ახალი ამბები

ახლა პუტინი ახსენე, ერთხელ მაინც… თქვენი ნამდვილი მტერი – კინზინგერი კობახიძეს

24 დეკემბერი, 2022 • 1111
ახლა პუტინი ახსენე, ერთხელ მაინც… თქვენი ნამდვილი მტერი – კინზინგერი კობახიძეს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი გამოეხმაურა.

კერძოდ, კინზინგერი ტვიტერზე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, სადაც ის ამბობდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს განსაკუთრებული ღირებულება ვერ ექნება, რადგან მისი მთავრობა ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის “საქართველოში გამოგზავნაში”. მაია სანდუს შესახებ კი თქვა, რომ მან საკუთარ დაკავებულ პრეზიდენტს უნდა მიხედოს, ვინც კვლავ პატიმრობაშია.

კინზინგერმა კობახიძეს მიმართა, რომ საქართველოს რეალური მტერი პუტინია და ერთხელ მაინც ისაუბროს მასზე:

“ახლა პუტინი ახსენე, ერთხელ მაინც, ირაკლი… იცი ხომ ის კაცი, შენს ქვეყანაში რომ შემოიჭრა, ხალხი დახოცა, და კიდევ ოკუპირებული აქვს [საქართველო]? თქვენი ნამდვილი მტერი… ხომ?”, – დაწერა კინზინგერმა ტვიტერზე.


4 დეკემბერს მაია სანდუმ ტვიტერზე დაწერა, რომ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესებით და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

მოგვიანებით, 21 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მიმართა და მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ, მაია სანდუმ კვლავ გაიმეორა თავისი მოწოდება.

22 დეკემბერს, პარლამენტში ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ზელენსკის … ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში“:

„აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი. იმიტომ, რომ მისი ხელისუფლება იყო პირდაპირ ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. ხოლო სანდუმ უნდა მიხედოს თავის მეექვსე პრეზიდენტს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი