ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

27 სექტემბერი, 2020 • 2341
ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთში და ყარაბაღში საყოველთაო მობილიზებაა გამოცხადებული. აზერბაიჯანი საუბრობს „ოპერაციაზე სრულ ფრონტზე“.

ქრონოლოგია

თავდაპირველად სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 08:10 საათზე აზერბაიჯანმა დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტზე, შეტევა დაიწყო.

მათი ცნობით, ამ თავდასხმის მოგერიებისას აზერბაიჯანის სამხედროების ორი ვერტმფრენი და სამი დრონი ჩამოაგდეს და სამი ტანკი გაანადგურეს. „ჩვენი პასუხი პროპორციული იქნება“, – ეწერა განცხადებაში.

ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის დანიშნულმა ომბუდსმენმა ტვიტერზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის მხარემ სულ მცირე, ორი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა — ქალი და ბავშვი — და ათეულობით სხვა ადამიანი დაშავდა.

ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა „საომარი მდგომარეობა და 18 წელს გადაცილებული ყველა კაცის მობილიზაცია“ გამოაცხადა. მან იქვე განაცხადა, რომ ყარაბაღს ომი არ სურს, თუმცა „ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი ოჯახები და სამშობლო დავიცვათ“.

მალევე სომხეთის მთავრობამაც გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. „მოემზადეთ, საიცვათ წმინდა სამშობლო“, – განაცხადა პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ბაქოს პასუხი

ბაქომ, თავის მხრივ, სომხეთი დაადანაშაულა „პროვოკაციაში“: „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს და აზერბაიჯანული პოზიციები და მიმდებარე დასახლებულ პუნქტები დაცხრილეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები“. დაღუპულთა რაოდენობა დაზუსტებული არ არის.

აზერბაიჯანმა გამოაცხადა „კონტრშეტევითი ოპერაცია სრულ ფრონტზე, რათა შეჩერებულ იქნას სომხეთის სამხედრო ძალების საომარი მოქმედება“.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოწინააღმდეგის მხრიდან „მრავალი სოფლის ინტენსიურ დაბომბვას“ ასევე მოჰყვა „სერიოზული ინფრასტრუქტურული ზიანი“.

ბაქოს ამავე განცხადების თანახმად, მათ ერთი ვერტმფრენი დაკარგეს, თუმცა ეკიპაჟი გადარჩა; „განადგურებულია სომხეთის საჰაერო დაცვის სისტემის 12 ობიექტი“. ბაქომ სომხეთის მიერ აღწერილი სხვა დანაკარგები უარყო.

ბოლო სიახლეები

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ნაშუადღევს განაცხადა, რომ მათმა სამხედრო დანაყოფებმა ყარაბაღში 6 სოფელზე მოიპოვეს კონტროლი. ილჰამ ალიევის ასისტენტნა ჰიკმეტ ჰაჯიევმა კი თქვა, რომ არაერთი ტერიტორია „ოკუპაციისგან გაათავისუფლეს“.

ეს ინფორმაცია მეორე მხარემ უარყო: ყარაბაღის უშიშროების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა, სამველ ბაბაიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო „დეზინფორმაციას“ ავრცელებს და მათ „არანაირი დასახლება არ დაუკავებიათ“. იგივე ინფორმაცია გაავრცელა იქაურმა ომბუდსმენმა, შემდეგ კი სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა.

კონტექსტი

სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ათწლეულებია, მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტში არიან ჩართულები. ვითარება სტაბილურად დაძაბულია ხოლმე: ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება/სომხეთის ხელისუფლება და აზერბაიჯანის მთავრობა ხშირად, — ფაქტობრივად, ყოვედღიურ რეჟიმში, — ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში.

თუმცა შიგადაშიგ ვითარება განსაკუთრებით იძაბება ხოლმე. მაგალითად, 2016 წელს მხარეები სრულმასშტაბიან ომში ჩაერთვნენ, — რაც ამჟამად აპრილის 4-დღიანი ომის სახელითაა ცნობილი.

სულ ბოლოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები 2020 წლის ზაფხულში განახლდა — თუმცა არა ყარაბაღში, არამედ ტავუშის/თოვუზის პროვინციაში, ქვეყნების საზღვარზე.

ზაფხულში განახლებულ კონფლიქტს, ორივე მხარეს, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

27 სექტემბრის ესკალაციამდე ორი დღით ადრე, 25 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებმა სომხეთსა და აზერბაიჯანში მყოფი თავიანთი მოქალაქეები გააფრთხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ „გაძლიერებული დაძაბულობისა და ბოლოდროინდელი ძალადობის“ შესახებ;

სომხეთში აშშ-ის საელჩომ ამერიკელ მოქალაქეებს ურჩია, არ ემოგზაურათ კონტაქტის ხაზის მიმართულებით, აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩომ კი აბშერონის ნახევარკუნძულზე დარჩენისკენ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს.

რუსეთი და თურქეთი

სომხეთსა და აზერბაიჯანს თავიანთი პარტნიორები, — ერთი მხრივ, რუსეთი, და მეორე მხრივ, თურქეთი, — უჭერენ მხარს. რუსეთი, ამავე დროს, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. მას სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში. ამასთან, ორივე მხარეს აწვდის იარაღს.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შეტაკებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ მხარეებს. „აუცილებელია, რომ ყველაფერმა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიცავლოს. ბრძოლა უნდა შეწყეს“, – განაცხადა ვლადიმირ ჯაბაროვმა, ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ვიცე-სპიკერმა.

თურქეთმა კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ბაქოს და ერევანს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ შეაჩეროს ძალადობა აზერბაიჯანის მიმართ“.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, „კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის უდიდესი ბარიერი არის სომხეთის ძალადობრივი პოზიცია“. მისი თქმით, თურქეთი „ყველა რესურსით“ დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს.

ამასთან, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩევუსოღლუმ სატელეფონო ზარით განიხილეს განვითარებული მოვლენები.

რას ამბობენ ანალიტიკოსები

ყარაბაღის კონფლიქტში გამოცდილი ანალიტიკოსი, ტომ დე ვაალი წერს, რომ ესკალაცია ბოლო პერიოდში ორივე მხარეს მომატებული აგრესიული საბრძოლო რიტორიკის გაგრძელებაა.

მისი აზრით, ადრეული განცხადებები მიანიშნებს, რომ ბაქოს სურს, მიიღოს ისეთი ვითარება, როგორიც 1990-იან წლებში რეგიონში ტერიტორიების დაკარგვამდე ჰქონდა:

„სავარაუდოდ, [ბაქო] ცდილობს, რომ იპოვოს დრო, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება არ არის [ამ საკითხში] ჩართული, აშშ-ში საარჩევნო პერიოდია, ეუთო ლიდერების გარეშეა დარჩენილი“…

მისი შეფასებით, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან „ორი მხარე ახლა მძიმედ არის შეიარაღებული და შეუძლიათ, შეუტიონ სამოქალაქო დასახლებებსა და სტრატეგიულ აქტივებს“.

„2016 წელს მათ ჰქონდათ „ლიმიტირებული“ მაგრამ ტრაგიკული ომი, რომელმაც 200 ადამიანი იმსხვერპლა. ახლა ორივე მხარეზე არის წნეხი, რომ „მიაღწიონ“ უფრო მეტს, ვიდრე მაშინ“, – წერს იგი.

ტომ დე ვაალის თქმით, „წელს სიახლე ის არის, რომ თურქეთის მხარდაჭერა აზერბაიჯანისადმი გაცილებით უფრო მკაფიოა, ვიდრე ოდესმე, რუსეთი კი, სომხეთთან სამხედრო ალიანსის მიუხედავად, უფრო ორაზროვანია, აზერბაიჯანთან ძლიერი ურთიერთობის გამო“.

მინსკის ჯგუფი

ეუთოს მინსკის ჯგუფმა, — კონფლიქტის გადასაჭრელად შექმნილმა ჯგუფმა, რომლის თანათავმდჯომარეები რუსეთი, საფრანგეთი და აშშ არიან, — შეშფოთება გამოხატა მოვლენების ამგვარად განვითარებისა და ადამიანების, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის, დაღუპვის გამო.

მინსკის ჯგუფმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოლაპარაკებები განაახლონ.

„თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ, მიიღონ ყველა საჭირო ზომა ადგილზე არსებული სიტუაციის სტაბილიზაციისთვის და კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არა აქვს“, – წერია განცხადებაში.

ტომ დე ვაალი წერს, რომ აუცილებელია, საერთაშორისო აქტორებმა გამოხატონ „უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ შეშფოთება“:

„იმოქმედონ ახლავე, რომ შეჩერდეს ესკლაცია და კონფლიქტი აღარ გაფართოვდეს“. ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია, რომ „საფრანგეთმა, აშშ-მა და რუსეთმა დაივიწყონ განსხვავებები სხვა საკითხებზე და „[მკაფიოდ დააფიქსირონ მკაცრი პოზიცია, რომ] ომს თავისი ფასი აქვს“.

საქართველოს პოზიცია

საქართველო, ტრადიციულად, კონფლიქტში შეძლებისდაგვარად ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. საქართველოს არაერთხელ აქვს დეკლარირებული, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს და სტაბილურობაზე აკეთებს აქცენტს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებით აკვირდება მორიგ სამხედრო გამწვავებას და იმედი გამოთქვა, რომ „მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე“.

ამავე დროს, ქვეყნის ხელისუფლებამ მოუწოდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო აქტორებს, „მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის“.

„ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას“, – წერია განცხადებაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმაც გამოაცხადა, რომ შეშფოთებულია შეტაკებების განახლებით: „მოვუწოდებთ [მხარეებს] მშვიდობიანობისკენ. ჩვენს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს“, – დაწერა მან ტვიტერზე.

გარეკანის ფოტოზე: დაშავებულები ყარაბაღის/სომხეთის და აზერბაიჯანის მხარეს. წყარო: ართაკ ბეგლარიანი და ჰიკმეტ ჰაჯიევი/ტვიტერი

მასალების გადაბეჭდვის წესი