ახალი ამბები

არ დაუშვათ თურქეთის ჩარევა – ფაშინიანი

27 სექტემბერი, 2020 • 1421
არ დაუშვათ თურქეთის ჩარევა – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაუშვას თურქეთის ჩარევა ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში. მისი თქმითვე, რეგიონი „ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე“ დგას.

„ჩვენ ვდგავართ სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე, რასაც შეიძლება მოჰყვება ძალიან არაპროგნოზირებადი შედეგები“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკმიმართვისას და დასძინა, რომ კონფლიქტი შეიძლება გასცდეს რეგიონის საზღვრებს.

„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი და არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში“, – განაცხადა მან. მან ასევე მოუწოდა ეუთოს მინსკის ჯგუფს, — რომელიც კონფლიქტის მედიაციაშია ჩართული, — გაამახვილოს ყურადღება ვითარების „სერიოზულობაზე“.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთში და ყარაბაღში საყოველთაო მობილიზებაა გამოცხადებული. აზერბაიჯანი საუბრობს „ოპერაციაზე სრულ ფრონტზე“.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის მშვიდობის უდიდესი მტერი რეგიონში“ და თურქეთი ყველანაირად დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს.

ვრცლად:

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი