ახალი ამბები

მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების გასაჯაროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

29 სექტემბერი, 2020 • 1181
მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების გასაჯაროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შეფასების, დასაბუთებისა და კენჭისყრის შედეგებს შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც მმართველმა გუნდმა რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას, საბჭოს უჩნდება საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.

ამასთან, აღნიშნული შეფასებები და დასაბუთებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა, საბჭოს წევრის ვინაობის მითითების გარეშე, რომელსაც აღნიშნული შეფასება ეკუთვნის. ამასთან, ცვლილებების მიხედვით, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში უნდა შევიდეს, იმ ინფორმაციის გასაჯაროება, თუ საბჭოს რომელ წევრს ეკუთვნის ეს შეფასება, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ვინაიდან კანდიდატების შეფასების შესახებ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის იქნება ცნობილი, აღნიშნული ნორმაც, სავარაუდოდ, მათზე უნდა გავრცელდეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კანონპროექტის უკან საკუთარ სახელს და გვარს ხედავს. ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს იდეა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს თავად შესთავაზა და მოსამართლე წევრებისგან მომდინარეობდა:

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე იყო გამოტანილი ეს პროექტი. დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა, რომ მან ეს იდეა შესთავაზა ანრი ოხანაშვილს. მისი თქმით, იდეა, რომ შემოვიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სტანდარტი, მომდინარეობდა მოსამართლე წევრებისგან. ამ სხდომაზე გვრიტიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ეს იდეა ჩემ გამო გაუჩნდათ.

ვინაიდან მე გამომაქვს საჯაროდ უამრავი ინფორმაცია, საზოგადოებას ვატყობინებ სხვადსხვა საკითხზე, რაც სასამართლოში ხდება და მათ ეს არ მოსწონთ. ამ პროექტს არ აწერია ნაზი ჯანეზაშვილი, მაგრამ მის უკან ეს იკითხება”, – ამბობს ჯანეზაშვილი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში. 

მისი თქმით, კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, საბჭოს წევრს აეკრძალება აღნიშნული ინფორმაციის თუნდაც ერთი ადამიანისთვის გამჟღავნება, რაც ფასადურს ხდის ჩანაწერს კენჭისყრის ღიაობის შესახებ:

“კენჭისყრა ღიაა ვისთვის?! საბჭოს წევრებისა და აპარატისთვის? ღია ნიშნავს, რომ ვიღაცას შეუძლია ამას გაეცნოს, მე თუ მაქვს უფლება გავეცნო, მაგრამ ხმის ამოღების უფლება არ მაქვს, რანაირად არის ღია?! ეს ფიქტიური ჩანაწერია კანონში. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება სახელის და გვარის მინიჭების გარეშე, თუმცა ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის სწორედ ეს არის საინტერესო.

სამართლებრივი ნონსენსია ჩემთვის. საუბარია კონსტიტუციურ ორგანოზე, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები წყდება და მოსამართლის დანიშვნას ეხება. აქ არავის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არ გამოდის გარეთ. საჯარო ინტერესის საგანია, ამა თუ იმ ადამიანის პროფესიულ საკითხებზე ვსაუბრობთ, რა შეფასება მისცეს და ვის დაუჭირეს მხარი.

ეს არის საკითხი, რომელიც რაც შეიძლება ღია უნდა იყოს და შემოდის სტანდარტი, რომ თუ ილაპარაკებ – დაგსჯიან. ეს კლანიც და პარლამენტიც, გამოდის, მხარს უჭერს ამ იდეას. გამოდის, როგორმე მიზეზს ეძებდნენ, რომ კანონში ჩაეწერათ, რომ მე გავეჩუმებინე” ,- ამბობს ჯანეზაშვილი.

აღნიშნული ინიციატივის ავტორობას ადასტურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. მისი თქმით, საკუთარი პოზიცია სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დააფიქსირა, რომელსაც პარლამენტის წარმომადგენლობაც ესწრებოდა. რაც შეეხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღების საჭიროებას, “ნეტგაზეთთან” საუბრისას გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ეს დასაბუთებისა და გასაჩივრების მექანიზმის ეფექტიანობისთვის არის საჭირო.

გვრიტიშვილი აღნიშნავს, რომ საბჭოს წევრების გადაწყვეტილების შესახებ იფნორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მოსამართლეობის კანდიდატისთვის, თუ ის აღნიშნულს გაასაჩივრებს, და უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატისთვის, რომელმაც საჩივარი უნდა განიხილოს, ასევე, საბჭოს დანარჩენი წევრებისთვის, თუმცა გასაჯაროების უფლება არცერთ მათგანს არ ექნება:

საბჭოს წევრები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება ხშირად უწევთ საკუთარი კოლეგების მიმართ, რომელთანაც მრავალწლიანი პირადი და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. საბჭოს წევრი საკუთარ გადაწყვეტილებაში თავისუფალი უნდა იყოს, როგორც კორპორაციული უერთიერთობებიდან გამომდინარე, ასევე, გარეშე პოლიტიკური ძალების მხრიდანაც, იქნებიან ეს რომელიმე პოლიტიკური ძალა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

აქედან გამომდინარე, შენარჩუნებულია ფარული კენჭისყრის რეჟიმი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი და შემდგომ იყოს ეფექტიანი განხილვა. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემოვიდა ეს ე.წ. ნახევრად ღია მოდელი”, – ამბობს გვრიტიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მოსამართლე მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული მოდელით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და მისი გასაჩივრების ეფექტური მექანიზმის შექმნა რეალურია, თუმცა მიიჩნევს, რომ პროცედურის მთლიანად გასაჯაროება არაჯანსაღ პროცესებს წარმოშობს. გვრიტიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა საბჭოს რომელიმე კონკრეტული წევრის აქტვიობებს არ უკავშირდება, თუმცა “ნეტგაზეთთან” საუბრისას მაგალითად მოჰყავს ნაზი ჯანეზაშვილი და მისი საქმიანობა:

“ეს სიკეთე, რაც არის ამ მოდელით შემოთავაზებული, ეს რომ იყო დაცული და, მაგალითად, ჯანეზაშვილის მსგავსად, პოლიტიკურად აჟიტირებულმა პირმა არ გამოიყენოს ეს ინფორმაცია სწორედ იმ არაჯანსაღი პროცესებისთვის, საკუთარი პირადი მიზნებისთვის, რომელსაც საერთო არ აქვს სასამართლოს ავტორიტეტთან, სასამართლოს საქმიანობასთან. ამ ყველაფრისგან დასაცავად და კონფიდენციალური რჟიმის დასაცავად ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტს ეს მოდელი.

ქაღალდზე რომ არ დარჩეს მოთხოვნა, რომ ეს ინფორმაცია იყოს კონფიდენციალური და შემოვიღოთ პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თუკი ვინმე გაბედავს ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, მას დაეკისროს პასუხისმგებლობა. ჯანეზაშვილმა ისე წარმოაჩინა, თითქოს ეს პერსონალურად მას მიემართება, თუმცა ასე არაა.

ის აქტიურობს ყველაზე მეტად. მანამდე ანა დოლიძე აქტიურობდა და მან მიიჩინა საკუთარი ადგილი, არაერთხელ ვამბობდი, რომ ის იყო პოლიტიკოსი და არაფერი ესაქმებოდა სასამართლო სისტემაში, იგივეს ვამბობ ჯანეზაშვილზე. მას არაფერი ესაქმება სასამართლოში. ჩემი აზრი ეს არის. სამწუხაროდ, დღესდღეობით არის საბჭოს წევრი და ამ მოპოვებულ ინფორმაციას იყენებს არადანიშნულებისამებრ. არა იმისთვის, სასამართლოს საქმიანობა გაუმჯობესდეს, არამედ საკუთარი მიზნებისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეთანხმება რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებს და მის წარმომგზავნ არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებს”, – აღნიშნავს დიმიტრი გვრიტიშვილი “ნეტგაზეთთან”.

პარალელურად, პარლამენტი “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე ერთ კანონპროექტს უკვე განიხილავს, რომელიც ორი მოსმენით უკვე დამტკიცებულია. აღნიშნული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას დასაბუთებულობისა და გასაჩივრების პრინციპებს ადგენს და მას გუშინ, 28 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის იმ რედაქციაში, რომელსაც 28 სექტემბერს კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საბჭოს წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების სტანდარტზე არაფერია ნათქვამი, თუმცა ანრი ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ ამ თემაზე დოკუმენტი ვენეციის კომისიისთვის მართლაც გაგზავნილია და დასკვნის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენამდე ელოდებიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განხილვაზე ასევე დაადასტურა, რომ საკითხი გახმიანდა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე, სახალხო დამცველი და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ესწრებოდნენ:

“ეს საკითხი გაჟღერდა არა ჩემი ან ვინმე ჩემი სხვა კოლეგის თანდასწრებით, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის დროს. ეს საკითხი დაისვა და რაიმე განსხვავებული პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სახალხო დამცველი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ესწრებოდნენ. ეს ფარული არ ყოფილა, გაჟღერდა პოზიცია და იყო საუბარი, რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება – არ ყოფილა” ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტში არავის სახელი და გვარი არ იკითხება და თათბირის საიდუმლოების დაცვაზეა საუბარი, რაც ქართულ კანონმდებლობაში სიახლე არაა:

“მე ვერ ვხედავ ვინმეს სახელს და გვარს, ვხედავ კანონს და მოთხოვნას, რომ თუკი არსებობს სისხლის კოდექსში მუხლები, მათ შორის, 367 პრიმა მუხლი, რომელიც შეეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში თათბირის და კენჭისყრის საიდუმლოს დარღვევას, სასამართლო თათბირის საიდუმლოება დაცული და უზრუნველყოფილია.

ამიტომ, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს არის პრინციპი, ოღონდ არა ის პრინციპი, რომ თითქოს ვინმე დასაბუთბას მალავს, დასაბუთბა ვებგვერდზე ქვეყნდება. ყველა კომპონენტი საჯაროა, ერთადერთი, რაც არის ნახევრად დახურული, არის თათბირის საიდუმლოების შენარჩუნება, რაც სიახლე არაა და კანონმდებლობაში დევს”, – ამბობს ოხანაშვილი.

ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ნორმა, რომელიც საბჭოს წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას გულისხმობს, ჯერ პარლამენტში ინიცირებული არ არის და დასკვნას ვენეციის კომისიისგან ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი მსჯელობას დაიწყებს, ჯანეზაშვილს საკუთარი პოზიციის წარმოდგენისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” კანონპროექტის თანაავტორს, გურამ მაჭარაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ სადავო ნორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტში უკვე ინიცირებული პროექტის მესამე მოსმენამდე იქნება ცნობილი. იმ შემთხვევაში კი, თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პრინციპის შემოტანაზე ჩამოყალიბდებიან, აღნიშნული კანონპროექტის ხელახლა, ცალკე ინიცირება უნდა მოხდეს:

“კონსულტაციები გვაქვს ვენეციის კომისიასთან, ისევე, როგორც ჩვენს პარტნიორებთან, და ჩამოვყალიბდებით. თუ პრინციპულად ეს გადაწყდა და მესამე მოსმენით მივიღეთ ამ ფორმით, მერე, რა თქმა უნდა, ცალკე უნდა მოხდეს. შევჯერდებით, მესამე მოსმენისთვის უკვე გვეცოდინება”, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი