ახალი ამბები

სამუშიას თქმით, ჩიქობავასთვის შუამდგომლობას ხელი მოაწერა

29 იანვარი, 2024 • 959
სამუშიას თქმით, ჩიქობავასთვის შუამდგომლობას ხელი მოაწერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას განცხადებით,  ამავე უნივერსიტეტის ლექტორ აკაკი ჩიქობავასთვის შუამდგომლობას ხელი მოაწერა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელმაც აკადემიური საბჭოს დონეზე აკაკი ჩიქობავას შუამდგომლობა გამოუცხადა შესაბამის უწყებებთან… მოვაწერე ხელი და გადავეცი ადვოკატს პირადად ჩემი შუამდგომლობა სასამართლოსთან მიმართებაში. ეს არის ის, რაც უნივერსიტეტმა ამ მიმართულებით გააკეთა“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მოძრაობა „ხმის“ წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ლექტორი კაკო ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მეოთხე დღეა, სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული და არც ღამით, არც დასვენების დღეებში ტოვებენ.

მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება – გათავისუფლდნენ 23 იანვარს კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლების წინააღმდეგ აქციისას დაკავებული აქტივისტები, თსუ-ის ისტორიის ლექტორი კაკო ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია. ამისთვის კი უნივერსიტეტებმა ქმედითი ზომები მიიღონ, გაიფიცონ და შეწყვიტონ მუშაობა, სანამ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან.

თუმცა ჯაბა სამუშიას თქმით, მისთვის გაუგებარი,ა რას ემსახურება კანცელარიის დაკავება“.

„ის მოთხოვნები, რაც არის მევახშეობის მიმართულებით, ასევე, გამოცდების ჩაშლასთან მიმართებით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსურდი… მე თვითონ არ მესმის, საერთოდ რას ემსახურება კანცელარიის დაკავება, ხომ უნდა ჰქონდეს თავის მნიშვნელობა, რადგან პროტესტის წარმართვა ნებისმიერი ფორმით შეიძლება“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი