ახალი ამბები

სტუდენტი თსუ-ს დისკრიმინაციულ მოპყრობასა და სამართლიანი შეფასების უფლების დარღვევას ედავება

18 სექტემბერი, 2020 • 1982
სტუდენტი თსუ-ს დისკრიმინაციულ მოპყრობასა და სამართლიანი შეფასების უფლების დარღვევას ედავება

იურისტი ანა თავხელიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტს დისკრიმინაციულ მოპყრობასა და სამართლიანი შეფასების უფლების დარღვევას ედავება. ანა თავხელიძის სარჩელის საფუძველზე სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა დღეს, 18 სექტემბერს უნდა გაიმართოს.

როგორც “ნეტგაზეთს” იურისტი უყვება, საქმე ეხება 2018 წლის ივლისში თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე მისი, როგორც სტუდენტის, სამაგისტრო ნაშრომის დაცვას. მისი თქმით, ნაშრომის დაცვისას კომისიის წევრებმა არაჯანსაღი გარემო შეუქმნეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ანა თავხელიძე ამჟამად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR).

“ჩემი თემა იყო ცოტა სპეციფიკური, ისეთი, რაც დოქტრინაში არაპოპულარულ მოსაზრებას ავითარებდა, ეს წინმსწრებად ვიცოდი, ცხადია. აუცილებელი მოგერიების გენდერულ ანალიზს შეეხებოდა ქართულ სისხლის სამართალში და როდესაც ეს თემა უნდა დამეცვა, მქონდა მოლოდინი, რომ ცხარე დისკუსია იქნებოდა. მაგრამ ერთია ცხარე დისკუსიის მოლოდინი და მეორეა, როცა პირად შეურაცხყოფას გაყენებენ”, – ამბობს თავხელიძე.

მისი თქმით, ოფიციალურად ნაშრომის დაცვა, წესით, საჯარო იყო, მაგრამ რეალურად, აბსოლუტურად დახურულ რეჟიმში წარიმართა ისე, რომ კომისიის წევრებისა და მის გარდა სხვა პირები არ იყვნენ.

“დაახლოებით 20 წუთი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ბევრად უფრო ხანგრძლივი გამოვიდა, იმიტომ, რომ ის მოსაზრება, რაც გამოვთქვი სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის და საერთაშორისო სტანდარტია ასეთი, გამოიწვია კომიის რამდენიმე წევრის გაღიზიანება. ისინი ძალიან აგრესიულები იყვნენ, შეურაცხმყოფელ ფრაზებს იყენებდნენ… პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ, რომ მე ამ მოსაზრებას ვამბობდი არა იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი მქონდა, არამედ იმიტომ, რომ საკმარისი განათლება და ცოდნა არ მქონდა სამართალში. როცა ვუთხარი, რომ კონვენცია გვაქვს ხელმოწერილი, რომელშიც ეს საკითხი წერია, ამაზე არგუმენტი იყო, რომ ეს არის ევროპიდან წამოღებული სისულელე და რასაც კონვენციაში წავიკითხავ, ყველაფერი არ უნდა ვთქვა. დაახლოებით ასეთი ფრაზეოლოგიებით და ტერმინებით საუბრობდნენ”, — ამბობს ის.

როგორც ანა თავხელიძე ამბობს, ნაშრომის დაცვის საშუალება არ მიეცა, რადგან ნაშრომის დაცვის დასაწყიში მისი მიერ  სექსუალური ძალადობის განმარტებას კომისიის წევრების მხრიდან “აგრესიული დამოკიდებულება” მოჰყვა. მისი თქმით, გაუპატიურება მაგალითად მოიყვანა და რეალურად,  მისი სამაგისტრო ნაშრომი აუცილებელი მოგერიების გენდერულ ანალიზს შეეხებოდა, თუმცა მის დასაცავად დრო აღარ დარჩა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გაუპატიურება დღეს შემდეგნაირად განისაზღვრება:

„გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.

იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით ამგვარი განსაზღვრება საფუძველშივე არასწორია იმიტომ, რომ უგულებელყოფს დანაშაულის მთავარ ნაწილს, კერძოდ კი, მსხვერპლის თანხმობის არარსებობას. მათი პოზიციაა, რომ გაუპატირებად უნდა მიიჩნეოდეს თანხმობის გარეშე სექსუალური კონტაქტის დამყარება, ამჟამინდელ კანონში  ნახსენები ძალადობა, ძალადობის მუქარა ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენება ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად, გაუპატიურების დეფიცინია კი უშუალოდ დამყარებული იყოს თანხმობის არარსებობაზე. ამგვარი ფორმულირება სტამბულის კონვენციის 36-ე მუხლითაა მოთხოვნილი, შესაბამისად, ამ ორგანიზაციებისა და იურისტების აზრით, ქვეყანა ვალდებულია, კანონმდებლობა კონვენციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

გაიგეთ მეტი ამ თემაზეგაუპატიურების ხარვეზიანი მუხლი და ინიციატივა, რომელმაც ეს შეიძლება შეცვალოს

 

“გასაგები რომ იყოს, ჩვენთან დღეს არსებული (სსკ-ის) რედაქციით, გაუპატიურებად იგულისხმება, რომ ფიზიკური ძალა უნდა იყოს გამოყენებული, დაზარალებულს სხეულზე დაზიანებები უნდა ჰქონდეს და ეს არ არის შესაბამისობაში არც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრაქტიკასთან და არც სტამბულის კონვენციასთან, სადაც წერია, რომ აქცენტი თანხმობაზე უნდა იყოს და ძალადობა საერთოდ არ არის აუცილებელი. მე ამ თანხმობაზე ვაკეთებდი აქცენტს და ისინი მეწინააღმდეგებოდნენ, რომ ჩვენს კოდექსში სწორი ფორმულირება წერია. ამას მოჰყვა აგრესიული დამოკიდებულება, “სრული სამართლებრივი სიბეცე” — ასეთი ტერმინებით მომმართავდნენ, “ეს სისულელეა, საიდან მოიტანე”… იყო მათ შორის სექსისტური ფრაზები. ერთ-ერთმა კომისიის წევრმა მოიყვანა მაგალითად, რომ თუ მანქანაში უჯდები ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ სექსუალურ ურთიერთობაზეც თანახმა ხარ და  მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ რაღაც მოხდება. კომისიის მეორე წევრისგან ასეთი მაგალითი იყო მოყვანილი, რომ თანამედროვე გოგოები, თქვენ არ იცით, როგორები არიან და მაგათ ყველაფრის უფლება რომ მისცეთ, ეგენი ისეთებს გააკეთებენ…”, — აცხადებს იურისტი.

მისი თქმით,  კომიის წევრების “აგრესია”  მის მიერ წინააღმდეგობის გაწევამ გამოიწვია, რადგან კომისიის წევრებს არ დაეთანხმა. როგორც ის ამბობს, კომისიის წევრები “სექსისტურ გამონათქვამებს” იყენებდნენ, რაც მისთვის, როგორც ქალისთვის, კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო.

“ასეთ არაჯანსაღ გარემოში მომიწია ამ დროის გატარება, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, ერთი, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, რომ ხარისხს იცავ და კანდიდატი ხარ, მეორე, როგორც ქალისთვის, რომ გეუბნებიან, შენ რაღაც ასეთი ხარ… სექსისტური გამონათქვამები, როგორც ქალისთვის, ცალკე შეურაცხმყოფელი და გენდერულად არამგრძნობიარე. იყო მოთხოვნა, ჩემი წიგნი რომ წაგეკითხა, ასე არ იფიქრებდიო. ვუთხარი, წავიკითხე თქვენი წიგნი და არ ვეთანხმები და არ გამოვიყენე-მეთქი. ამას უფრო მოჰყვა აგრესიის გაზრდა.  მე ვუთხარი, რომ ჩემი უფლება იყო, რას გამოვიყენებდი. რეალურად, რადგანაც წინააღმდეგობა გავუწიე და არ დავეთანხმე, ამან უფრო მეტი აგრესია გამოიწვია მათი მხრიდან”, — ამბობს ის.

თავხელიძის თქმით, მანამ, სანამ საბოლოო ქულას გაიგებდა, ნაშრომის დაცვიდან გამოსულმა გასაჩივრება მოითხოვა, რადგან იმ გარემოს აპროტესტებდა, სადაც სამაგისტროს დაცვა ხდებოდა.

“ბოლოს გამოვედი და მოლოდინი მქონდა, რომ სხდომის ოქმი ან რაიმე მაინც შედგებოდა, მაგრამ რომ გამოვითხოვე ინფორმაცია, არც აუდიოჩაწერა ხდებოდა, არც არანაირი ოქმი შეუდგენიათ. ასევე, ვითხოვე, რომ გასაჩივრების შესაძლებლობა მოეცათ იმიტომ, რომ არ იყო ეს ჯანსაღი. მაშინვე შევატყობინე იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, გამოსვლისთანავე შევხვდი და ვუთხარი, რომ არაჯანსაღ გარემოში მიმდინარეობდა დაცვა. თავად დამიკავშირდა მერე იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და ვუთხარი, რომ გასაჩივრება მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ქულა არ იყო დაწერილი და მოგვიანებით დაიწერა, გარემოს ვაპროტესტებდი, რომ ასეთ არაჯანსაღ გარემოში ხდებოდა დაცვა და ისეთი მტრული გარემო იყო, რომ რეალურად თემაზე არც მისაუბრია.

ეს, რა თქმა უნდა, აისახა შეფასებაზე. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დაბალი შეფასება მივიღე, მაგრამ ჯანსაღ გარემოში თუ მომეცემოდა სათანადოდ დაცვის საშუალება და ასეთი დისკრიმინაციული გამონათქვამები არ იქნებოდა და ყვირილის და ჩხუბის ფონზე არ მომიწევდა საუბარი, ცხადია, უფრო სხვაგვარი შეფასება იქნებოდა. ერთია, შეფასების ნაწილი და მეორეა, წინასწარი განწყობებით როდესაც არიან კომისიის წევრები, როდესაც ამ თემების მიმართ მიმღებლობა არ აქვთ და მას, როგორც განსხვავებულ აზრს, ასე არ მიიჩნევენ. შეცდომად მიიჩნევენ, იმიტომ, რომ მათ წიგნში რაც წერია, იმისგან განსხვავებულია, წარმოუდგენელია, რომ ამან შეფასებაზე გავლენა ვერ მოახდინოს”, — ამბობს ის.

ანა თავხელიძის თქმით, უნივერსიტეტმა გასაჩივრების საშუალება არ მისცა, რადგან უთხრეს, რომ ” კომისია კომპეტენტური წევრებისგან შედგება და არ საჭიროებდა მათი შეფასება გადახედვას”.

“დეკანს ვუთხარი, რომ ნაშრომის გასაჩივრებას ვითხოვ და სიტყვიერად, როგორც მითხრეს, მართლა არ არსებობს გასაჩივრების მექანიზმი-მეთქი? წერილობით მოგვმართე და ჩამოვყალიბდებით, ასე გაწერილი მექანიზმი არ გვაქვსო. მივმართე უნივერსიტეტს, ვუთხარი, რომ გასაჩივრების პროცედურები გამაცანით, გასაჩივრებას ვაპირებ-მეთქი და მითხრეს, რომ გასაჩივრების მექანიზმი არ გვაქვსო”, — ამბობს ის.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც იურიდიულ ფაკულტეტზე უთხრეს, რომ გასაჩივრების მექანიზმი არ არსებობდა, საჩივრით რექტორს მიმართა.ამის შემდეგ მასთან შეხვედრა დანიშნეს, მოუსმინეს, თუმცა არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგეს.

“გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი ვადა დაარღვიეს. როდესაც გადაწყვეტილების მიღების ვადა გავიდა, სასამართლოს მივმართე 2018 წელს, ორი წლის წინ და სარჩელი რომ შევიტანე, ამის შემდეგ მაცნობეს, რომ თავად შეწყვიტეს წარმოება. ისედაც გადაცილებული ჰქონდათ ყველანაირი ვადა, მაგრამ მომწერეს, რომ თავად შეწყვიტეს”, — ამბობს ის.

როგორც ანა თავხელიძე ამბობს, ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა, თუმცა იმის გამო, რომ სხვებმა ეს სასამართლომდე არ მიიტანეს, გამოხმაურება არ მოჰყოლია.

აღნიშნულ საკიხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” თსუ-ს დაუკავშირდა, თუმცა უნივერსიტეტში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებენ და სასამართლოს დაელოდებიან. მათი განცხადებით, სასამართლოში უნივერსიტეტს თავისი წარმომადგენელი ეყოლება და  თუ საჭირო გახდება, დამატებით განმარტებებს ის გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი