ახალი ამბები

„მოვუწოდებთ კანცელარიაში შეჭრილებს, დატოვონ ოთახი“ – თსუ ხელმოწერებს აგროვებს

29 იანვარი, 2024 • 1071
„მოვუწოდებთ კანცელარიაში შეჭრილებს, დატოვონ  ოთახი“ – თსუ ხელმოწერებს აგროვებს

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტმა სტუდენტების მიერ კანცელარიის დატოვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

აღნიშნული მოთხოვნით პეტიცია 29 იანვარს შეიქმნა. პეტიციით თსუ-ის საუნივერსიტეტო საზოგადოება „კანცელარიაში შეჭრილებს“ მოუწოდებს, რომ კონსტრუქციულები იყვნენ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე დღის წინ სტუდენტების ჯგუფმა დაიკავა უნივერსიტეტის კანცელარია. ისინი ითხოვდნენ, რომ უნივერსიტეტს გამოეხატა პოზიცია თსუ -ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხთან დაკავშირებით.
სტუდენტების ჯგუფმა ისე დაიკავა კანცელარია, რომ უნივერსიტეტის მმართველ ორგანოებთან და პროფესორებთან დიალოგის მცდელობაც არ ჰქონია.

თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ, სენატმა და პროფესორებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხთან დაკავშირებით. მეტიც, თსუ -ის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, თავდებობის შუამავლობით მიმართა შესაბამის უწყებას. გარდა ამისა, შუამდგომლობის შესახებ თსუ-ის რამდენიმე პროფესორმა სასამართლო პროცესზევე განაცხადა.

კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში თსუ კვლავ აგრძელებს ყველა შესაძლო რესურსით საკუთარი ლექტორის თანადგომას. მიუხედავად ამისა, სტუდენტთა ჯგუფის მიერ კვლავ ბლოკირებულია უნივერსიტეტის კანცელარია, რაც ხელს უშლის უნივერსიტეტის მუშაობას, ფერხდება საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების მომზადება, სტუდენტთა მომსახურება და მთლიანად საუნივერსიტეტო ცხოვრება.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კანცელარიაში შეჭრილ როგორც თსუ-ის, ასევე, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, იყვნენ კონსტრუქციულები, დატოვონ კანცელარიის ოთახი, რათა აღდგეს საუნივერსიტეტო საქმიანობა და ხელი შეეწყოს პრობლემის გადაჭრას“, – ვკითხულობთ პეტიციაში.


მეოთხე დღეა, სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული და არც ღამით, არც დასვენების დღეებში ტოვებენ.

მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება – გათავისუფლდნენ 23 იანვარს კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლების წინააღმდეგ აქციისას დაკავებული აქტივისტები, თსუ-ის ისტორიის ლექტორი კაკო ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია. ამისთვის კი უნივერსიტეტებმა ქმედითი ზომები მიიღონ, გაიფიცონ და შეწყვიტონ მუშაობა, სანამ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან.

სტუდენტების შესვლის შემდეგ, პირველ დღეს, კანცელარიას მუშაობა არ შეუწყვეტია. კანცელარიის თანამშრომლები და სტუდენტები ერთ სივრცეში მშვიდად იმყოფებოდნენ. თუმცა სტუდენტები კანცელარიას არც ღამით და არც დასვენების დღეებში არ ტოვებენ და დღეს, 29 იანვარს, კანცელარია უკვე აღარ მუშაობს.

მოძრაობა „ხმის“ წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ლექტორი კაკო ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თსუ-ის სტუდენტები დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. დაკავებულთა მხარდასაჭერად მიმართვა გაავრცელეს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა, ილიაუნის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის წარმომადგენლებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი