორც საბჭოს ყველაზე აქტიური წევრის, გაჩუმებას ისახავდა მიზნად.

ვრცლად ამ თემზე წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია, სადაც გაეცნობით აღნიშნულ თემაზე საბჭოს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრების პოზიციებს:

მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების გასაჯაროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი