ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

25 აგვისტო, 2020 • 3081
როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიე“ წერს, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები, მათ საქმიანობაზე ანგარიშს კი სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

„დოსიეს“ თანახმადვე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „პატრიოტთა ალიანსმა“ 700,000 აშშ დოლარი გადაუხადა საკონსულტაციო ფირმა Politsecrets-ს, რომლის დამფუძნებელსა და პოლიტტექნოლოგს უშიშროების ოფიცრები კურირებენ. საუბარია 4-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 8.5- მლნ-იან ბიუჯეტზე.

„პატრიოტთა ალიანსში“ უარყოფენ 8 მლნ-ით დაფინანსების მიღებას რუსეთისგან, თუმცა ადასტურებენ ერთ რუსულ საკონსულტაციო ფირმასთან მუშაობას. რას ამბობენ პარტიაში?

რას წერს „დოსიე“

„დოსიე“ სტატიაში ხაზს უსვამს „რუსეთის ხელისუფლების სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისკენ მიდრეკილებას“ და წერს, რომ ქვეყანაში, საგარეო დაზვერვის, ეფესბეს და გრუ-ს გარდა, მეზობელ რესპუბლიკებს ზედამხედველობს „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისი უცხო ქვეყნებთან რეგიონალურ და კულტურულ ურთიერთობებში“. ამ სტრუქტურას ხელმძღვანელობს ვლადიმერ ჩერნოვი.

გამოცემის თანახმად, ვლადიმერ ჩერნოვის უწყების სამდივნოდან მოიპოვეს სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო სახელმძღვანელო და ოპერატიული ინფორმაციები „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო გეგმებსა და ბიუჯეტზე.

„დოსიე“ წერს, რომ შედგენილია მრავალმილიონიანი დოლარის დაფინანსების წინასაარჩევნო ბიუჯეტი, რედაქტირებულია კამპანიის ვიდეორგოლები, ხოლო პატრიოტთა ალიანსის პოპულარიზაციისთვის დაქირავებულნი არიან მოსკოვური კომპანია POLITSECRETS ,კერძოდ კი, პოლიტიკური სტრატეგი სერგეი მიხეევი.

„დოსიეს“ ინფორმაციით, მიხეევს, თავის მხრივ, კურირებენ გენერალ ჩერნოვის ქვეშევრდომები – FSB-ს სარეზერვო პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და GRU-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.

ჩერნოვის ოფისთვის გაგზავნილი დოკუმენტები

„დოსიეს“ თანახმად, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც აღწერს, რომ წლის დასაწყისში სერგეი მიხეევმა „სტარაიას მოედანზე“, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს, გაგზავნა „პატრიოტთა ალიანსის“ პოპულარიზაციის გეგმა.

ამ დოკუმენტში წერია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 700 ათასი აშშ დოლარია. თანხაში შედის პროექტის ყველა სახის ხარჯი, მათ შორის- ფრენების, ტრანსპორტის, და სხვა სახის ხარჯები.

წყარო: დოსიე

როგორც გამოცემა წერს, ეს, სავარაუდოდ, ის თანხაა, რასაც საკონსულტაიო კომპანიას უხდიან. ამასთან, მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურის შემთხვევაში, დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა. დაფინანსების წყარო დაზუსტებული არ არის.

ამას გარდა, ცენტრი „დოსიე“ წერს, რომ შემუშავებულია „პატრიოტთა ალიანსის“ 4-თვიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტის გეგმა, რომელიც 8,430,625 აშშ დოლარზე არის გაწერილი. ბიუჯეტი, სხვა მიზნებს შორის, ითვალისწინებს 166 ათას აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა ნივთის — მაისურების, სუვენირების, დროშების და ა.შ. — დიდი რაოდენობით შესყიდვას.

წყარო: „დოსიე“

კამპანია და მესიჯები

როგორც POLITSECRETS-ის საიტზეც წერია, კომპანიის დამფუძნებელია ვერა ბლაშენკოვა, რომელიც, საიტის თანახმად, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში წარმატებულ პოლიტიკურ კამპანიებს მართავდა.

„დოსიე“ წერს, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, სადაც აღწერილია, როგორ დაწვრილებით უხსნის ვერა ბლაშენკოვა „პატრიოტთა ალიანსს“, თუ როგორ უნდა მიიმხრონ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, როგორ წაართვან ხმები სხვა პოლიტიკურ პარტიებს — „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ — და საპროტესტო განწყობები გააღვივონ.

„დოსიეს“ თანახმად, ეს მესიჯები, რაც მოსკოვში წინასაარჩევნოდ გაწერეს „ალიანსისთვის“, დეტალურადაა ჩამოთვლილი. მაგალითად:

  • „თუ ჩვენ არ შევცვლით პოლიტიკურ სისტემას, საახალწლოდ ვნახავთ უმუშევრობისა და მოსახლეობის გადინების პიკს. ქართველები კვლავ გახდებიან არალეგალური მიგრანტები ევროკავშირში“;
  • „თუ ნაციონალური მოძრაობა/ევროპული საქართველო მოვა ხელისუფლებაში, რუსეთი გაგზავნის ტურისტებს თურქეთში, ხელს შეუწყობს სოხუმის და ცხინვალის ნაბიჯებს, რათა კიდევ უფრო დისტანცირდნენ და გაწევრიანდნენ რუსეთის ფედერაციაში;
  • „ამერიკელებისგან მატერიალური დახმარების მისაღებად მათი მომხრეები თანხმდებიან ბავშვებზე ექსპერიმენტებს „ადრეული სექსუალური აღზრდის“ სახით, ხელს უწყობენ ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას (როგორც გავიგეთ, ამას უკვე აკეთებს პატრიოტთა ალიანსი“;

კიდევ ერთი სექცია შეეხება სხვა პარტიების შესახებ შემდეგი ინფორმაციის გავრცელებას ამომრჩეველზე მანიპულირების მიზნით:

  • „უამბეთ ამომრჩეველს ევროპული საქართველოს, ნაციონალურ მოძრაობის, ქართული ოცნების წარმომადგენლების შესახებ — რას ჭამენ, რას სვამენ, რა აცვიათ, რა მანქანებს მართავენ, სად ისვენებენ, სად სწავლობენ მათი შვილები … სად მკურნალობენ, რა საბანკო ანგარიშები აქვთ, რა ღირს მათი სამკაულები, ანტიკვარული ნივთები, ნახატები… ქვეყნის საერთო სიღარიბის ფონზე მოხდეს დემონსტრირება: მათი ავტომობილის ერთი საბურავის ფასი უდრის ერთი გამყიდველის 6 თვის ხელფასს; ერთი ანტიკვარული სკამის ღირებულება უდრის საშუალო მოქალაქის სახლის ღირებულებას“…

საუბარია ოპოზიციური პარტიების გაყოფის გზაზეც, ამომრჩევლისთვის იმის გამეორებით, რომ ისინი „აგრესიულები არიან, არ შეუძლიათ მოლაპარაკება, სძულთ ერთმანეთი და შეუძლიათ, ნებისმიერ მომენტში უღალატონ ერთმანეთს“ და ა.შ.

ამასთან, Politsecrets-ის წარმომადგენლებს უშუალო მონაწილეობა აქვთ მიღებული იმ ვიდეოკლიპების რედაქტირებაში, რასაც ქართველი ამომრჩეველი ნახულობს.

მხარდამჭერთა სია

როგორც „დოსიე“ წერს, ბლაშენკოვამ „პატრიოტთა ალიანსს“ სთხოვა, მიეწოდებინა სია ადამიანებისა, რომლებიც პარტიის უპირობო მხარდამჭერები არიან, და ინფორმაცია მათ შესახებ: ფოტო, პროფესია, მოღვაწეობის სფერო და ა.შ. გაგზავნილ 15-ადამიანიან სიაში არიან ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი, პოლიციის გენერალი ავთო ენუქიძე, კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი ფრიდონ ინჯია და სხვები…

კურირება და პრეტენზიები

როგორც „დოსიე“ წერს, მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ვერა ბლაშენკოვას თბილისში კომუნიკაცია უშუალოდ აქვს საკონტაქტო პირ ანანოსთან (მისი გვარი არ არის დაზუსტებული) და გამოხატავს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ პარტია სწრაფი ტემპით არ მუშაობს. ამაზე პასუხად კი ანანო ეუბნება, რომ ამ ტონით მასთან საუბარი შეუძლია, თუმცა, პარტიის ლიდერებთნ არა, რადგან ისინი „სხვა ადამიანები“ არიან.

მიმოწერებს ბლაშენკოვა უგზავნის მიხეევს, ის კი, თავის მხრივ, ინფორმაციას უგზავნის კრემლში ამიერკავკასიის კურატორებს: უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვალერი მაქსიმოვს და გრუ-ს ოფიცერ ვალერი ჩერნიშოვს.

„დოსიეს“ თანახმადვე, მაქსიმოვი და ჩერნიშოვი უშუალოდ ექვემდებარებიან „უცხო ქვეყნებთან რეგიონალურ და კულტურულ ურთიერთობებში რუსეთის ფედერაციის სამმართველოს“ ხელმძღვანელს, გენერალ ვლადიმერ ჩერნოვს. ჩერნოვი, თავის მხრივ, არის დაახლოებული ვლადიმერ პუტინის მეგობარ სერგეი ივანოვთან.

სერგეი მიხეევი

დოსიეს თანახმად, სერგეი მიხეევი, რომელიც საკუთარ თავს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მეცნიერსა და რუსეთის სამეზობლოს ექსპერტს უწოდებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაა დაკავშირებული — კერძოდ, მისი ერთადერთი კონტრაქტორი არის რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველო. ამასთან, 2014 წელს, ლიტვის ინიციატივით, მიხეევი ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

სერგეი მიხეევი

როგორც „დოსიე“ წერს, ირმა ინაშვილს მისსავე დაარსებული ტელეკომპანია „ობიექტივზე“ მიჰყავს გადაცემა „ჯადოსნური ყუთი“, რომლის ფარგლებშიც მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, დაწესებულია 700-დან 1000-მდე დოლარის ოდენობის თანხა საჩუქრად. „დოსიეს“ თანახმად, ეს აქტივობაც შეთანხმებულია მიხეევთან და მეტიც, ის ურჩევდა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში აქტივობა შეეწყვიტათ, რადგან შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვად ჩათვლილიყო…

რა არის „დოსიე“?

„დოსიე“ რუსი ბიზნესმენის და ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის პროექტია. ხოდორკოვსკი, „იუკოსის“ ყოფილი მფლობელი, 2003 წელს დააპატიმრეს რამდენიმე, — მათ შორის, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების, დოკუმენტის არაერთხელ გაყალბების, თანხის მითვისების, — ბრალდებით. 2005 წლის მაისში ის რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო თითქმის ყველა წარდგენილ ბრალდებაში. 2020 წელს ჰააგის სასამართლომ რუსეთს $50 მლრდ დააკისრა „იუკოსის“ საქმეზე.

ინაშვილის პასუხი

24 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ რუსულ საკონსულტაციო ფირმასთან თანამშრომლობენ, თუმცა უარყო, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან აქვთ თანხა მიღებული, ან 8 მლნ აშშ დოლარზე რომ არის საუბარი.

„8 მლნ-იანი ბიუჯეტის თემაზე. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. 8 მლნ-იანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. 8 მლნ იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი 8 არის“, – თქვა ინაშვილმა.

რეალურად, სტატიაში საუბარია 8,430,625 აშშ დოლარზე.

ინაშვილმა ინფორმაციის გავრცელებას უწოდა „სააკაშვილის და ბოკერიას ბინძური თავდასხმა“ და თქვა, რომ არ შეიძლება, „დოსიეს“ „გამოტანილი დასკვნები ან ინფორმაცია განიხილებოდეს ფაქტად“. მან ამავე დროს დაადასტურა რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ სახელი არ დაუზუსტებია.

ირმა ინაშვილი და ამერიკელი „მაკკეინის ინსტიტუტის“ დირექტორი, დევიდ კრამერი. 2019 წლის სექტემბერი. ფოტო: პირველი არხი

მან თქვა, რომ ნამდვილად თანამშრომლობენ საკონსულტაციო კომპანიებთან — 4 ამერიკულთან, 2 ისრაელურთან და „მხოლოდ ერთია რუსული კომპანია“.

„ნამდვილად, საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებაა, შემოგთავაზოს სტრატეგია, ტაქტიკა, იდეები. ზოგჯერ წინადადებების და სიტყვების დონეზე“, – თქვა მან. „საკონსულტაციო კომპანია, — ვწუხვარ რომ ამის განმარტება მიწევს, მაგრამ აუცილებელია, — კონსულტაციებს უწევს პარტიებს კლიპებთან, გაზეთთან დაკავშირებით. არაერთი დეტალი და ნიუანსია, რაც განიხილება ამ ტიპის თანამშრომლობაში… ასევე, საკონსულტაციო კომპანიები პარტიებს ბიუჯეტის გაანგარიშებასაც სთავაზობენ. ეს არის პესიმისტური, შუალედური და ოპტიმისტური ბიუჯეტის ვარიანტები“, – თქვა მან.

ინაშვილმა თქვა, რომ „8 მლნ-იანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა“. მან ინფორმაციის გავრცელება სააკაშვილსა და ბოკერიას დაუკავშირა და თქვა: „8 მლნ, ალბათ, იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი 8 არის. 41 რომ ყოფილიყო, ალბათ 41 მლნ-იან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ“.

„მთავარი სიცრუე ერთია: ეს ბიუჯეტი თურმე მიგვაქვს პუტინთან. მაქვს კითხვა ყველასთან: 4-მა ამერიკულმა კომპანიამ ანალოგიურად შეგვიდგინა პესიმისტური. რატომ არ ამბობენ, რომ ბიუჯეტი მიგვაქვს ტრამპთან“?!

მასალების გადაბეჭდვის წესი