ახალი ამბებისამართალი

გაუპატიურების ხარვეზიანი მუხლი და ინიციატივა, რომელმაც ეს შეიძლება შეცვალოს

12 მაისი, 2020 • 5693
გაუპატიურების ხარვეზიანი მუხლი და ინიციატივა, რომელმაც ეს შეიძლება შეცვალოს

რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს ინიციატივაზე, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი უნდა შეცვალოს.

საქმე ეხება კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტებას. თუ ეს ინიციატივა კანონპროექტის, შემდეგ კი კანონის სახეს მიიღებს, სისხლის სამართლის კოდექსში, გაუპატიურების მუხლში მსხვერპლის მხრიდან თანხმობის ნაწილი შევა.

თუმცა ინიციატივას ჯერჯერობით არ აქვს კანონპროექტის სახე და მას მხოლოდ განიხილავენ.

როგორია გაუპატიურების მუხლი ახლა და რა იცვლება ინიციატივით?

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გაუპატიურება შემდეგნაირად განისაზღვრება:

„გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.

ცვლილებზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, რომ ამგვარი განსაზღვრება საფუძველშივე არასწორია იმიტომ, რომ უგულებელყოფს დანაშაულის მთავარ ნაწილს, კერძოდ კი, მსხვერპლის თანხმობის არარსებობას.

„ძირითადი ცვლილება არის ის, რომ გაუპატიურების განსაზღვრება, მისი დეფინიცია იცვლება, რის თანახმადაც, გაუპატირებად მიიჩნევა თანხმობის გარეშე სექსუალური კონტაქტის დამყარება“, – ამბობს საერთაშორისო ორგანიზაცია Equality Now-ს ევრაზიის კოორდინატორი თამარ დეკანოსიძე.

ის გვიყვება, რომ ამჟამინდელ კანონში  ნახსენები ძალადობა, ძალადობის მუქარა ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენება ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად, გაუპატიურების დეფიცინია კი უშუალოდ დამყარებული იქნება თანხმობის არარსებობაზე. ამგვარი ფორმულირება სტამბულის კონვენციის 36-ე მუხლითაა მოთხოვნილი, შესაბამისად, საქართველო ვალდებულია, კანონმდებლობა კონვენციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

სტამბულის კონვენციის 36-ე მუხლი - სექსუალური ძალადობა, მათ შორის, გაუპატიურება

1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს წინასწარ განზრახული ქცევის შემდეგი ფორმები:

ა. სხვა ადამიანის სხეულში, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ხასიათის ვაგინალური, ანალური ან ორალური შეღწევის განხორციელება სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან საგნის გამოყენებით;

ბ. ადამიანთან, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ხასიათის სხვა აქტების განხორციელება;

გ. სხვა ადამიანის იძულება, მისი თანხმობის გარეშე, მესამე პირთან განახორციელოს სექსუალური ხასიათის აქტები.

2. თანხმობის მიცემა უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, პიროვნების ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად, გარემომცველი პირობების გათვალისწინებით.

3. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირველი პუნქტის დებულებები ასევე გამოიყენებოდეს იმ აქტების შემთხვევაშიც, რომლებიც ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლეების ან პარტნიორების მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობის საფუძველზე.

დეკანოსიძის თქმით, ის, რომ კანონმდებლობა ხარვეზიანია, სასამართლო პრაქტიკაც მოწმობს. საქმე ის არის, რომ დღევანდელი სასამართლო პრაქტიკით გაუპატიურების გამო დასჯა უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.

„დღევანდელი კანონმდებლობა დაუსჯელად ტოვებს სექსუალური სახის უამრავ დანაშაულს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, უნდა იყოს დასჯადი.

სექსუალურ ძალადობაში დამნაშავეები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ისჯებიან და ეს გამონაკლისები არის ისეთი საქმეები, როდესაც მოძალადემ გამოიყენა ფიზიკური ძალა, მსხვერპლი ფიზიკურად ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც მან მიიღო ფიზიკური დაზიანებები და როდესაც ასევე მსხვერპლის სხეულზე ბიოლოგიური მასალაა აღმოჩენილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ აქ სექსუალური ხასიათის ქმედება მოხდა და არა მხოლოდ – ცემა.

ძალიან ბევრი მტკიცებულებაა საჭირო დღევანდელ პირობებში იმისთვის, რომ დამტკიცდეს გაუპატიურება და ამგვარი მტკიცებულებები მხოლოდ ერთეულ საქმეებში თუ მოიპოვება. ამგვარი მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორიო სამართალში უკვე დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრინციპს, რომლის თანახმადაც – ფიზიკური ძალადობა უნდა იყოს არა დანაშაულის ძირეული შემადგენელი ელემენტი, არამედ მისი დამამძიმებელი გარემოება“, – გვიყვება თამარ დეკანოსიძე.

თამარ დეკანოსიძე

თამარ დეკანოსიძე(მარჯვენა). ფოტო: ილიაუნის სამართლის სკოლა

თუმცა, ამ ინიციატივის კანონპროექტად, შემდეგ კი საკანონმდებლო ცვლილებად გადაქცევის შემთხვევაში, მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსში ასახული ცვლილება საკმარისი არ იქნება. ინიციატივაზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ ცვლილებას თან უნდა მოჰყვეს საგამოძიებო თუ სასამართლო უწყებათა გადამზადებაც.

მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დროს თავად თანხმობის ცნება და საქმეში მისი არსებობა/არარსებობის გამოძიების ნაწილია.  თამარ დეკანოსიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ თანხმობა, სტამბულის კონვენციის თანახმად, უნდა განიმარტოს გარემოებების კონტექსტში – „ანუ გამოკვლეული უნდა იყოს მსხვერპლის ნების დამთრგუნველი გარემოებები“.

შესაბამისად, საუბარია არა სიტყვიერი თანხმობის გამორკვევაზე, არამედ იმ გარემოებების შესწავლაზე, რომლის არსებობის დროსაც პირისთვის სექსუალურ კავშირზე თანხმობის გაცხადება შეუძლებელი იყო.

დეკანოსიძე ამბობს, რომ პირველად ამ მუხლის შეცვლაზე საუბარი სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან 2017 წელს დაიწყო, თუმცა დღეს ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტი მზაობა ჩანს. მისივე თქმით, პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტთან ონლაინ კონსულტაციაც გაიმართა, ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებოდნენ – „დღესდღეობით ამ ეტაპზე ვართ, შემდგომში რა არის დაგეგმილი, ინფორმირებული არ ვართ“.

რატომ არის ეს ცვლილება აუცილებელი? – 2 მაგალითი

მუხლის ცვლილების აუცილებლობაზე ნეტგაზეთი კიდევ ერთ იურისტს, თაკო გეგელიას ესაუბრა. ის გვიყვება, რომ გაუპატიურების განსაზღვრების ძველი მოდელის მოდიფიცირების პროცესს ყველა ქვეყანა გადის, მათ შორის, საქართველო. „შეიძლება ითქვას, რომ შუასაუკუნეების გადმონაშთი გვაქვს დღემდე, სადაც გაუპატიურების დამაფუძნებელი ნიშანი არის მოძალადის მხრიდან ძალადობა, რაც დაზარალებულის წინააღმდეგობის დასათრგუნად გამოიყენება. ქართული კანონმდებლობით მხოლოდ ეს შემთხვევა ექცევა გაუპატიურების შემადგენლობის ქვეშ, თუ არ ჩავთვლით დაზარალებულის უმეწობის გამოყენების ძალიან მცირე შემთხვევებს“.

მისივე განმარტებით, ამჟამინდელი სისხლის სამართლის კოდექსი გაუპატიურების მხოლოდ სამ ხერხს ცნობს – ქმედება, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებული უმწეობის გამოყენებით, თუმცა სამივე მათგანი სასამართლოს მიერ ვიწროდ განიმარტება. შესაბამისად, გაუპატიურების ბევრი შემთხვევა სასამართლოს მიერ ასეთად არ ფასდება.

„უამრავი შემთხვევა არსებობს ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, სადაც, სამწუხაროდ, გამამართლებული განაჩენით დამთავრებულა იმიტომ, რომ დაზარალებულს ძალადობის ნიშნები არ ჰქონდა. სასამართლო არ ღალატობს ამ პრაქტიკას და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი გაუპატიურების მუხლში ცვლილება“, – ამბობს გეგელია და ორ სასამართლო გადაწყვეტილებას იხსენებს, მათ შორის ერთიბძველი სასამართლო პრაქტიკიდანაა, ხოლო მეორე – ახალი.

პირველი შემთხვევა 2004 წელს მოხდა – 15 წლის გოგო სამმა ადამიანმა გაიტაცა, მათგან ერთ-ერთს ჰქონდა მისი ცოლად მოყვანის მიზანი. გოგო ჩასვეს მანქანაში და თავისუფლება აღუკვეთეს, წაიყვანეს სოფლიდან მოშორებით, მიყრუებულ ადგილას, რომელიღაც შენობაში. ამ სამიდან ერთ-ერთი გოგოსთან ერთად შენობაში შევიდა და დაამყარა სქესობრივი კავშირი.

გოგომ სახლში დაბრუნების შემდეგ პოლიციაში დარეკა. ის თავიდანვე აცხადებდა, რომ გააუპატიურეს, რომ მასთან მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა სქესობრივი კავშირი, მაგრამ გამოძიება დაიწყო სრულიად სხვა მუხლით – 140-ე მუხლი, 16 წელს მიუღწეველთან (სქესობრივ კავშირზე თანხმობის ასაკს მიუღწევლ პირთან) ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. ამ დანაშაულს, გაუპატიურებასთან შედარებით, გაცილებით უფრო ნაკლები სანქცია აქვს.

“სასამართლოს, მაშინ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, ჰქონდა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესაძლებლობა, მაგრამ ასე არ მოიქცა, არ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება, რადგან გოგოს სხეულზე არ ჰქონდა ძალადობის ნიშნები, მოსამართლემ კი ჩათვალა, რომ თუ ძალადობის ნიშნები არ იყო, ე.ი. წინააღმდეგობაც არ გაუწევია მოძალდისთვის და, შესაბამისად, თანახმა იყო სქესობრივ აქტზე. ეს არის არგუმენტი გაუპატიურების ტრადიციული მოდელისთვის.

ასეთი კვალიფიკაცია მიუღებელია. თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი, უკაცრიელ ადგილას, მოძალადე ადამიანების გარემოცვაში, სადაც აბსოლუტურად არ აქვს დახმარების იმედი, შეიძლება თავისუფალი იყოს? დაზარალებული ამ დროს შეიძლება ფიქრობდეს, რომ ჯერ ერთი – წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, მერე კიდევ ხედავს მასზე ფიზიკურად ძლიერი ადამიანია და, შესაბამისად, შიში აქვს, არ მოკლან, არ დაასახიჩრონ … ყველა ერთნაირად არ იქცევა საფრთხის წინაშე, კანონი დაზარალებულს წინააღმდეოგბის გაწევის ვალდებულებას არ უნდა აკისრებდეს“, – ამბობს თაკო გეგელია.

მეორე შემთხვევა 2016 წელს მოხდა. დაზარალებული სრულწლოვანი ქალი იყო, რომელსაც ყოფილი პარტნიორი სისტემატურად ავიწროებდა, ურეკავდა, აკითხავდა სამსახურში, სცემდა. ერთ დღეს კაცი სამსახურის შენობასთან დახვდა დაზარალებულს, დაუწყო ცემა და ჩაისვა მანქანაში, წაიყვანა დაუსახლებელ ადგილას, მდინარის პირას, იქაც სცემა, შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ მანქანაში დაამყარა სექსუალური კავშირი.

ამ შემთხვევაშიც დაზარალებული ამბობდა, რომ ნებაყოფლობით არ მომხდარა სქესობრივი კავშირი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გაუპატიურება არ დაადგინა, ისევ და ისევ იმ არგუმენტით, რომ ძალადობის ნიშნები არ ჰქონდა არც მოძალადეს და არც დაზარალებულს.

„სასამართლოს თქმით, ის, რა ნაკაწრებიც ჰქონდა სხეულზე, ჩვეულებრივი სექსის დროსაც შეიძლებოდა რომ ჰქონოდა. მაშინ, როდესაც აქაც კონტექსტია მნიშვნელოვანი. წინარე ქმედებები ძალადობრივი იყო, გამოცდილებით შეშინებული დ დამუნჯებული დაზარალებული ემორჩილება არასასურველ ქმედებას, სიტუაცაზე კონტროლი სრულიად მოძალადის ხელშია და ეს დააზარალებულმა იცის, ასევე იცის, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს.. ასეთ სიტუაციაში რანაირად შეიძლება ადამიანი თანახმა ყოფილიყო სქესობრივ კავშირზე? სასამართლოს ეს უნდა გამოერკვია.

ეს საქმე არის ახალი სასამართლო პრაქტიკიდან და ასეთი საქმეები, სამწუხაროდ, უამრავია. ამ საქმეში პირი დაისაჯა მხოლოდ ადევნებისთვის, მუქარისთვის და ა.შ. მაგრამ სექსუალური თავისუფლება დარჩა დაუცველი. ე.ი რა გამოდის, თუ ორთაბრძოლა არ გაიმართა და ქალმა თავის მოგლეჯვამდე არ დაიცვა თავი, მას კანონი არ იცავს. და თუ ბოლომდე არ იბრძოლე, ე.ი. თანახმა იყავი სქესობრივ აქტზე, ასეთი დამოკიდებულება აქვს სამართალს გაუპატიურების შემადგენლობის მიმართ“, – გვეუბნება თაკო გეგელია.

ნეტგაზეთმა კომენტარი სთხოვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს. მან გვითხრა, რომ მსგავსი პროექტი პარლამენტში ინიცირებული არ არის, შესაბამისად, ის კომენტარს ვერ გააკეთებს.


წაიკითხეთ ასევე:

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი