ახალი ამბები

კინზინგერი: ეს არის რუსეთის მცდელობა, აისხლიტოს ბრალდებები

4 სექტემბერი, 2020 • 1046
კინზინგერი: ეს არის რუსეთის მცდელობა, აისხლიტოს ბრალდებები

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ტვიტერით განცხადება გაავრცელა. აღნიშნულ განცხადებაში კონგრესმენი გამოხატავს შეშფოთებას “დეზინფორმაციის” გამო, რომლის მიხედვითაც, “ზოგიერთები ირწმუნებიან, რომ აჭარას თურქეთიდან საფრთხე ემუქრება”.

“ამის მტკიცება აბსურდია. თურქეთი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვფიქრობ, ეს არის რუსეთის მცდელობა, აისხლიტოს ბრალდებები საქართველოს ტერიტორიის მესამედის ოკუპირებასთან დაკავშირებით და ეფექტიანად შეიტანოს თავისი წვლილი საქართველოში დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებში.

შესაბამისად, მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, იყვნენ გამჭვირვალე უცხო ქვეყნიდან მიღებულ ნებისმიერი სახის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით და თავი შეიკავონ საშიში და დაძაბულობის გამღვივებელი რიტორიკისგან. მთელი მსოფლიო აკვირდება საქართველოს, გადადგას მნიშვნელოვანი დემოკრატიული ნაბიჯები, და ვიმედოვნებ, ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, გამჭვირვალე და მხოლოდ ქართველი ხალხის არჩევანზე დაფუძნებული.”

პოლიტიკურმა პარტიამ „პატრიოტთა ალიანსი“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზათისა და სამაჩაბლოს გვერდით, აჭარაც წითლად არის მონიშნული, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. ბანერს აწერია: „დაიცავი აჭარა“.

სხვა პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ეს ქმედება არის შუღლის გაღვივება და ამის გამო ისინი ამ პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. “ქართული ოცნების” ლიდერთა მოსაზრებით კი, ამ ეტაპზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი