რა ხდება ბელორუსში, როგორ გაყალბდა არჩევნები და რას შეცვლის ათობით ათასი ადამიანის პროტესტი? – “ნეტგაზეთი” ბელორუსის კამპანიის “უფლებადამცველები თავისუფალი არჩებნებისთვის” კოორდინატორ ვლადიმერ ლაბკოვიჩს ესაუბრა:
შეგიძლიათ აღწეროთ, რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რა ნახეთ პირადად თქვენ და რა ნახეს თქვენმა კოლეგებმა?
ჩვენმა ორგანიზაციამ საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან პირველივე დღეს წარმადგინა შუალედური ანგარიში. უხეში დარღვევები, რომლებსაც ამ არჩევნებზე ჰქონდა ადგილი, ვერ შეედრება წინა არჩევნებს — მოგეხსენებათ, არჩევნებს ბელორუსში აქამდეც აყალბებდნენ.
ყველაფერი დაიწყო თავიდან — არჩევნების სხვა კანდიდატების დევნით. ადგილი ჰქონდა დაუფარავ ტერორსა და პროვოკაციებს.
არჩევნებში მონაწილეობაზე უკანონოდ უთხრეს უარი სერგეი ტიხანოვსკის, შემდეგ იყო შეთითხნილი საქმე მის და სხვა დამოუკიდებელი ბლოგერების წინააღმდეგ. აქამდე ბელორუსში ამდენი პოლიტპატიმარი არასდროს ყოფილა. ახლა მათი დათვლაც ძალიან რთულია.
წინასაარჩევნო კამპანიაში არანაირი კონკურენცია არ ყოფილა. ადგილი ჰქონდა ზეწოლას საარჩევნო შტაბებზე. არ დაარეგისტრირეს ყველაზე ძლიერი კანდიდატები — ყოფილი ბანკირი ვიქტორი ბაბარიკო სულაც დააპატიმრეს.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს — დამკვირვებლები თითქმის არ დაუშვეს. ჩვენი დამკვირვებლები დავარეგისტრირეთ 798 უბანში, მაგრამ მხოლოდ ერთში მოგვცეს დაკვირვების უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ მაქსიმალურად გაბერეს არჩევნებზე მისულთა რაოდენობა, განსაკუთრებით — დროზე ადრე ხმის მიცემის დროს, რომელიც აგრეთვე გააყალბეს.
ყურადღებას იმსახურებს ისიც, რომ საარჩევნო უბნების კომისიის წევრები ძალზედ აგრესიული იყვნენ დამკვირვებლების მიმართ. იძახებდნენ სპეცსამსახურებს და სპეცრაზმს, ბევრი დამკვირვებელი დააპატიმრეს.
ასევე, გავხდით ანომალიური მოვლენის მომსწრენი: მახსოვს, ერთი უბნის მეორე სართულზე დათვალეს, რომ ლუკაშენკოს 80 პროცენტმა მისცა ხმა. იმავე უბნის პირველ სართულზე მას 15-პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა, ტიხანოვსკაიას კი — 80%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები ახლოსაც კი არ ასახავს ბელორუსელი ხალხის რეალურ ნებას.
დაიწყო აქციები, მთავრობა ძალიან მკაცრი იყო, აცხადებდა, რომ ე.წ. „აგრესიული ახალგაზრდების“ წინააღმდეგ იბრძოდა. პროტესტის პირველი დღეების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა — მას უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს მოვლენა?
უპირველეს ყოვლისა — საპროტესტო გაოსვლები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებს. ბელორუსის ისტორიაში არჩევნების ფალსიფიცირების გამო ასეთი პროტესტი არასდროს ყოფილა.
ამავე დროს, სპეცსამსახურები უაღრესად სასტიკად ეპყრობიან მომიტინგეებს — ამის შედარება შეიძლება ტერორთან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. იყენებენ არაპროპორციულ ძალას, ყველანაირ სპეცსაშუალებას. გვყავს მინიმუმ ორი გარდაცვლილი. ბევრი ადამიანი საავადმყოფოშია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
დაპატიმრებულებისდამი აბსოლოტურად გამაოგნებელი მოპყრობაა წამება. საბჭოთა დროს ასე [აუგუსტო] პინოჩეტის რეჟიმს აღწერდნენ. ხალხს სცემენ, აშიმშილებენ. სიმართლე რომ გითხრათ, ძალადობის მსხვერპლთა ისტორიების მოსმენა ძალიან რთულია.
ზუსტად ამან გამოიწვია ხალხის უფრო დიდი უკმაყოფილება. პროტესტს შემოურთდნენ ქარხნების მუშები. ხელისუფლებამ გაიფიქრა, რომ ამის გამო შეიძლება უფრო სასტიკი შეტაკებები მომხდარიყო. ამიტომ ხელისუფლება თითქოს რაღაც დათმობებზე წავიდა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს დროებითია — გვესმის ლუკაშენკოსგან მუქარები, რომ რუსეთს დაუძახებს.
არაა გამორიცხული ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებაც. ამჟამად ლუკაშენკო თითქმის ვერ აკონტროლებს სახელმწიფოს, მაგრამ სრული კონტროლი აქვს სამხედრო ძალებსა და სპეცსამსახურებზე.
ასევე მსურს გკითხოთ რუსეთის შესაძლო ჩარევაზე პროცესებში?
გამომდინარე რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკიდან და ერთგული დიქტატორების მხარდაჭერის სიყვარულიდან, ჩარევას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს უდიდესი და საშინელი შეცდომა იქნება, რომელიც უკვე დაუშვა საქართველოსა და უკრაინაში.
ახლანდელი პროტესტი ანტირუსული საერთოდ არაა. ეს შიდა საკითხია. თუ კრემლი მაინც დაუჭერს მხარს გაბანკროტებულ დიქტატორს, იმიჯი იქაც კი შეერყევა, სადაც რუსეთის მიმართ ხალხი ნეიტრალურად ან დადებითადაა განწყობილი.
როგორია მომავლის პერსპექტივები? გადადგება ლუკაშენკო, სხვა რამე მოხდება თუ ამ ეტაპზე სიტუაცია არაპროგნოზირებადია?
სიტუაცია ყოველდღე იცვლება. ვფიქრობ, რომ შეიძლება შეეცადონ, პროტესტი რუტინად, უინტერესო რაღაცად აქციონ და მაქსიმალურად არ მიაქციონ ყურადღება. აქ ბელორუსელ ხალხზე და ხანგრძლივი პროტესტების შესაძლებლობაზეა ჯერი.
თუმცა სხვა სცენარის განვითარებაცაა შესაძლებელი. მასშტაბური აქციები შეიძლება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს და ლუკაშენკოს აპარატში საღად მოაზროვნე ადამიანებმა საზოგადოებასთან რეალური დიალოგი დაიწყონ, შეიძლება სამხედრო მდგომარეობაც გამოაცხადონ და მინსკში სამხედრო ტექნიკა შემოვიდეს. აქ უკვე ჯარის როლი იქნება დიდი. თუმცა, რა იქნება მომავალში, აბსოლოტურად არაპროგნოზირებადია.
“წადი!” – მუშების შეძახილები ლუკაშენკოს, პროტესტი ქარხნებსა და სახელმწიფო ტელევიზიაში
პუტინი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარება გაუწიოს ბელარუსს: კრემლი